
წმინდა ფოტინე იყო სწორედ ის სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც გაესაუბრა ქრისტე მაცხოვარი იაკობის ჭასთან (სახარება იოანესი, თავი 4, 5-42). სამარია ისრაელის მეზობლად მდებარეობდა. ებრაელების აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ, სამარიტელებმა იუდაიზმის ზოგიერთი სწავლება მიიღეს, მაგრამ არსებითად, ისევ წარმართები რჩებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ებრაელები ყოველნაირად ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას. თუმცა სამარიტელებს სწამდათ, რომ მოვიდოდა მესია. ეს რწმენა წმინდა ფოტინემაც აჩვენა ქრისტესთან საუბარში. მაშინ უფალმა გაუმჟღავნა მას, რომ იგია მესია, მოსული სოფლად. აღფრთოვანებული დედაკაცი მაშინვე გაიქცა თავის ქალაქში, რომ ყველასთვის ეხარებინა ის, რაც ქრისტესგან მოისმინა. მართლაც, მისმა მხურვალე ქადაგებამ ბევრი სამარიტელი დააინტერესა და მათი თხოვნით, უფალი იმ ქალაქში ორი დღე გაჩერდა. ბევრმა ირწმუნა ქრისტე და ეუბნებოდნენ წმინდა ფოტინეს, ახლა შენი სიტყვების გამო კი აღარ გვწამს, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ვიხილეთ ღვთიური მოძღვარი და მოვისმინეთ მისი ქადაგებაო. წმინდა ფოტინეს არც ამის შემდეგ შეუწყვეტია ქრისტიანობის მქადაგებლობა. მან მოაქცია თავისი სამი ვაჟი - ვიქტორი, ფოტინი და იოსია, თავისი დები და მრავალი ადამიანი.
წმინდა ფოტინე ეწამა იმპერატორ ნერონის დროს თავის შვილებთან და დებთან ერთად. მეფის ბრძანებით წმინდა ფოტინეს ტყავი გააძვრეს და ჭაში ჩააგდეს. მაგრამ მალე ამოიყვანეს და 20 დღით საპყრობილეში შეაგდეს. ამის შემდეგ ნერონმა ფოტინე თავისთან იხმო და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც წმინდა ფოტინემ მიუგო: „ნუთუ ისეთი უგუნური გგონივარ, რომ უარს ვიტყვი ჩემს უფალზე და შენსავით ბრმა კერპებს ვეთაყვანებიო?“ პასუხით გამრისხებულმა ნერონმა ბრძანა, წმინდა ფოტინე ისევ ჭაში ჩაედგოთ, სადაც მან მიაბარა კიდეც სული უფალს. ეს იყო დაახლოებით 66 წელს.
მოწამემან შენმან უფალო ფოტინე/ნათია ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე/ნათია, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
*ფოტინე ბერძნული წარმოშობის სახელია და ქართულად ითარგმნება, როგორც ბრწყინვალე, ნათელი. შეესაბამება ქართულ სახელებს ნათიას, ნათელას.