წმინდა სოფიო (II ს.)

ხსენება 17 (30) სექტემბერი

წმინდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა. ქრისტიანი დედა თავის სამ ასულს: პისტს, ელპიდსა და აღაპს* ქრისტიანული რწმენით ზრდიდა.

წმინდა სოფია და მისი ქალიშვილები არ მალავდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, რის გამოც ისინი იმპერატორ ადრიანესთან დაასმინეს. იმპერატორის ბრძანებით წმინდანები რომში ჩაიყვანეს. თავიდან მეფე ცდილობდა, ლიქნით გადაებირებინა ქალწულნი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ საშინლად აწამა ისინი. პისტი ამ დროს 12 წლისა იყო, ელპიდი - 10, ხოლო აღაპი 9.

წმინდა სოფიოს უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანა იმპერატორმა. მას აიძულებდნენ, ეყურებინა, როგორ აწამებდნენ მის შვილებს. საბოლოოდ, ქალწულებს თავები მოჰკვეთეს და დედას უბრძანეს, თავად დაემარხა მათი სხეულები. წმინდა სოფიომ შეაგროვა შვილების ნაწამები სხეულები და ქალაქის გარეთ დაკრძალა. ის სამი დღის განმავლობაში არ მოშორებია მათ საფლავს. მესამე დღეს კი თავადაც აღესრულა. მორწმუნეებმა წმინდა სოფიო ქალიშვილების გვერდით დაასაფლავეს. წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილები 777 წლიდან ელზასში, ეშოს ეკლესიაში განისვენებს.

 

წმიდა მოწამეთა პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედა სოფიოს
ტროპარი

მოწამეთა შენთა უფალო პისტი, ელპიდი, აღაპი და სოფიო ღუაწლსა შინა მათსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი

სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

 

*პისტი ქართულად ნიშნავს რწმენას, ელპიდი - სასოებას, აღაპი კი -სიყვარულს.