ჯერ კიდევ ქრისტეს განკაცებამდე ებრაელები ღვთისმსახურების დაწყებას საყვირით ამცნობდნენ ერთმანეთს და სალოცავ კარავში იკრიბებოდნენ. საყვირს ხმარობდნენ იერუსალიმის ტაძარშიც. პირველ ქრისტიანებსაც უნდა ჰქონოდათ ეს წესი, მაგრამ რადგან დევნიდნენ, მალულად იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებაზე და ამ წესს ვერ იყენებდნენ. ისინი რომელიმე მორწმუნის მეშვეობით აგებინებდნენ ერთმანეთს ლიტურგიის დაწყების დროს. შემდგომ, როცა ქრისტიანობა გაძლიერდა, ფიცრის სარეკელს (ანუ ძელის ზარს) იყენებდნენ: რკალისებრ სპილენძს ურტყამდნენ ფიცრის ნაჭერს და მლოცველნი ამ ხმაზე იკრიბებოდნენ ტაძარში. სპილენძისა და ფიცრის ჩამოსაკიდებლად აგებდნენ გადახურულ კოშკებს, აქედან უნდა იღებდეს სათავეს სამრეკლოების შენება.
კონსტანტინე დიდის დროს დაიწყეს ბუკების ხმარებაც. ძელზე კვრა და ბუკის ახმიანება ზარების შემოღების შემდეგაც არ შეწყვეტილა. მაგალითად, ცნობილია, რომ ჩვენში, ილორში (ოჩამჩირის რაიონი), ღვთისმსახურების დაწყებამდე ჯერ ძელს ჰკრავდნენ და შემდეგ ზარებს დარეკავდნენ, ხოლო საუფლო დღესასწაულებში ბუკსაც აახმიანებდნენ ხოლმე.
ეკლესიებში ზარების ხმარება შემოიღეს IV საუკუნეში. მის დამკვიდრებას ეკლესია იტალიელ ეპისკოპოსს - წმინდა პავლეს მიაწერს. წმინდა პავლეს აწუხებდა ზარის ფორმისა და ზომის საკითხი. ერთხელ მან ველად ნახა ზარის მოყვანილობის ყვავილები და გადაწყვიტა ზარებიც მათი მსგავსი დაემზადებინა.
თავიდან ზარები ძნელად მკვიდრდებოდა, თუმცა VIII-IX საუკუნეებში მთელს ევროპაში გავრცელდა, XII საუკუნისათვის კი უკვე მთელ ქრისტიანულ სამყაროში გამოიყენებოდა.
ეკლესია-მონასტრებში ზარებს განსაკუთრებული წესით რეკავდნენ: სადაგი დღის მწუხრისა და ცისკრის ლოცვის დაწყებისას მხოლოდ ცალ ზარს რეკავდნენ, თანაც 33-ჯერ. დიდი მწუხრისა და ლოცვის დაწყებისას, ასევე ღამისთევის ლოცვის დაწყებისას ჯერ დედო ზარს (მთავარი, ყველაზე დიდი ზარი) დარეკავდნენ რამდენჯერმე, შემდეგ - ყველას ერთად. წირვის დაწყებისას ჯერ კვეთის ზარს რეკავდნენ, შემდეგ დედო ზარს, შემდეგ კი ყველა ზარს ერთად.
ზარები ირეკება წირვის მსვლელობისასაც: ზოგან „ღირს არსის“ გალობისას, ზოგან სახარების კითხვისას, წირვის შემდეგ კი ყველა ზარი ერთად აგუგუნდება.
მწუხრის, ცისკრის ლოცვისა და წირვის დაწყებისას ზარის რეკვა ნიშნავს ხალხის მოწოდებას სალოცავად. ზარები ერთად ირეკება იმისათვის, რომ ღვთისმსახურებას საზეიმო ელფერი ჰქონდეს ამა თუ იმ დღესასწაულზე. წირვის წინ ცალი ზარის რეკვა ნიშნავს წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებას ქრისტეს შესახებ და მორწმუნე ერის მოლოდინს მისი განკაცებისადმი. ამის შემდეგ ზარების ერთად რეკვა ნიშნავს იმას, რომ წინასწარმეტყველება ახდა და ღმერთი ხორციელად იშვა.
შუა წირვის ზარი მორწმუნეებს მოაგონებს, რომ იწყება უსისხლო მსხვერპლშეწირვის განსაკუთრებული მონაკვეთი, როცა სულიწმიდის მეშვეობით პური და ღვინო გარდაიქმნება სისხლად და ხორცად.
ძველად საქართველოში მტრის შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრებში განგაშის ზარს რეკავდნენ და მოსახლეობა საიმედო ადგილებს აფარებდა თავს.
ზარებს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ფორმისას ასხამდნენ, რასაც თავისი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ბიზანტიური ზარები მუზარადის ფორმისა იყო და ეკლესიის ძლიერებას გამოხატავდა. რუსული ზარი მომრგვალებულია და ბოლო ფარფლიანი ქუდივით აქვს გაშლილი. ასეთი ზარების ხმა დიდ მანძილზე ისმის.
ქართული ზარი გუმბათისებური ფორმისაა. ეს გასაოცარი მიგნებაა სამი თვალსაზრისით: 1. ზარის გუმბათი ტაძრის გუმბათს ძალიან უხდება; 2. გუმბათში ხმა კარგად ისმის, ამდენად, ასეთი ზარი ღრმა, რბილ და წკრიალა ხმას გამოსცემს; 3. ზარის გუმბათიდან გამოსული ხმა მრავალფეროვანია, მსმენელში დადებით გრძნობებს იწვევს და სიკეთის განცდას ბადებს. ზარი ღვთიური სამყაროს ჰარმონიის ნაწილია.
გამოყენებული ლიტერატურა:
თამაზ სახეიშვილი ნოდარ მამისაშვილი
ჟურნალი „ციცინათელა“
#28, 1998
„ციდან ჩამოესმა რეკა“