![]()
იესო ქრისტეს ნათლისღება
უდაბნოში იოანე ნათლისმცემელს გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა: „ჩადი მდინარე იორდანის ნაპირას, უქადაგე ერს ცოდვათა მონანიება, ნათელ-ეცი მას წყლითა და მოამზადე იგი მაცხოვრის მიღებისათვისო“.
იოანე მაშინვე გამოცხადდა იორდანის ნაპირას და იწყო ქადაგება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“.
დაიძრა დიდძალი ხალხი იერუსალიმიდან, სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან, მოდიოდნენ იოანესთან, აღიარებდნენ ცოდვებს და ინათლებოდნენ მის მიერ იორდანეში.
ამ დროს ქრისტე ოცდაათი წლისა შესრულდა და ისიც მოვიდა იოანესთან ნათლისღებისათვის. იოანეს არსად ენახა ქრისტე, მაგრამ იცნო კი და უარზე დადგა: „მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ მოსანათლავად ჩემთანო?“
ქრისტემ უპასუხა: „დამიჯერე, რამეთუ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველივე ის, რაც სიმართლეა, და რაც კი წესადაა დადგენილიო“.
მაშინ იოანე დაჰყვა მის ნებას, ჩააყენა იესო იორდანეში და მონათლა.
რაწამს იესო წყლიდან ამოვიდა, მაშინვე ზეციდან სულიწმიდა გადმოვიდა მასზედ მტრედის სახით და ზეციდანვე მოისმა ხმა მამა ღმერთისა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი“.
ნათლისღების შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, ორმოცი დღე ემზადებოდა მარხვითა და ლოცვით და ბოლოს გამოვიდა საქვეყნოდ სახარების საქადაგებლად. მაცხოვარმა მალე შეიძინა თორმეტი მოწაფე, რომელთაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა დედამიწაზე მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ.
/მათ. 3, 1-17/