უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II ქადაგებებიდან

* * *

ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კი რწმენითა და სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან; ეკლესიაა ათასობით მოწამე და წმიდანი, დიდი მღვაწენი. ესენი ყველანი ჩვენთან ერთად ქმნიან ერთიან ეკლესიას, რომლის თავიც ბრძანდება მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. ამ ეკლესიის დიადი მისიაა თითოეული პიროვნების განახლება და სულიერი ფერისცვალება.

* * *

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მუდამ იყო სხვადასხვა პოლიტიკურ და რელიგიურ ძალთა შეტაკების ასპარეზი, მაგრამ მიუხედავად მრავალი დიდი განსაცდელისა, ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია მუდამ ერთგული იყო მართლმადიდებლობისა. მან თავისი სარწმუნოება საუკუნეების ქარცეცხლში გამოატარა და წმიდად მოიტანა დღევანდელ დღემდე.

* * *

რა იქნებოდა საქართველო წმიდა ნინოს, ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე; ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე.

გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები.

* * *

საკმარისი არ არის ვთქვათ, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენი სარწმუნოება უნდა ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

* * *

როგორც დოვლათის მოპოვებას ესაჭიროება ფიზიკური შრომა, ისევე სულიერ ცხოვრებაში სულიერი ღვაწლია აუცილებელი.

* * *

როგორც ღრუბლიან დღეს ადამიანი ვერ ხედავს მზეს და ამბობს, არანაირი მზე არ არსებობსო, ასეა ისიც, ვისი გული და სული დაფარულია ცოდვით. ასეთი ადამიანი ვერც ღმერთს ხედავს და ვერც მის სასწაულს.

* * *

არიან ადამიანები, ვის გულშიც მთელი სამყარო ეტევა: ცოდვილებიცა და მართლებიც. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა გულშიც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან. გავხსნათ ჩვენი გულები, დავიტიოთ ერთმანეთის სიყვარული. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც მეტად შევიყვარებთ, მით მეტად შეგვიყვარებს უფალი.

* * *

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილ ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ გრძნობებით, თავისუფალნი იქნებიან უკიდურესობისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლიათ წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად იმ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.