წმინდა და მართალი ელისაბედი, დედა წმინდა იოანე ნათლისმცემელისა (I ს.)

ხსენება 5(18) სექტემბერი

წმინდა ელისაბედი იყო მეუღლე წინასწარმეტყველ ზაქარიასი წარმოშობით აარონის ტომიდან. წმინდა ელისაბედი იყო და წმინდა ანასი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედისა. ზაქარიასა და ელისაბედს არ ჰყავდათ შვილი, რასაც ძალიან განიცდიდნენ. უფალმა შეისმინა მართალთა ვედრება და გამოცხადებით აუწყა ზაქარიას, რომ შეეძინებოდა ძე, რომელიც იქნებოდა „დიდ უფლის წინაშე“, რაც აღსრულდა კიდეც. მართალ მშობლებს შეეძინათ იოანე, წინასწარმეტყველი და წინამორბედი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

როდესაც ურჯულო იროდ მეფემ მესიის დაბადების შესახებ შეიტყო, განიზრახა ბეთლემსა და მის შემოგარენში ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა ამოეწყვიტა იმ განზრახვით, რომ მესიაც მათ შორის აღმოჩნდებოდა. ეს რომ შეიტყო, ელისაბედი იოანესთან ერთად მთაში გაიხიზნა. მეფის ჯარისკაცებმა აქაც მიაგნეს ლტოლვილებს. მაშინ წმინდა ელისაბედმა ცრემლიანი თვალებით შეჰღაღადა უფალს შემწეობა. ამ დროს მთამ პირი გახსნა და შეიფარა დედა-შვილი. გაბოროტებული მტარვალები წმინდა ზაქარიას მიადგნენ და აიძულებდნენ გაემხილა ცოლ-შვილის ადგილსამყოფელი, მაგრამ საწადელს რომ ვერ მიაღწიეს, ზაქარია სიცოცხლეს გამოასალმეს. 40 დღის შემდეგ გარდაიცვალა წმინდა ელისაბედიც, წმინდა იოანე კი უფლის შეწევნით უდაბნოში აღიზარდა.

 

ტროპარი
წინასწარმეტყველ ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა, მშობელთა იოანე ნათლისმცემელისა

მღდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან სჯულისაებრ, ყოვლადდასაწუელნი, შეწყნარებულნი ღმრთისა, მღდელშუენიერად შესწირენ ზაქარია და იქმენ მნათობ და მხოლველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოჩნდი, ყოვლადბრძენო, და მახჳლითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედისა თანა მეოხ გუეყავნ ცხოვრებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი

დღეს წინაჲსწარმეტყუელმან და მღდელმან უფლისამან ზაქარია, მშობელმან წინამორბედისამან, წინადაგვიგო ტაბლაჲ წინაჲსწარმეტყუელებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი, და სასუმელი სიმართლისა ყოველთა გჳწდია; ამისთჳსცა იდიდა, ვითარცა საღმრთო მესაიდუმლოე ღმრთისა მადლისა.