საქართველო – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ხდება
სულიწმიდის მოფენის შემდეგ მოციქულებმა და ღვთისმშობელმა მარიამმა წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო სახარების საქადაგებლად.
საქართველო წილად ხვდა თვითონ ღმრთისმშობელს. იგი მოემზადა ჩვენს ქვეყანაში წამოსასვლელად, მაგრამ ღამით მაცხოვარი გამოეცხადა და ურჩია: „შენ თვითონ იერუსალიმში დარჩი, რადგან მოხუცი ხარ, და შენს მაგივრად საქართველოში საქადაგებლად გაგზავნე ანდრია მოციქული, პირველწოდებულიო“. ასეც მოიქცა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი.
მოციქული ანდრია პირველწოდებული მოვიდა შავი ზღვის პირად, უქადაგა სახარება გურულებს, იმერლებს, მეგრელებსა და აფხაზებს და მოაქცია ისინი ქრისტეს სჯულზედ. მაგრამ იმდენი აღარ დასცალდა, რომ ქართლ-კახეთშიაც გადმოსულიყო და იქაც გაევრცელებინა ქრისტიანობა.
ქართლ-კახეთის მოქცევა ქრისტიანობაზე შემდეგში მოხდა წმინდა ნინოს მიერ, რომელსაც ამის გამო დაერქვა ქართველთა განმანათლებელი.