მარიან გაგუა

წმიდა აიაზმა

წყალკურთხევას სხვაგვარად აიაზმას უწოდებენ. „აიაზმა“ ბერძნული სიტყვაა და ნაკურთხ წყალს ნიშნავს.

დიდი აიაზმა ეკლესიაში ნათლისღების დღესასწაულზე აღესრულება.

ნათლისღება - ეს არის დღე, როდესაც წმიდა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაშინ სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით და გაისმა ხმა მამაზეციერისა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი!“ ამ დღესასწაულს კიდევ ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან ადამიანებმა ყოვლადწმიდა სამება იხილეს: იესო ქრისტე - ძე ღვთისა, სულიწმიდა - მტრედის სახით და გაიგეს მამაზეციერის ხმა.

ნაკურთხი წყალი ეკლესიაში მთელი წლის განმავლობაში გამოიყენება. თუ ტაძარს ნაკურთხი წყალი მოაკლდა, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს მცირე წყალკურთხევა.

ნაკურთხი წყლით იკურთხევა ტაძრები, ჯვრები, ხატები. ნაკურთხ წყალს მოძღვრები ასხურებენ მორწმუნეებს. იგი აგრეთვე სახლის კურთხევისას გამოიყენება.

ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეებს სახლებში მიაქვთ მცირეოდენი ნაკურთხი წყალი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში იზოგავენ. ყოველ დილით უზმოზე მორწმუნენი სეფისკვერთან ერთად ნაკურთხ წყალსაც იხმევენ.

გამოყებენული წყარო:
გაზეთი „ალილუია“
№2(39). 2005 წ. 21 იანვარი