დიდი გამოსვლა

წირვაზე „რომელი ქერუბიმთას“ გალობის შემდეგ ღვთისმსახურებს დაფარნებით დაბურული ბარძიმ-ფეშხუმი სამკვეთლოდან ტრაპეზზე საზეიმოდ გადააქვთ. სასულიერო პირები სამკვეთლოდან საკურთხევლის ჩრდილოეთი კარიდან გამოდიან და მორწმუნეთა წინაშე ამბიონზე ბარძიმ-ფეშხუმს აღამაღლებენ. ამ ქმედებას დიდი გამოსვლა ეწოდება.

ამბიონზე გამოსული მღვდელი ან მღვდელმთავარი ჯერ ფეშხუმს და შემდეგ ბარძიმს აღამაღლებს და ლოცვებში იხსენიებს პატრიარქს, მღვდელმთავრებს, ეკლესიის მსახურებსა და მრევლს, ცოცხლებსა და მიცვალებულებს.

ამბიონიდან მოხსენიების შემდეგ ბარძიმ-ფეშხუმს სამეუფო კარიდან საკურთხეველში შეაბრძანებენ და ტრაპეზზე განათავსებენ.

დიდი გამოსვლა სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს ჯვრიდან ჩამოხსნასა და დაფვლას განასახიერებს.

მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№17(33). 2004წ. 22 ოქტომბერი