საყვარელო ბავშვებო, კვერექსი ეწოდება იმ მოკლე სავედრებელ ლოცვებს, რომელთაც დიაკონი ამბიონზე ხატების წინ წარმოთქვამს და რომელთაც მგალობელთა გუნდი პასუხობს - „უფალო შეგვიწყალენ“ ან „მოგვმადლენ უფალო“.
კვერექსები სხვადასხვაგვარი არსებობს: დიდი ან მშვიდობიანი, მცირე, მრჩობლი, თხოვნითი. იცით, როგორ უნდა განვასხვავოთ ეს კვერექსები?
დიდ კვერექსს ასევე მშვიდობიანსაც უწოდებენ, რადგან იგი იწყება სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“. იგი „დიდად“ იმიტომ იწოდება, რომ მრავალი მცირე ლოცვისაგან შედგება. მისგან განსხვავებით, „მცირე კვერექსი“ სულ 2 ან 3 მცირე ლოცვისაგან შედგება და იგი იწყება სიტყვებით: „მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
„მრჩობლი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა“. ეს კვერექსი განსაკუთრებული სავედრებელია, სიტყვა „მრჩობლი“ - ორმაგს ნიშნავს. მასზე გუნდი სამჯერ პასუხობს: „უფალო შეგვიწყალენ“.
„თხოვნითი კვერექსი“ იწყება სიტყვებით: „აღვუსრულოთ ვედრებაი ჩვენი უფალსა“ და გუნდი პასუხობს გალობით: „უფალო შეგვიწყალენ“ და „მოგვმადლენ უფალო“.
კვერექსი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცირე სავედრებელი ლოცვებისაგან შედგება და მათში მოიხსენიება: ჩვენი მამული, მთავრობა და მხედრობა, წმიდა ეკლესია, მისი მეთაური, მღვდელმთავარნი, სამღვდელოება, მრევლი, ჩვენი გარდაცვლილი წინაპარნი. კვერექსებში უფლისაგან ვითხოვთ მშვიდობას, წყალობას, განსაცდელისაგან ხსნას და საუკუნო ცხოვრებას ყველა ადამიანისთვის. წმიდა ეკლესია უფალს ასევე ევედრება ჩვენი უკვე გარდაცვლილი წინაპრების სასუფეველში დამკვიდრებას.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№18(34). 2004წ.
5 ნოემბერი