წმინდა გაბრიელ ქართველი (Xს.)

ხსენება 12 (25) ივლისი

წმინდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა. როგორც ვარაუდობდნენ წმინდა გაბრიელი დიდგვაროვანთა ჩამოვავალი იყო. მასზე ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ეს ცნობები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გამოჩენას უკავშირდება.

ერთ საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს, რომელიც ზღვაში მოლივლივე ღვთისმშობლის ხატს ადგა. მიუხედავად მცდელობისა, მამებმა ვერ შეძლეს ხატის ნაპირზე გამოსვენება. მაშინ ისინი ლოცვად დადგნენ და უფალს შესთხოვეს, გამოეცხადებინა თავისი წმინდა ნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა თვით გაბრიელს და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.

მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმინდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმინდა გაბრიელს. მან წმინდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა

ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა წმინდა გაბრიელს და უთხრა: უთხარი, ძმებს, რომ არ მსურს თქვენ მიცავდეთ, არამედ მოვედი იმისათვის, რომ თავად დაგიცვათ თქვენ.

გახარებულმა ბერებმა იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

 

ღირსი გაბრიელ ქართველის
ტროპარი

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო გაბრიელ.


კონდაკი

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა ლახუარი ჴელს-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკჳრველმოქმედო მამაო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

 

 

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (XIXს.)

ხსენება 13 (26) დეკემბერი

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. მან კარგი სასულიერო განათლება მიიღო საქართველოსა და რუსეთში. საქართველოში დაბრუნებული მღვდლად აკურთხეს. სრულიად ახალგაზრდა გაბრიელს მძიმე სენით გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. რამდენიმე წელიწადში იგი ეპისკოპოსად აკურთხეს და ჯერ გორის, შემდეგ კი იმერეთის საეპისკოპოსო ჩააბარეს. მეუფე გაბრიელი თავდაუზოგავად იღწვოდა თავის მრევლის სარწმუნოებაში განსამტკიცებლად. მისი მეცადინეობით შეკეთდა მრავალი ეკლესია, გაიხსნა სამრევლო სკოლები, შეიქმნა ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტი, ქუთაისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, სასულიერო სემინარია. მრევლის განსანათლებლად გაბრიელ ეპისკოპოსი თვითონ დადიოდა სოფელ-სოფელ, ხვდებოდა ხალხს და მოძღვრავდა. მისი პიროვნება დიდ გავლენას ახდენდა ადამიანებზე. იგი იყო მეტად განათლებული, მოწესრიგებული, მშრომელი და ყურადღებიანი. განურჩევლად ეხმარებოდა ყველას დიდსა თუ პატარას, თავადსა თუ გლეხს. მას უბრალოება გარეგნობაზეც ეტყობოდა. იცვამდა ყოველთვის სადად და უბრალოდ, ისე, რომ ხშირად მასთან მისულებს მოსამსახურეც კი ჰგონებიათ. წმინდა გაბრიელი იყო მეტად კეთილი და მოწყალე. თავისი ფეხით დადიოდა ღარიბ-ღატაკებთან და დახმარების ხელს უწვდიდა, საკუთარ სახლში ინახავდა ნიჭიერ ახალგზარდებს და სწავლის ქირასაც უხდიდა.

მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობას. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. იგი უშიშრად ამხელდა მათ, ვინც ქართული კულტურის, ცნობიერებისა და ტრადიციების წინააღმდეგ ილაშქრებდა, რის გამოც ხშირად მოსდიოდა უთანხმოება ეგზარხოსებთან და მეფის ჩინოვნიკებთან, ამიტომ მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.

წმინდა მღვდელმთავარი გარდაიცვალა 1896 წლის 25 იანვარს. უჩვეულო რამ მოხდა მაშინ. დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა და მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. 46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.

გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.

 

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის
ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშჳდისა და მოძღურად მარხჳსა გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

საღმრთოსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღდელმთავარო გაბრიელ, ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.