წმიდა მეფის, მოციქულთასწორის კონსტანტინეს მამა კეისარი კონსტანცი ხლორუსი იყო, დედა - წმიდა ელენე. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში, რითაც სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.
წარმართობისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიაში გადაიტანა, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. იგი ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამ მისიით მან იერუსალიმში გაგზავნა დედა. ჯვარი სასწაულებრივად აღმოაჩინეს 326 წელს და ბიზანტიაში წააბრძანეს.
წმინდა კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა 325 წელს, რომელმაც დაგმო ეკლესიის წიაღში გაჩენილი ცრუ სწავლებები და მიიღო რწმენის სიმბოლო – მრწამსი.
ისტორიული წყაროების თანახმად, კონსტანტინე ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ნათელღებული. იგი მოინათლა სიცოცხლის ბოლო წლებში. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს.
ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და, ვითარცა პავლე, წოდებაჲ არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოსჩნდა, უფალო, და სამეუფო ქალაქი ჴელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშჳდობით მეოხებითა ღმრთისმშობელისათა შეგჳწყალენ ჩუენ.
კონსტანტინე დღეს დედისა თჳსისა თანა ელენესა პატიოსანი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.
მეექვსე საუკუნეში არაბმა დამპყრობლებმა მურვან-ყრუს მეთაურობით განიზრახეს მთელი საქრისტიანო აეოხრებინათ. არაბები ჯერ საბერძნეთს დაესხნენ თავს, შემდეგ სომხეთს და ბოლოს ამ მიზნით საქართველოსკენ დაიძრნენ. არგვეთის ერისმთავრებმა, დავითმა და კონსტანტინემ რომ გაიგეს, თუ რა დიდი განსაცდელი ელოდა ქვეყანას, შეკრიბეს ლაშქარი და საბრძოლველად გაემზადნენ. ორივე მთავარი ქრისტესმოყვარე და კეთილმორწმუნე იყო. დავითი ასაკით უფრო დიდი იყო, ვიდრე კონსტანტინე, ორივე გამოცდილი მეომარი და ახოვანი ადამიანები იყვნენ.
როდესაც წარმართნი სამცხეს შემოესივნენ, მათი ლაშქარი ლოცვითა და მახვილით დახვდა მტერს და საშინლად დაამარცხა. უკან გაქცეულმა მტრებმა ყველაფერი თავიანთ მთავარს მოახსენეს. განრისხებულმა მურვან-ყრუმ ახლა აბულ-კასიმი ჩაუყენა სათავეში მრავალათასიან ლაშქარს, რომელიც არგვეთში შევიდა და ქვეყანა მიწასთან გაასწორა, დავითი და კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს. ამაზე მტკიცე უარი მიიღეს. წმიდანები დილეგში დაამწყვდიეს. მურვან-ყრუმ იქაც მიუგზავნა ტყვეებს თავისი კაცი და მათი მოსყიდვა სცადა. უამრავ განძსა და სახელს ჰპირდებოდნენ არაბები წმიდანებს, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და ამბობდნენ: ჩვენი დიდება და სიმდიდრე ქრისტეა, ჩვენ ერთ რჯულსა და ერთ სარწმუნოებას ვაღიარებთ, ჩვენ განათლებულნი ვართ ქრისტეს რწმენით და გვწამს მამა, ძე და სულიწმიდა და მისთვის მოვკვდებით. როცა მტერი ვერაფერს გახდა, მთავრები ცემეს და ხელფეხშეკრულნი რიონში გადაყარეს. სიკვდილის წინ წმიდანები შეევედრნენ უფალს, რომ მათი გვამები მტერს არ წაებილწა; ხოლო ვინც უფლის სახელით შეეხებოდა, მათ კურნება და ცოდვათა მიტევება მიეღოთ. მართლაც, ღამით სამი ნათლის სვეტი დაადგა წყალს, მისმა ცეცხლმა შეხსნა წმიდათა სხეულებს ბორკილები და ჩამოხსნა ლოდები, მტერი კი წყალში დაინთქა. წმიდანების უხრწნელი სხეულები მსახურებმა იპოვეს და წყალწითელას კლდეზე დანგრეულ ტაძარში დაასვენეს. ეს ამბავი 730 წელს მოხდა.
დავით და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები დღემდე მონასტერში განისვენებს, რომელსაც მოწამეთა ეწოდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არგვეთის მოწამე მთავრების - დავითისა და კონსტანტინეს ხსენებას ღნიშნავს.
მოწამეთა შენთა უფალო დავით და კონსტანტინე ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშვით სუნნელებასა ყოველთა კიდეთა და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით, უძლეველობითა გვირგვინოსანო, და, კონსტანტინე, ჭურო სიმხნისაო, მაქბელთა თქუენთა სამღელვარენი განსაცდელნი თანა წარხადენით და ოხითა თქვენითა მომადლეთ მშვიდობაჲ.