
წმინდა თეკლე დაიბადა ქალაქ იკონიაში, მდიდარ და სახელგანთქმულ ოჯახში, გამოირჩეოდა განსაცვიფრებელი სილამაზით. 18 წლის ასაკში ქალაქის ერთ-ერთ შეძლებულ და გავლენიან ახალგაზრდაზე დანიშნეს. მაგრამ იმ დღეებში წმინდა ქალწულმა შემთხვევით მოისმინა წმინდა პავლე მოციქულის ქადაგება და დიდი სურვილი გაუჩნდა, თავისი ცხოვრება ქრისტიანული სარწმუნოების მქადაგებლობისათვის შეეწირა. მის გადაწყვეტილებას წინ აღუდგა დედა, ქალაქის მმართველთან უჩივლა წმინდა პავლეს თეკლეს საქმრომაც, რის გამოც მოციქული საპყრობილეში ჩასვეს. ეს რომ შეიტყო, წმინდა თეკლე სახლიდან გაიპარა, მივიდა საპყრობილეში, სამკაულები მცველს მისცა და ამ გზით შეაღწია თავის მოძღვართან. სამი დღის განმავლობაში იგი წმინდა პავლეს ფეხებთან იჯდა და ისმენდა ქადაგებას. მაგრამ ქალწულს მიაგნეს და ძალით დააბრუნეს შინ, პავლე მოციქულს კი ქალაქიდან გაძევება გადაუწყვიტეს. წმინდა ქალწული კვლავ დადგა განსაცდელის წინაშე, მაგრამ ვერც დედის ვედრებამ, ვერც რისხვამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. მაშინ დედამ თავად მიჰგვარა ის ქალაქის მმართველს, რომელმაც ცეცხლში დაწვის განაჩენი გამოუტანა წმინდანს. ცეცხლში შესვლის წინ თეკლემ პირჯვარი გამოისახა და უფალი ადიდა. მოხდა სასწაული, ალმა ოდნავადაც ვერ ავნო ქალწულს. მაშინ თეკლე მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ არც ცხოველებმა დააკარეს პირი. ამის მოწმე მმართველი ძლიერ შეშინდა და გაათავისუფლა წმინდა მოწამე. თეკლემ ერთ-ერთი ქრისტიანის დახმარებით მიაკვლია თავისი საყვარელი მოძღვრის ადგილსამყოფელს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც მახლობელ უდაბნოში დასახლდა. აქ მან მრავალი წელი გაატარა. წმინდა თეკლე უამრავ ადამიანს კურნავდა ლოცვით. ასევე, მან არაერთი წარმართი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
წმინდა თეკლე უკვე 90 წელს იყო მიტანებული, წარმართმა ქურუმებმა მისი შეურაცხყოფა რომ განიზრახეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ წმინდანს ქალწულთა მფარველი ქალღმერთი არტემიდა მფარველობდა. ეს რომ შეიტყო, თეკლემ უფალს მიმართა დასახმარებლად. ამ დროს მთა გაიხსნა და დაფარა წმინდა თეკლე. ასე შეავედრა წმინდანმა სული უფალს.
რომელი დაემოწაფე სიტყვასა პავლესსა უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთივ-წოდებულო, პირველ მოწამე იქმენ, და პირველ მოღვაწე შორის დედათა აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს, სასწაულითა ჯუარისათა. ქრისტესა ევედრე ყოვლად ქებულო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი, და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის წყრომა ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველ მოწამემან.