წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი (I ს.)

ხსენება 22 ივლისი (4 აგვისტო)

წმიდა მოციქულთასწორი, მენელსაცხებლე დედა, მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა, გამოირჩეოდა მშვენიერებითა და მომხიბვლელობით, მაგრამ ძლიერ ავადმყოფობდა. სახარება გვამცნობს, რომ იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა. მადლიერი მარიამი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე გახდა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში ქადაგებდა. მარიამი, ღვთისმშობელთან და სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად, იდგა უფლის ჯვართან გოლგოთაზე. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი სხვა დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მარიამმა აქაც გაუსწრო ყველას. ჯერ კიდევ ბინდბუნდში მიეახლა აკლდამას და ნახა, რომ საფლავის ქვა გადაგორებული იყო; გაოცებულმა და შეშინებულმა, მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარების შესახებ სიმონ-პეტრესა და იოანეს ამცნო, თავად კი შეძრწუნებული დადგა საფლავთან და ტიროდა. აცრემლებულმა კიდევ ერთხელ შეიხედა გამოქვაბულში - სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად ცარიელი იყო და აი, მაშინ უფალმა სულიერი თვალები აუხილა ნეტარს - მან იხილა ორი სპეტაკად მოსილი ანგელოზი, მსხდომარე ერთი თავით და ერთი ფერხით იმ ადგილას, სადაც უფალ ისეოს გვამი იდო. მათ კითხვაზე: „დედაკაცო, რასა სტირ?“ მარიამმა უპასუხა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. შემდეგ შებრუნდა და, „იხილა იესუ მდგომარე“, მაგრამ ვერ იცნო - მებაღე ეგონა და თხოვა: „უფალო, თუ შენ აღიღე იგი, მითხარი, სად დადე და მე დავაბრუნებ მას“. მაშინ მაცხოვარმა მიმართა: „მარიამ!“ ახლა კი იცნო მარიამმა მოძღვრის უტკბესი ხმა და აღტაცებით შესძახა: „რაბბუნი!“ (მოძღვარო!).

სიხარულით გაოგნებული და აღფრთოვანებული მარიამი გონს მოეგო, კვლავ გაიქცა მოციქულებისკენ, და ახარა, რომ იხილა უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად.

წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ, როცა სულიწმიდის მადლით აღვსილმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და ქვეყნის სხვადასხვა კიდეს მიაშურეს საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით, ტიბერიუს კეისრის (14-37) კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. წმიდა მენელსაცხებლე დედა განაგრძობდა თავის მოციქულებრივ ღვაწლს იტალიასა და ქალაქ რომში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მას გულისხმობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერს: „კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელ-იგი ფრიად დაშურა ჩუენდა მომართ“ (16;6).

წმიდა მარიამმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.

 

წმინდა მარიამ მაგდალინელის
ტროპარი

ქრისტესა ჩუენთჳს ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, სანატრელო მარიამ მაგდალინელო, რომლისა სჯული და მცნებანი დაიმარცენ; ამისთჳსცა წმიდასა ჴსენებასა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ მორწმუნენი და წადიერად გაქებთ და გიგალობთ.

კონდაკი

ჰსდეგ რა წინაშე ყოვლადდიდებულისა მაცხოვრისა ჯუარისა სხუათა მათ მრავალთა თანა და დედისა თანა უფლისა, შენცა მწუხარებით მტკივნეული სცრემლეოდი და ქებას ამას შესწირავდი, მეტყუელი: რა არს უცხო ესე და საკჳრველი, ვითარ მპყრობელმან ყოვლისა დაბადებულისამან, ვნება თავს-იდევ, დიდებაჲ ძლიერებიასა შენსა.

 

წმინდა მარიამ ეგვიპტელი (V-VIს.)

ხსენება 12(25) მარტი და დიდმარხვის მე-6 კვირიაკე

ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი ცხოვრობდა მეხუთე საუკუნის ბოლოსა და მეექვსე საუკუნის დასაწყისში. თორმეტი წლის მარიამმა დატოვა მშობლიური სახლი და ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც უწმინდურ ცხოვრებას ეწეოდა. ასე გაატარა მან 17 წელიწადი. მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დატოვა იგი. ერთ დღეს მარიამმა დაინახა, რომ უამრავი ადამიანი მიეშურებოდა წმინდა მიწაზე მოსალოცად და გადაწყვიტა მათთან ერთად წასულიყო, რათა გემზე მრავალი ეცდუნებინა. იერუსალიმში მომლოცველთა ტალღამ მარიამი მაცხოვრის აღდგომის ტაძართან მიიყვანა. ტაძარში ყველა დაუბრკოლებლად შედიოდა, მარიამი კი ნაბიჯსაც ვერ დგამდა წინ. მაშინ მარიამი ღრმა სინანულმა მოიცვა, მიხვდა, რომ უფალი ცოდვების გამო არ აძლევდა ნებას, ტაძარში შესულიყო. მარიამი მხურვალედ შეევედრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, დაეშვა ტაძარში და შეჰპირდა, რომ ამიერიდან აღარ მიუბრუნდებოდა უწმინდურ ცხოვრებას და ღვთის სათნოდ იცხოვრებდა. ამის შემდეგ იგი დაუბრკოლებლად შევიდა ტაძარში.

მარიამმა მართლაც შეასრულა პირობა. იერუსალიმიდან იგი იორდანეს ღრმა უდაბნოში წავიდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები იქ გაატარა მკაცრ ლოცვასა და მარხვაში. უფალმა არ ინება, რომ უცნობი დარჩენილიყო მისი ღვაწლი. მას სრულიად შემთხვევით მიაგონო ღირსმა მამა ზოსიმემ, რომელიც იორდანის მონასტერში მოღვაწეობდა. წმინდა მამა გააოცა მარიამის სიწმინდემ და ღვთივგანბრძნობილობამ. ღირსი მარიამის სიწმინდეს ადასტურებდა ისიც, რომ ლოცვისას იგი მაღლდებოდა ჰაერში და შეეძლო წყალზე სიარული, ისევე, როგორც ხმელეთზე.

წმინდა მარიამმა მამა ზოსიმეს ხელიდან მიიღო ბოლო ზიარება და თხოვა, რომ ერთი წლის შემდეგ კვლავ მისულიყო იორდანეს უდაბნოში. როდესაც ღირსი მამა დათქმულ დროს დაბრუნდა უდაბნოში, წმინდა დედა აღსრულებული დახვდა. ზოსიმემ მოისურვა მისი ცხედარი დაემარხა, მაგრამ გაქვავებული მიწა ვერაფრით გათხარა. აქ კიდევ ერთი სასწაული აჩვენა წმინდა მარიამმა. მოულოდნელად ზოსიმეს ლომი წამოადგა თავს, რომელმაც ტორებით გათხარა საფლავი და მშვიდად გაშორდა ბერს, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის. ღირსმა მამამ მიწას მიაბარა წმინდანის სხეული და მონასტერში დაბრუნებულმა ყველაფერი ბერებს უამბო. ეს მოხდა დაახლოებით 521 წელს.

წმინდა მარიამი სინანულის მაგალითად იქცა ქრისტიანეთათვის.

 

წმინდა მარიამ ეგვიპტელის
ტროპარი

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.

კონდაკი

მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.