დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ (Xს.)

ხსენება 17 (30) ნოემბერი

არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს სომხეთი, საიდანაც საქართველოს შემოესივნენ.

თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი აქედან კახეთს გადავიდა და მრავალდღიანი ალყის შემდეგ მოაოხრა უჯარმა. ბოჭორმელებმა თვითონ დატოვეს ციხე და გაიქცნენ.

კახეთის ერისთავმა კვირიკე ქორეპისკოპოსმა დაზავება შესთავაზა აბულ-კასიმს. სარდალმა მიიღო სარფიანი გარიგება და კვლავ ქართლს შეესია. უფლისციხე თავად ქართვლეებმა დაარღვიეს, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აიღეს და, უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა.

იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვნენ. გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა. მებრძოლთა შორის გამოირჩეოდა ნეტარი გობრონი.

ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.

მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორი გობრონიც. ქართველი მეომრის ვაჟკაცობით გაოცებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა გობრონს პატივით მოპყრობოდნენ.

ადარნასე მეფე დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და განემზადა ქრისტესთვის სიკვდილისათვის.

აბულ-კასიმმა გადაწყვიტა უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია. ქრისტეს სჯულის სანაცვლოდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა.

წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო, რომ არ აპირებდა რჯულის დათმობას დროებითი სიკეთეებისათვის.

წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ჯერ დახოცილი თანამებრძოლები, შემდეგ კი - აღთქმული სიმდიდრენი. ვერც ამან გატეხა წმინდანი.

ამირამ უარესი განსაცდელი მოუმზადა წმიდანს: იგი ცოცხლად გადარჩენილ მოყვასთა შორის დააყენეს და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. დახოცილთა სისხლი ეპკურებოდა გობრონს, გვამები ფეხებთან უგორდებოდა, მაგრამ საშინელებამ ვერ შეაძრწუნა მისი გული. მაშინ ქედი გადაუდრიკეს წმიდანს, ორგზის სცეს მახვილი და მსუბუქად დაჭრეს. გობრონმა სისხლით ჯვარი გამოისახა შუბლზე და მადლობა შესწირა უფალს, რომ ღირსი გახდა მისთვის წამებისა.

სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ ვერას გახდა. მოთმინებადაკარგულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.

ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.

 

წმინდა მიქაელ-გობრონის
ტროპარი

მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროჲსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ-შეერთებულთა, გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.

 

ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VIს.)

ხსენება 7 (20) მაისი

მეექვსე საუკუნეში, ღვთისმშობლის კურთხევით, საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა, რომელთა წინამძღოლიც იყო წმინდა იოანე ზედაზნელი. ღირსი იოანე ანტიოქიის ერთ-ერთ მივარდნილ უდაბნოში მოღვაწეობდა თავის უამრავ მოწაფესთან ერთად. ერთხელ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია. მათ შორის იყო ღირსი მიქაელიც. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და აკურთხა ახალი ღვაწლისათვის. წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.

წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.

ღირს მამათა
ტროპარი

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მამანო.


კონდაკი

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვეთ, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა ლახუარი ჴელს-იდევთ, კადნიერად განგმირეთ ეშმაკთა ბანაკი, საკჳრველმოქმედნო მამანო, ევედრეთ ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

 

 

ღირსი მიქელ პარეხელი (VII-IX)

27 მაისი (9 ივნისი)

ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა. უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა. წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი - ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.

ერთხელ მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა“.

ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

წმიდა ბასილი ზარზმელის გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.

ღირსისა მამისა მიქაელ პარეხელი
ტროპარი

შენ შორის, საკვირველო მამაო მიქაელ, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მიქაელ.


კონდაკი

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა ლახუარი ჴელს-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკჳრველმოქმედო მამაო მიქაელ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.