
წმიდა ნიკოლოზი წარმოშობით ლუკიიდან იყო. მისი მშობლები დიდი ხნის განმავლობაში ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი ებოძებინა. მათ აღთმა დადეს, რომ თუ ძე შეეძინებოდათ, ბავშვს უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. მართლაც, უფალმა შეისმინა მორწმუნე მშობლების თხოვნა და მათ ვაჟი შეეძინათ. ჩვილს სახელად ნიკოლოზი დაარქვეს, რაც მძლეველს ნიშნავს.
დედამისი დიდი ხნის მანძილზე ავადმყოფობით იტანჯებოდა, მაგრამ ბავშვის დაბადებისთანავე განიკურნა. ნათლობის დროს ახალშობილი, ღვთის შეწევნით, სამი საათის განმავლობაში წმიდა ემბაზში ფეხზე იდგა. წმიდანმა მარცვა ყრმობიდანვე დაიწყო; ჯერ კიდევ ჩვილი ნიკოლოზი ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს მხოლოდ საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ იღებდა. ბავშვობიდანვე გულმოდგინედ სწავლობდა საღმრთო წერილს, მთელ დღეებს ტაძარში ატარებდა. ასეთი გულმოდგინებით მოიპოვა მან უფლის რწმენა და სიყვარული და ქალაქ პათარის ეპისკოპოსიც გახდა. მთელი ცხოვრება ემსახურა მართლმადიდებელ ეკლესიას.
იგი სიცოცხლეში ბევრ სასწაულს ახდენდა: კურნავდა სნეულებს, ანუგეშებდა მწუხარე ავადმყოფებს, აპურებდა ქვრივ-ობლებს, ადამიანთა შორის ბოროტებასა და შუღლს ამარცხებდა, ყველა კეთილ თხოვნას აღასრულებდა. წმიდა ნიკოლოზი დღესაც შეგვეწევა, თუ მთელი გულით ვთხოვთ დახმარებას. წმიდა ნიკოლოზის დღესასწაული ყოველი წლის 19 დეკემბერსა და 21 მაისს აღინიშნება.
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
ჰოი, ყოვლადსანატრელო, წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო საქართველოს წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩუენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდისა განბრძნობილო, ანგელოზთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანამოღვაწეო, მღვდელმთავართა შეუნიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო;
ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო; დამკჳდრებულითა შენთანა საღმრთოჲთა მადლითა განანათლე და დაიფარე ღვთივადაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი, სამონაზნო დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ევედრე წმიდაო ნიკოლოზ, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ჴორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა;
ჰოი, ყოვლადნეტარო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღმრთივშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლადბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ გვეყავნ წინაშე მისსა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოზთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.