კვეთა. სამკვეთლო

წირვის დაწყებამდე და მის პირველ ნაწილში მღვდელმთავარი ან მღვდელი კვეთას აღასრულებს. კვეთას სეფისკვერიდან საგანგებო ლახვრით ამოღებულ ნაწილებს უწოდებენ.

წირვაზე 5 დიდი ზომის სეფისკვერი იწირება. 4 მათგანზე გამოსახულია ჯვარი, ერთზე კი - ყოვლადმიდა ღვთისმშობელი. ჯვრისგამოსახულებიან სეფისკვერებს შორის არჩევენ საუკეთესოს და იგი ტარიგად იწირება. ტარიგი განასახიერებს ჯვარცმულ მაცხოვარს. საგანგებო ლახვრით ტარიგიდან გული ამოიკვეთება და ფეშხუმზე იდება. ფეშხუმად იწოდება ლანგრის ფორმის საეკლესიო ჭურჭელი, რომელზეც სეფისკვერიდან ამოკვეთილი ნაწილები ლაგდება.

შემდეგ მღვდელმსახური ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე ლახვრით იღებს ნაწილს და მას ტარიგის ნაწილის მარჯვნივ ფეშხუმზე განათავსებს. მერე ერთ-ერთი ჯვარგამოსახულებიანი სეფისკვერიდან 9 ნაწილი ამოიღება: ანგელოზთა 9 დასის, წმიდა იოანე ნათლისმცემლის და სხვა წმიდანთა სახელზე. ეს ნაწილები ფეშხუმზე ტარიგის მარცხნივ თავსდება. დანარჩენ ორ სეფისკვერიდან კი იღებენ ნაწილებს ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელებზე. აღსანიშნავია, რომ კვეთა მხოლოდ იმ ადამიანთა სახელზე სრულდება, ვინც მონათლულია. ეს ნაწილები ფეშხუმზე ტარიგის ქვემოთ განთავსდება.

კვეთა საკურთხევლის მარცხნივ მდებარე ნაწილში - სამკვეთლოში სრულდება.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№14(30). 2004წ. 9 ივლისი