წმინდა მოწამე შალვა ახალციხელი (XIIს.)

ხსენება 17 (30) ივნისი

შალვა ახალციხელი მეთორმეტე საუკუნეში ცხოვრობდა. იგი თამარ მეფის მხედრობაში გამორჩეული რაინდი იყო. სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარმა მას ახალციხის მთავრობა უბოძა. შამქორში გამარჯვების შემდეგ შალვამ ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა სხვა უმარავ ნადავლთან ერთად.

უანგარო მსახურებისათვის თამარმა ერთგულ ქვეშევდრომს მანდატურთუხუცესობა უბოძა. სწორედ მანდატურთუხუცესი შალვა ხელმძღვანელობდა ქართველთა ლაშქარს ბასიანის ბრძოლაში თავის ძმასთან - ივანე ახალციხელთან ერთად.

თამარისა და მისი ვაჟის - ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას რუსუდანი განაგებდა. ამ დროს საქართველოში მონღოლთა უზარმაზარი ურდო შემოიჭრა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მეთაურად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაუდგინა.

სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსლიმანის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს - შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალათ. ივანე ათაბაგი კი ძირითად ჯართან დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ მტრის სიმრავლე სძლევდა ქართველებს. ამაოდ უხმობდნენ ივანე ათაბაგს, ამაოდ ელოდნენ, რომ იგი მთავარ ჯარს მიაშველებდა. ივანე ათაბაგმა მიშველება არ ისურვა. როგორც მემატიანე წერს, ეს შიშის გამო კი  არ ჩაიდინა, არამედ შურისა, რომელიც არის დასაბამი ყოველი ბოროტებისა.

დამარცხდნენ ქართველები, ამ უთანასწორო ბრძოლაში 4000 ქართველი დაიღუპა, მათ შორის ივანე ახალციხელიც, ხოლო შალვა ტყვედ ჩავარდა. იგი ჯალალ-ედ-დინს მიჰგვარეს.

გაიხარა მტარვალმა სახელგანთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქიც კი უბოძა სამმართველოდ და მეტ პატივსაც დაჰპირდა, თუ რჯულს გამოიცვლიდა. მაგრამ შალვა ახალციხელმა ქრისტიანობის უარყოფაზე მტკიცე უარი განაცხადა: ჭეშმარიტ ღმერთს მე ვერ უარვყოფ. არ მჭირდება შენი დროებითი სიმდიდრე. მე ქრისტეს მხედარი ვარ.

დიდხანს ცდილობდა ჯალალ-ედ-დინი უსჯულოებისაკენ მიედრიკა მხნე რაინდი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ბრძანა, წამებით მოეკლათ. შალვა ნაწილ-ნაწილ აკუწეს, შემდეგ ასე დაჩეხილი საპყრობილეში ჩააგდეს. სანამ გონს იყო, მოწამე გამუდმებით ლოცულობდა, შემდეგ კი გონება დაკარგა. იგი საპყრობილეში გარდაიცვალა.

 

წმიდა შალვა ახალციხელის
ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო შალვა ახალციხელმან ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო შალვა ახალციხელო, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.