წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი იყო. იგი, იუდას ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი იესეს უმცროსი ძე - სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. როცა მეფე საულმა ხელი აიღო ღვთის მცნებათა აღსრულებაზე, გულთამხილავმა უფალმა დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამოელის ხელით სცხო მას ზეთი.
წმიდა დავითი იყო გონიერი, ბრძოლაში მხნე, ფიზიკურად ძლიერი, ბრძნულად მეტყველი და კეთილი საქმეებით მდიდარი. ფილისტიმელთა თავდასხმის დროსაც უფალი შეეწია ნეტარს და შურდულით ადვილად დაამარცხა აბჯარასხმული გოლიათი, რამაც ბრძოლის ბედი ისრაელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შემდეგ ხალხმა ძალიან შეიყვარა წმიდანი. ამან საული შურით აღავსო, მან დავითისადმი მტრობა ჩაიდო გულში და იმ დროიდან მოყოლებული მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს. უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა ყოველივეს - მას ორჯერ შეეძლო მოეკლა დაუძინებელი მტერი, მაგრამ ხელი არ აღმართა მასზე. საულისა და მისი ძის დაღუპვის შემდეგ დავითი ისრაელის სამხრეთ ნაწილის მეფედ დაადგინეს. მას შემდეგ კი, რაც საულის მეორე ვაჟი მოკლეს, იგი მთელი სამეფოს მმართველი შეიქნა. წმიდანმა ააშენა ახალი დედაქალაქი - იერუსალიმი („სახლი მშვიდობისა“), აქ ახალი სკინია მოაწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი. თავად მეფე სიმღერითა და ცეკვით მიაცილებდა სიწმიდეს. დავითს სურდა, მოძრავი კარვის ნაცვლად ტაძარი აეგო უფლისათვის, მაგრამ ზეგარდამო ეუწყა, რომ ამ სურვილის აღსრულება მას არ ეწერა - იგი მის ძეს უნდა განეხორციელებინა.
ბოლოს წმიდა დავითის ღვთივსათნო ცხოვრებაც დააბნელა მძიმე შეცოდებამ: მან ერთი ჰურიის პირმშვენიერი მეუღლე შეირთო ცოლად, თავად ურია კი ბრძოლაში მოაკვლევინა. ამ დაცემისთვის იგი მწარედ დაისაჯა: სამოელ წინასწარმეტყველმა ამცნო, რომ ბერსაბესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდებოდა. ღრმა სინანულით შეპყრობილმა წმიდანმა სწორედ ამ დროს შექმნა თავისი 50-ე ფსალმუნი: „მიწყალე მე ღმერთო.“
ერთი შვილის სიკვდილით არ დამთავრებულა წმიდა მეფის უბედურება: ამის შემდეგ მეორე ძე - აბესალომი აღსდგა მამის წინააღმდეგ და მისი ტახტიდან ჩამოგდება მოიწადინა. დავითმა არ ისურვა შვილის წინააღმდეგ ბრძოლა და სარდლობა სხვას გადააბარა, ერთი კი ითხოვა - არ მოეკლათ, დაენდოთ აბესალომი. დავითის მხედრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მეფის სათხოვარი ვერ შეასრულეს. დამწუხრებულმა მამამ ცრემლებით გამოიტირა შემცოდე შვილი.
დავით მეფემ ორმოცი წელი იმეფა. კეთილმსახური და მართალი ცხოვრების, სიმდაბლის, მოთმინებისა და ურყევი სასოებისთვის წმიდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ ღირსი შეიქმნა მისი შტოდან აღმოცენებულიყო მხსნელი სოფლისა.
წმიდა წინასწარმეტყველმა დავითმა დაგვიტოვა 150 ღვთივსულიერი ფსალმუნი. ცნობილია, რომ როცა იგი ამ საგალობლებს ქნარზე ამღერებდა, ეშმაკისგან ქენჯნილ საულს ბოროტი განეშორებოდა.
დავით მეფე მშვიდობით მიიცვალა. სიკვდილის წინ მან ტახტი თავის ძეს, სოლომონს უანდერძა და უკანასკნელად დამოძღვრა იგი.
უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშჳდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ღმრთისა, წინასწარმეტყუელო და მეფეო.
ღირსი მამა დავითი წარმოშობით ასურეთიდან იყო. იგი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაემოწაფა წმინდა იოანე ზედაზნელს და როცა მოძღვარი საქართველოში ჩამოვიდა, დავითიც ჩამოჰყვა.
წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა, რომელსაც დღეს ჩვენ მთაწმინდას ვუწოდებთ. იმ დროს ქალაქი ცეცხლთაყვანისმცემლებს ეპყრათ. ამ ხალხს უცნაური სარწმუნოება ჰქონდა, მათ ეგონათ, რომ ღმერთი იყო ცეცხლი. მამა დავითი ბევრს ლოცულობდა ქალაქის მცხოვრებლებისათვის და ღმერთს მათ შეწყალებას და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებას სთხოვდა. ლოცვას რომ დაასრულებდა, გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა, რომელიც ამ მთიდან ხელისგულივით მოჩანდა. შემდგომში სწორედ ამ ადგილას აშენდა მამა დავითის სახელობის ტაძარი. ღირსი მამა კვირაში ერთხელ თავის მოწაფესთან ერთად ქალაქში ჩამოდიოდა და ქრისტიანობას ქადაგებდა. მათ ბევრი უსმენდა და შეიწყნარებდა ახალ რჯულს.
ცეცხლთაყვანისმცემლები ხედავდნენ მათ წარმატებას, რის გამოც შურით აღიძრნენ და გაბოროტდნენ. ერთხელ მათ ქალაქში ჩამოსულ მამა დავითს მეძავი ქალი მიუყვანეს, რომელიც ცილს სწამებდა ღირს მამას და ირწმუნებოდა, ბავშვი, რომელსაც მე მუცლით ვატარებ, ამ კაცისააო. მაშინ მამა დავითმა კვერთხი შეახო მის მუცელს და ჩვილს მიმართა: მართლა ვარ შენი მამა თუ არაო? ჩვილმა მუცლიდან ხმა მოსცა, არა, შენ ჩემი მამა არ ხარ, ჩემი მამა მჭედელიაო. ხალხი საშინლად განრისხდა, ქალს ეცნენ და ქვებით ჩაქოლვა დაუწყეს. ბევრს ეცადა მამა დავითი მათ დაწყნარებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეს მოხდა იმ ადგილზე, სადაც ახლა ქაშუეთის ეკლესია დგას, როგორც ამბობენ, მისი სახელი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება.
ამ ამბის შემდეგ მამა დავითმა გადაწყვიტა, საერთოდ გასცლოდა თბილისს და კახეთს მიაშურა. ბერებმა უდაბნო გადაიარეს და ერთ გამოქვაბულში დაბინავდნენ.
გავიდა რამოდენიმე წელი. წმინდა დავითმა მონასტერი ლუკიანეს გადააბარა და თვითონ იერუსალიმის მოსალოცად გასწია. აი, მიუახლოვდა კიდეც ქალაქს, მაგრამ თავი წმიდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალე ლოცვას შეუდგა. წამოსვლისას სამი ქვა აიღო და საქართველოსკენ გამოეშურა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: იერუსალიმის მოსალოცად ღვთის მონა დავითი მოვიდა და სარწმუნოებით მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. დააწიე მდევარნი და სამი ქვიდან ორი დაიტოვე, ერთი კი გაატანე, თუ არ გინდა, რომ ქალაქი სრულიად განიძარცვოს მადლისგანო. იერუსალიმის პატრიარქს მაშინვე გამოეღვიძა და ანგელოზის ბრძანებული აღასრულა. მამა დავითმა ორი ქვა პატრიარქს დაუტოვა, ერთი კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. ეს ქვა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია და კურნების სასწაულებრივი მადლითაა აღვსილი.
მამა დავითის იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ მონასტრის საძმო ერთი ორად გაიზარდა. მოძღვარი თავისი ფეხით მიდიოდა თავის მოწაფეებთან და ამხნევებდა მათ. მისი ლოცვა-კურთხევით აიგო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი მრავალმთაში.
გავიდა დრო და უფალმა წმინდა მამას აუწყა, დადგა ჟამი შენი ამქვეყნიდან გასვლისა და ზეცაში დამკვიდრებისაო. მამა დავითმა მონასტრის ბერებს უხმო, დალოცა, უკანასკნელად დამოძღვრა და სული ღმერთს შეავედრა.
წმინდა დავით გარეჯელი გარეჯის უდაბნოშია დაკრძალული და მისი საფლავიდან დღესაც ბევრი სასწაული აღესრულება.
ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა, და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით სთესე, და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი, ჰოი დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო, და მეოხო სულთა ჩუენთაო.
შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან, ნერგნი სიტყვიერნი, რომელთათვის ოხასა ნუ დააცადებ, დავით სანატრელო.
ჰოი მამაო დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო! მოვილტვით შენდამი სარწმუნოებით და სიყვარულით და გევედრებით შენ, ზეციერსა მფარველსა ჩვენსა, დააფრქვიე ჩვენზედა მხურვალე ვედრება შენი წინაშე უფლისა და ღვთისა ჩვენისა; გამოგვითხოვე მონათა და მხევალთა შენთა მშვიდობითი და უშფოთველობითი ცხოვრება, დაგვიფარე ჩვენ ბოროტისაგან, მოჰფინე ზეციური შენი ლოცვა-კურთხევა და ყოველი თხოვანი ჩვენი კეთილად აღასრულე.
ჰოი მამაო წმიდაო, ივერიის ეკლესიის მშვენებაო, ნუ უგულვებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, სასოებით შენდამი მოპყრობილსა, არამედ იყავ მხურვალე წარმდგენელი ღვთისა წინაშე, რათა ვადიდებდეთ დიდსა და გამოუთქმელსა მოწყალებასა მისსა და შენსა მამობრივსა ზეციურსა მფარველობასა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი (XIს.)
დავითი მეფობდა საქართველოში XI საუკუნეში . თავისი ბავშვობის დროს დავითი გახდა მოწამე და მხილველი საქართველოს საშინელი უბედურებისა. ჩვენს ქვეყანას შემოესია მხეცი ხალხი, ფრიად მრავალრიცხოვანი, რომელსაც დიდძალი ჯარი ჰყავდა. ეს ხალხი იყო ოსმალები, ანუ თურქები. მათ დაიპყრეს ჯერ მრავალი ქვეყანა და ბოლოს შემოიჭრნენ საქართველოში. გადაწვეს ქალაქები და ბევრი ადამიანი დახოცეს. ხალხი კავკასიონის მთებში გაიხიზნა და იქ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ბევრი გაწყდა. საქართველო თითქმის გავერანდა. თვით პატარა ექვსი წლის დავითმა ძლივს გაასწრო ქუთაისიდან რაჭისკენ, როცა ოსმალები თავს დაესხნენ ამ ქალაქს და ცეცხლი წაუკიდეს.
დატანჯულ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა დავითისა. ეს იმედი სავსებით ასრულდა. დავითი სამაგალითოდ აღიზარდა და როცა თექვსმეტი წლისა შესრულდა, ყველას აოცებდა თავისი დევისებური ტანოვანობით, დიდი ჭკუით და საარაკო მხნეობით. ამის გამო ხალხმა მოითხოვა დავითის დაუდევარი მამისაგან, რომ სამეფო ტახტი თავისი ვაჟისთვის დაეთმო. ისიც ხალხის ნებას დაჰყვა, აკურთხებინა მეფედ თექვსმეტი წლის დავითი და თვითონ მონასტერში წავიდა ბერად.
უპირველეს ყოვლისა, მეფე დავითი შეუდგა ოსმალების თავიდან მოშორებას. ბრძოლით ეს არ შეიძლებოდა ჯერჯერობით, რადგანაც ხალხი მეტად შემცირებული და დაუძლურებული იყო. დავითმა ოსმალების მბრძანებელს მიმართა ასეთი სიტყვებით: „თქვენი შიშით ხალხი გახიზნულია მთა-კლდეებში, გაღატაკებულია და დასარბევსაც კი ვეღარაფერს შოულობთ. გადით საქართველოდან, ხალხი ჩამოვა თავის მიწა-წყალზე, ხვნა-თესვას შეუდგება, დოვლათს შეიძენს და ყოველწლივ გადაიხდის თქვენს ხარკს“. ოსმალები დაეთანხმნენ დავითს, გავიდნენ საქართველოდან და დაბანაკდნენ სამხრეთით, ოსმალეთში. მაშინ ჩვენი ხალხი ჩამოვიდა მთებიდან, ააშენა დანგრეული სოფლები, მიჰყო წინანდებურად ხელი მეურნეობას და მალე მოღონიერდა. ამ მოღონიერებას ხელი დიდად შეუწყო დავითმა, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა ხალხის ფეხზე დაყენებასა და მის კეთილდღეობაზე. ტყეში ყოფნის დროს ბევრი ხალხი დასნეულდა; დავითმა ამ სნეულთათვის დიდ სოფლებში თავისი ხარჯით გამართა სახალხო სამკურნალოები – ლაზარეთები – სადაც ავადმყოფებს უფასოდ ინახავდნენ და წამლობდნენ. თვითონ დავითი ხშირად ინახულებდა ხოლმე ამ სამკურნალოებს და მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა ავადმყოფებს. ამასთანავე, მამობრივ შემწეობას უხვად აძლევდა ყველა ღარიბსა და გლახაკს. თუ რომელსამე დღეს შემწეობას ვერ აღმოუჩენდა გაჭირვებულს, იმ დღეს დაკარგულად თვლიდა და ამბობდა: „დღეს მე ცოდვებმა ნება არ მომცეს, უფლის ვალი გადამეხადაო“.
ოსმალთაგან დანგრეული ქალაქები დავითმა ყველანი ააშენა, განაახლა გორი, რომელიც მიწასთან გაასწორეს ოსმალებმა პირველი შემოსევის დროს.
დავითი იყო მეტად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი: აშენებდა ეკლესიებს, ხშირად დადიოდა წირვა-ლოცვაზე და მის მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა. იგი შემწყნარებლურად ეკიდებოდა სომხების, მუსლიმანებისა და ებრაელების სჯულს და სასულიერო საკითხებზე ესაუბრებოდა კიდეც მათ სასულიერო პირებს.
დავითის გამეფებამდე გლეხს შეეძლო მხოლოდ მღვდლობა მიეღო; ეპისკოპოსად ვერ ეკურთხებოდა, რაც უნდა ღირსეული ყოფილიყო. ეპისკოპოსად სულ თავად-აზნაურები იყვნენ. ეს კიდევ არაფერი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მღვდლები ყმები იყვნენ ბატონებისა გლეხებივით და იხდიდნენ ყველა საყმო გადასახადს. დავითმა მოიწვია რუის-ურბნისის სახელით ცნობილი საეკლესიო კრება, რომელზეც მრავალი საეკლესიო საკითხი მოგვარდა. დავითმა მღვდელი გაათავისუფლა მონობისაგან, მიანიჭა დამოუკიდებლობა და უფლება ეპისკოპოსად კურთხევისა. განიკვეთნენ უღირსი სასულიერო პირები და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.
დავითმა საქართველო კიდევ უფრო იმით გააძლიერა, რომ განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან დააარსა მრავალი სასწავლებელი: დაბალი, საშუალო და მაღალი. ხალხს შვილები მიჰყავდა ამ სკოლებში და ეწაფებოდა განათლებას. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა, რომელიც მაშინ განათლებით ყველაზე დაწინაურებული იყო. თვითონ დავით მეფე უჩვენებდა ხალხს ჩინებულ მაგალითს სწავლის სიყვარულისა: ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა წიგნებისა და კითხულობდა ყოველთვის, როცა კი სამეფო საქმეებისაგან მოიცლიდა. ასე გასინჯეთ, ლაშქრობისა და ნადირობის დროსაც თან დაჰქონდა წიგნები საკითხავად.
როცა ქვეყანამ ძალ-ღონე მოიკრიფა, დავითმა შეადგინა დიდი ჯარი და ხარკი აღარ მისცა ოსმალებს. ესენი გაბრაზებულნი გამოეშურნენ საქართველოსკენ; მაგრამ დავითი მათ საზღვარზე მიეგება და საშინლად დაამარცხა. გაქცეულ მტერს უკან დაედევნა და სულ გაანადგურა. ბრძოლის ველზე გაჩნდა ახალი ჯარი ოსმალებისა, მაგრამ დავითმა მათაც შავი დღე აყარა. ათჯერ კიდევ სცადეს ოსმალებმა ბედი, მაგრამ ყველა ომი მთავრდებოდა მათი დამარცხებით და გაქცევით. ასეთი გამარჯვება ოსმალებზე დავითს იმანაც გაუადვილა, რომ ჩრდილო კავკასიიდან მან მოისველია თავისი სიმამრის ჯარი. მაგრამ მთავარი მიზეზი ყველა გამარჯვებისა იყო თავად დავითი. მის სიმამაცეს საზღვარი არ ჰქონდა, თავგანწირულად იბრძოდა და არაერთხელ დაჭრილა გაცხარებულ ბრძოლაში. მტერს მაშინ დაეცემოდა ხოლმე, როცა იგი არ მოელოდა, იქიდან მოუვლიდა, საიდანაც მტერს ფიქრი არ ჰქონდა.
დავითმა მთლიანად გაათავისუფლა საქართველო ოსმალებისაგან, მაგრამ მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა. ველური ოსმალები გარეკა სომხეთიდანაც და მათი მონობისაგან გაათავისუფლა სომეხთა დედაქალაქი ანისი, სადაც დანიშნა მთავარმართებლად ჩინებული ქართველი მოღვაწე. აგრეთვე განდევნა ოსმალები ყველა მახლობელი ქვეყნიდან. შავი ზღვიდან დაწყებული კასპიის ზღვამდე ოსმალების აღარსად იყვნენ და ყველა ხალხმა შვება იგრძნო. ამიერკავკასიის მადლიერმა ხალხებმა დავითი აღიარეს მეფეთა მეფედ და ნებაყოფლობით ყოველწლიურ ხარკს აძლევდნენ.
დავითი ყველას ხიბლავდა თავისი კაცთმოყვარეობით; შესისხლხორცებული ჰქონდა სახარების სწავლა, გამსჭვალული იყო მოყვასის გულწრფელი და მხურვალე სიყვარულით, მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და საკუთარი თავი დავიწყებული ჰქონდა. ამასთან, მეტად უყვარდა ღვთის მსახურება. ამის გამო დავითი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდათა თანა შერაცხა.
დავითი დამარხულია დიდებულ გელათის მონასტერში, რომელიც თვითონვე ააგო ქალაქ ქუთაისის ახლოს.
საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
კონდაკი
ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.
ჵ, ყოვლად სანატრელო, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო, დავით, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, ანგელოზთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანა მოღუაწეო, მღდელმთავართა შუენიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღუარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.
ჵ, ყოვლადდიდებულო, წმიდა კეთილმსახურო მეფეო, დავით, სიწმიდითა შენითა მრავალ სასწაულთა მოქმედო, შენ შორის დამკჳდრებულითა საღმრთოჲთა მადლითა ადიდე და განანათლე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, მღუდელშუენიერებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფეჲ, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლადსამღუდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველი სამღდელო და სამონაზნო დასნი, წმიდითა ლოცჳთა შენითა დაიფარენ სამხედრო განწესება და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი: ევედრე, მეფეო, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რაჲთა მოგუმადლოს სულთა და ჴორცთა მშჳდობაჲ და სიმრთელეჲ და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.
ჵ, ყოვლადსაწადელო, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო, დავით, ყოვლად0წმიდისა სამებისა მიერ ღმრთიუშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლად ბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ-გუეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მოგუანიჭოს მართლმადიდებლობითა განათლებაჲ, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვებაჲ და სასუფეველსა ცათასა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წიდათა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და მარადის უგალობდეთ შენსა მადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხსენება 18 (31) მაისი
დავითი და ტარიჭანი ქართველ მეფეთა კარზე მეტად დაახლოებული ვარდან ერისთავის შვილები იყვნენ. ქრისტიანი მშობლები შვილებსაც ქრისტიანებად ზრდიდნენ. მაგრამ ვარდანი მალე გარდაიცვალა. მისი მამული კი დავითისა და ტარიჭანის დედის ძმამ, წარმართმა თეოდოსიმ მიიტაცა და დევნა დაუწყო საკუთარ დასა და დისშვილებს. იგი დაჟინებით მოითხოვდა დისაგან ქრისტიანობის უარყოფას და წარმართული კერპების თაყვანისცემას. თაგინემ მტკიცე უარი გამოუცხადა ძმას. მაშინ ბიძამ დისშვილები მოიპატიჟა, უმასპინძლა, მამულის დაბრუნებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი მათგანაც ქრისტიანობის უარყოფას ითხოვდა. დავითმა და ტარიჭანმაც მტკიცე უარი უთხრეს ბიძას. თეოდოსი განრისხდა და განიზრახა ჩუმად დაეხოცა ისინი. თაგინემ იგრძნო მოსალოდნელი უბედურება და შეშინებული სამცხეში გადაიხვეწა შვილებთან ერთად.
ამან თეოდოსი ვერ დაამშვიდა. მან მდევრები დაადევნა ლტოლვილებს, შეიტყო, სად აძოვებდნენ ცხვარს მისი დისშვილები, წაიყვანა მეომრები და ჩაუსაფრდა ყრმებს. მთის წვერზე მოთამაშე ძმებმა ხმაური გაიგონეს, ხოლო როცა შეიარაღებული მეომრები დაინახეს, შეშინდნენ. ამ დროს დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაიქცა მისკენ. თეოდოსიმ კი იშიშვლა მახვილი და დავითი სიცოცხლეს გამოასალმა. თავზარდაცემული ტარიჭანი სოფლისაკენ გაიქცა, მაგრამ დადევნებულმა მეომრებმა ისიც განგმირეს.
სოფლელებმა დაინახეს მთისკენ მიმავალი შეიარაღებული მეომრები და იქითკენ გაეშურნენ. მათ გზაში მოკლული ტარიჭანი იპოვეს. მთაზე კი დაბრმავებული თეოდოსი იდგა და ხმას ვეღარ იღებდა. ამ დროს თაგინეც მოვიდა ტირილითა და გლოვით და ძმას უთხრა: რად ქმენ ეს? განა არ გეყო მთელი ჩემი ქმრის ქონება, რომ შვილებიც დამიხოცეო? თეოდოსიმ მიუგო: შენი შვილები წმინდანები გახდნენ. გევედრები, თხოვე მათ, ილოცონ ჩემთვის, რადგან მე უკვე დავრწმუნდი, რომ თქვენი ღმერთია ჭეშმარიტი.
ამ სიტყვებზე თაგინე გონს მოეგო, მიხვდა, რომ უფალმა წაიყვანა მისი შვილები, აპატია თეოდოსის, შემდეგ ძმას დავითის სისხლი მოსცხო თვალებზე და დაბრმავებულ თეოდოსისაც მაშინვე აეხილა თვალები.
ღამით წმინდა მოწამეთა საფლავებს ნათელი დაადგა. თეოდოსი ცხარე ცრემლებით სტიროდა ჩადენილი ბოროტების გამო, კათოლიკოსს ეახლა და შენდობა სთხოვა, მოინათლა და ეკლესია ააგო მოკლული დავითის სახელზე. სოფლის მთავარმა კი ტარიჭანის სახელზე ააგო ტაძარი და იქ დაკრძალა მისი სხეული.
მოწამეთა შენთა უფალო დავით და ტარიჭან ღუაწლსა შინა მათსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.