მართლი ანა - დედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ხსენება 25 ივლისი (7 აგვისტო)

მნეტარი ანა მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ–ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით გამოირჩეოდნენ. შემოსავლის ნაწილს მოწყალებაში გასცემდნენ, ნაწილს ტაძარს სწირავდნენ, ხოლო დანარჩენს საკუთარი საჭიროებისათვის იყენებდნენ. მაგრამ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ, რაც მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა სასჯელად ითვლებოდა.

დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში ადიოდნენნ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალიჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: „ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო“.

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა“.

ანგელოსი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ.

მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს და იქ აღიზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად. მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში 79 წლის ასაკში ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.

 

წმინდა იოაკიმესა და ანას
ტროპარი

რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

კონდაკი

პირველთა მათ მშობელთა ქრისტესთა ჴსენებაჲ ვიდღესასწაულოთ და სარწმუნოებით ვითხოვოთ მათგან შეწევნა, რაჲთა ვიჴსნეთ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, რომელნი ვჴმობთ, ვითარმედ ღმერთი ჩუენი ჩუენ თანა არს, რომელმან ადიდნა ესენი, ვითარცა სათნო იყო.