მღვდელმსახურნი და მათი თანაშემწენი

სამღვდელოება ეკლესიაში ღვთისმსახურებას ასრულებს. ისინი ქრისტეს მოციქულთა საქმის გამგრძელებლები არიან. მღვდლობის სამი საფეხური არსებობს, მათ სხვაგვარად მღვდლობის სამ ხარისხს უწოდებენ.

დიაკონი

დიაკონი ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. დიაკონი წირვა-ლოცვის დროს კვერექსებს წარმოთქვამს. კვერექსს მოკლე ლოცვა-ვედრებას უწოდებენ, რომელზეც მგალობელთა გუნდი გალობით პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“ ან „მოგვმადლე უფალო“.

მღვდელი

მღვდელი ატარებს წირვა-ლოცვას, ნათლავს, იღებს აღსარებას, ასრულებს ჯვრისწერას, პანაშვიდს, აკურთხებს ჯვრებსა და ხატებს.

ეპისკოპოსი

ეპისკოპოსს სხვაგვარად მღვდელმთავარს უწოდებენ. მხოლოდ მას შეუძლია მირონის კურთხევის წესის შესრულება, დიაკვნად ან მღვდლად კურთხევა. სამღვდელო ხარისხში აყვანას სხვაგვარად ხელდასხმა ეწოდება. ხელდასხმის დროს ადამიანზე სულიწმიდის მადლი გადმოდის.

ღვთისმსახურებაში სამღვდელოებას მედავითნეები და სტიქაროსნები ეხმარებიან.

მედავითნე

მედავითნეს სხვაგვარად წიგნის მკითხველს უწოდებენ. მედავითნეები წირვა-ლოცვის დროს სხვადასხვა ლოცვებს კითხულობენ, სადაც ჩართულია წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები. სწორედ ამის გამო უწოდებენ მათ მედავითნეებს.

სტიქაროსნები ანუ მნათეები

სტიქაროსნები საკურთხევლის მსახურები არიან. ისინი ღვთისმსახურების დროს ეხმარებიან სამღვდელოებას. მათ სტიქაროსნებს იმიტომ უწოდებენ, რომ გრძელი, ფერადი სტიქრები აცვიათ, რომელზეც აუცილებლად ჯვარია გამოსახული. სტიქაროსანი ბავშვიც შეიძლება იყოს.