შარავანდედი

ბავშვებო, ხატებზე წმინდანების გამოსახულებას რომ დააკვირდეთ, შენიშნავთ, რომ მათ თავის გარშემო წრე აქვთ შემოხაზული. ამ წრეს შარავანდედს უწოდებენ. შარავანდედს გამოსახავენ მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანების თავზე. მაცხოვარს ყველასაგან განსხვავებული შარავანდედი ადგას; მასში ჯვარია გამოსახული.

შარავანდედი ზეციური ნათლის გამოსახულებაა, ღვთაებრივი ნათელი ღვთის რჩეულ ადამიანს განასხივოსნებს. ასე, მაგალითად, წმინდა წინასწარმეტყველი მოსე იძულებული იყო სახე საფარველით დაეფარა, რომ მისი სახისაგან არეკლილი ზეციური ნათლით ადამიანები არ დაებრმავებინა.