წმინდა მოციქული და მახარებელი მათე

ხსენება 16(29) ნოემბერი

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ქვეყნად ცხოვრების დროს, გალილეაში რომ ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კაპერნაუმიდან გამოსვლისას დაინახა კაცი, სახელად მათე, მჯდომარე საბაჟოზე, ბაჟის შესაკრებად, მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემომიდეგ მე“. მეზვერემ ღვთიური მოწოდებაზე მაშინვე ყოველივე დატოვა და დიდი სიხარულით წაჰყვა მას.

უფალმა მიიღო მეზვერე და ის პატივიც დასდო, რომ შევიდა მის სახლში, სადაც მეზვერე, აღვსებული და აღტაცებული სიხარულითა და მადლობით, გაუმასპინძლდა და დაუპატიჟა მეგობარნი და ნაცნობნი. ამ დროიდან წმინდა მათე გახდა ქრისტეს მოწაფე და მოციქული.

წმინდა მათე და მისი ძმა იაკობ მოციქული იყვნენ ალფეს შვილები. სხვა მახარებლები თავის სახარებებში უწოდებენ მას „ლევი ალფეს“.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მერვე წელს წმინდა მათემ დაწერა სახარება ებრაულ ენაზე გაქრისტიანებული ებრაელებისათვის და ქადაგებდა მას მრავალ მხარეში. მან გააქრისტიანა ეთიოპია, რომელიც წილად ერგო მას საქადაგებლად; ასევე, პართელები და მიდიელები, და ბოლოს, სულიწმიდის შეგონებით, წავიდა ანთროპოფაგების (კაციჭამიათა) ქვეყანაში, სადაც შავი სახის და მხეცური ზნის ხალხი ცხოვრობდა. მივიდა მათ ქალაქში, გააქრისტიანა რამდენიმე კაცი, დააყენა ეპისკოპოსად თავისი მოწაფე პლატონი, ააშენა პატარა ეკლესია და თვითონ წავიდა მახლობლად მთაში, სადაც მარხულობდა და გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს ახლად მონათლულთათვის. ერთხელ მშვენიერი ჭაბუკის სახით მას გამოეცხადა უფალი, რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა, მიესალმა მოციქულს და ჩააბარა თავისი ჯოხი, უბრძანა მთიდან ჩამოსვლა და ჯოხის დარგვა მის მიერ აშენებული ეკლესიის კარებთან, რომელიც გადაიქცეოდ ხედ და ამ ხის ნაყოფის მხმეველნი შეიცვლიდნენ ზნეს. ჩავიდა მათე მთიდან და წავიდა ქალაქში ბრძანების აღსასრულებლად.

გზად მას შეხვდნენ ქალაქის მთავრის ფულვიანეს ცოლი და ძე, როლებიც ავი სულით იყვნენ გაწვალებულნი. წმინდა მათეს ლოცვით ისინი განიკურნენ. როდესაც პლატონ ეპისკოპოსმა შეიტყო წმინდა მახარებლის მოსვლა, მაშინვე გამოეგება სრული კრებულით. წმიდა მათემ ქალაქში შესვლისთანავე აღასრულა ღვთის ბრძანება: დარგო ეკლესიასთან ჯოხი, რომელიც ხალხის თვალწინ იქცა დიდ ხედ, გამოისხა ხშირი ტოტები და დიდი, ტკბილი ნაყოფი, ხოლო მისი ფესვებიდან გამოვიდა წმინდა წყალი. მთელი ქალაქი შეიკრიბა, ყველას უკვირდა ეს სასწაული. ისინი იმ წყაროს წყალს სვამდნენ და ჭამდნენ იმ ხის ტკბილ ნაყოფს. წმინდა მათე იდგა მაღალ ადგილზე და შეკრებილ ხალხს უქადაგებდა, ასწავლიდა მათ ენაზე ღვთის სიტყვას. ყველა მსმენელმა ირწმუნა უფალი და მოციქულმა მონათლა ისინი ამ სასწაულთმოქმედ წყაროში. ყველაზე ადრე მან მონათლა ბოროტ სულთაგან განკურნებული ცოლ-შვილი მთავრისა და შემდგომ დანარჩენები. სიტყვისაებრ უფლისა, ყველანი, წყლიდან გამოსულნი, გამშვენიერდნენ და განათლდნენ როგორც ხორციელად, ისე სულიერად. ეს რომ მთავარმა შეიტყო, პირველად ძალიან გაუხარდა ცოლისა და შვილის მორჩენა, მაგრამ ბოროტი სულის შეგონებით განრისხდა მოციქულზე იმის გამო, რომ ხალხმა დატოვა თავიანთი ღმერთები, და განიზრახა მისი მოკვლა. იმავე ღამეს მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულს, უბრძანა გამხნევებულიყო და უთხრა, რომ იგი არ დატოვებდა მას მწუხარებაში.

მე ორე დღეს მთავარმა მათეს შეპყრობა განიზრახა, მაგრამ რამდენსაც არ ეცადნენ მის მიერ გაგზავნილი მხედრები, ოდნავადაც ვერ მიუახლოვდნენ მოციქულს. მაშინ ფულვიანე თავად გაეშურა მის შესაპყრობად, მაგრამ როდესაც მიუახლოვდა ტაძარს, მთავარი დაბრმავდა და მაშინ დაუწყო მოციქულს ხვეწნა, მიეტევებინა მისი დანაშაული და მიენიჭებინა მხედველობა. მოციქულმა მთავარს თვალებზე ჯვარი გადასახა და მხედველობა დაუბრუნდა. მაგრამ მთავარმა ეს გრძნეულებას მიაწერა და ბრძანა დაეწვათ მოციქული, მაგრამ ალი ვარდის ფურცლებად იქცა. ფულვიანე თავისას არ იშლიდა, კვალვ გააჩაღებინა ცეცხლი მოციქულის დასაწვავად. იქვე დააყენებინა 12 ოქროს კერპი, რომელთაც თითქოსდა მათეს „გრძნეულება“ უნდა გაექარვებინათ. ალში გახვეული მოციქული ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა თავისი უძლეველი ძალა, წარმართთა კერპების უღონოება და უძლურება და შეერცხვინა მათი მსასოებელნი. წმინდა ლოცვის ძალით ალი მიიქცა კერპებისაკენ, რომლებიც იმავე წამს დადნენ, როგორც სანთელი. და მრავალი იქ მდგომი ურჯულო შეიჯურა ალით. დამდნარი კერპებისაგან უცებ გამოხტა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მთავარმა ნახა, რომ ვეღარ შეძლებდა გაქცეოდა მას და წრფელი გულით შეეხვეწა მოციქულს, დაეხსნა იგი სიკვდილისაგან. წმინდა მათე განურისხდა ცეცხლს, ჩაქრა ალი და გველიც გაუჩინარდა.

მაშინ მთავარმა მოინდომა მოციქულის ცეცხლიდან გამოყვანა დიდი პატივით, მაგრამ წმინდა მათემ დაასრულა ლოცვა და წმინდა სული მიაბარა უფალს.

მთავარმა შემოსა პატიოსანი და ცეცხლისგან უვნებელი გვამი მოციქულისა ძვირფასი შესამოსლით, დაასვენა ოქროს ცხედარზე და წარჩინებული კაცების ხელით შეასვენა თავის სასახლეში.

რადგან ჯერ სრული და ჭეშმარიტი სარწმუნოება არა ჰქონდა მთავარს, მოინდომა გამოცდა: წმინდანის გვამი ჩადო რკინის კიდობანში, ამოავსებინა ყოველი მხრით კალით, ჩააგდო ზღვაში და უთხრა თავის დაახლოებულ პირებს: „თუ უფალი, ცეცხლისგან დამხსნელი ამა წმიდისა, მას დანთქმისგანაც დაიცავს, მაშინ დავიჯერებ, რომ ჭეშმარიტად ღმერთი არს ერთი. მაშინ ჩვენ დავტოვებთ ჩვენს ღმერთებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჩვენი დახსნა ცეცხლისაგან და მას მხოლოს თაყვანს ვსცემთ“.

როდესაც კიდობანი წმინდა ნაწილებით ჩააგდეს ზღვაში, მაშინ წმინდა მათე ღამე გამოეცხადა ეპისკოპოს პლატონს და უთხრა: „ხვალ წადი ზღვის პირას მთავრის კარვიდან აღმოსავლეთისაკენ და წამოიღე ნაპირზე გამოტანილი ჩემი ნაწილები“.

პლატონი ქრისტიანებთან ერთად წავიდა ზღვისკენ და სიზმარში აღნიშნულ ადგილზე იპოვა კიდობანი ქრისტეს მოციქულის მათეს წმინდა ნაწილებით. მთავარმა შეიტყო ეს ამბავი, შეკრიბა წარჩინებული პირნი, მივიდა, ჭეშმარიტად ერწმუნა უფალსა იესოს და აღიარა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. იგი დაეცა კიდობნის წინ, გულმოდგინედ ეხვეწებოდა წმინდა მოციქულს ცოდვის მიტევებას და მოინდომა მონათვლა. როდესაც ეპისკოპოსმა დაინახა მისი სარწმუნოება და გულით ლოცვა, იწყო მისი სწავლება და უბრძანა წყალში შესვლა. ეპისკოპოსმა თავზე დაადო ხელი და უნდოდა სახელი წოდება, მაშინ ზეციდან მოისმა ხმა: „ფულვიანე კი არა, მათე იყოს მაგისი სახელი“.

ნათლისღების დროს მთავარს ეწოდა მოციქულის სახელი და იგი გახდა მისი საქმეების მიმბაძველი. მთავარმა მაშინვე სხვას გადასცა თავისი თანამდებობა, მთავრობა, განშორდა ქვეყნიურ ამაოებას, დღე და ღამ ლოცულობდა და ღირსი გახდა ეპისკოპოსისგან მღვდლობის ხარისხისა. სამი წლის შემდეგ ეპისკოპოსი გარდაიცვალა. მღვდელ მათეს ეჩვენა ძილში წმინდა მოციქული მათე, რომელმაც უბრძანა, რომ პლატონის შემდგომ იგი ყოფილიყო ეპისკოპოსი.

 

წმინდა მოციქულისა და მახარებლის მათეს
ტროპარი

მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა გულს მოდგინედ შეუდეგ, დამტევებელი მეზვერეობისა, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაჲ სოფელსა ხმა მაღლად, ამისთვის პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთის-მეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

უღელი იგი მეზვერობისა განაგდე, და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ, და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, სიმდიდრე მოიგე მაღალი იგი სიბრძნეჲ, ვინაჲცა ქადაგე სიტყვაჲ ჭეშმარიტებისა, და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ და დღე იგი სასჯელისა.