წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I ს.)

ხსენება 30 ნოემბერი (13 დეკემბერი), 29 აპრილი (12 მაისი)

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში გამოჩნდა წმიდა იოანე ნათლისმცემელი, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას, რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როდესაც მოციქულებმა წილი ჰყარეს საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს, თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა და აკურთხა დიდ ღვაწლზე. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, მივიდა ქართველთა ქვეყანაში, რომელსაც დიდაჭარა ეწოდებოდა. სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართი მოაქცია. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. ასწავლა სჯული, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა. მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, სდაც იმ მხარის გამგებელს გარდაცვლილი ვაჟი მკვდრეთით აღუდგინა. მადლიერმა დედამ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და შვილთან ერთად მოინათლა. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, გაიარეს ტაოს ქვეყანა ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ, ხოლო ანდრეა სვიმონთან ერთად აფხაზეთში ჩავიდადა ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარმა ანდრეამ სვიმონ კანანელი სხვათა მოწაფეებთან ერთად იქ დატოვა და თავად ჯიქეთში ავიდა. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა თვალები ზეცად აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ჯვარზე დაკიდებულმა აკურთხნა მორწმუნეები. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდის ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

 

წმინდა ანდრია პირველწოდებულის
ტროპარი

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.