მე მწამს, რომ არსებით ღმერთი არის ერთი, მაგრამ სამსახოვანი: პირველი სახე არის მამა ღმერთი, მეორე - ძე ღმერთი, მესამე - სულიწმიდა ღმერთი. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლადწმიდა სამებას, ერთარსებას და განუყოფელს. ყოვლადწმიდა სამების სამივე სახე თანასწორი ღირსებისაა, ამიტომ შეეფერება მათ ერთნაირი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.
ღმერთი არის მარადიული სული, ყოვლადკეთილი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადმართალი, ყოვლადძლიერი, ყოველგან მყოფი, უცვალებელი, ყოვლად ნეტარი.
ყოვლადწმიდა წამების სახენი განირჩევიან იმით, რომ მამა ღმერთი არც იშობა და არც გამოდის სხვა პირისაგან; ძე ღმრთისა იშობა მამა ღმერთისაგან; სულისწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან.
ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისმპყრობელსა და შემოქმედს, რადგან მან შექმნა ცა და ქვეყანა, ყოველივე ხილული და უხილავი და მას ემორჩილება ყოველივე, რაც კი არის.
უხილავში იგულისხმებიან ანგელოზები, რომელთაც მინიჭებული აქვთ გონება, ნება და ძალა. სიტყვა ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს, მოამბეს. ასე მათ იმიტომ ეწოდებათ, რომ ღმერთი აგზანვის მათ თავისი ნების მაუწყებლად. ნათლისღების დროს ღმერთი ყოველ ქრისტიანს უგზავნის მფარველ ანგელოზს, რომ დაიფაროს მისი სული და ხორცი ყოველგვარი ბოროტებისა და ეშნაკისაგან.
ეშმაკი ცოდვილი და ღმრთისაგან შერისხული ანგელოზია, რომელსაც შურს კაცის და ცდილობს აცდუნოს და ჩაადენინოს ცოდვა. ეშმაკისაგან და ყოველივე ბოროტისაგან თავი უნდა დავიცვათ ქრისტე ღმერთის სახელის სხენებით, ლოცვითა და მარხვით.
ღმრთის განგება არის ღმერთის მოქმედება, რომლითაც ის იფარავს ქმნილებათა მყოფობას. ყოველ კეთილ საქმეს ჩადის, ხოლო ბოროტს სპობს, ან ასწორებს და მიმართავს კეთილი შედეგისაკენ.
მეორე მუხლში ლაპარაკია სამების მეორე სახის, ღმრთის ძის, იესო ქრისტეს შესახებ. „იესო“ ნიშნავს მაცხოვარს; „ქრისტე“ კი ნიშნავს ცხებულს. რატომ ეწოდება ღმრთის ძეს მაცხოვარი? - იმიტომ, რომ ის იშვა კაცთა საცხოვნებლად (გადასარჩენად). იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას ვუწოდებთ მხოლოდშობილს, რადგან ის შობილია ყოველ დროზე ადრე, ე.ი. ის არის ისეთივე მარადიული ძე ღმრთისა, როგორც მარადიულია მამა ღმერთი.
„ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნილი“ ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტე არის ნათელი, და შობილია ასევე ნათლისაგან, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და შობილია ასევე ჭეშმარიტი ღმერთისაგან. იგი არის შობილი მამა ღმერთისაგან და შექმნილი, როგორც სხვა ქმნილებები. ამასთან, თანაარსია მამისა, ანუ აქვს ერთიდაიგივე არსება მამა ღმერთთან.
„რომლისაგან ყოველი შეიქმნა“ ნიშნავს იმას, რომ ძე ღმერთისაგან შექმნილია ყოველივე ისევე, როგორც მამა ღმერთისაგან, ე.ი. ის არის ისეთივე შემოქმედი, როგორიცაა მამა ღმერთი.
მრწამსის მესამე მუხლში საუბარია ღმრთის ძის, იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. სიტყვები - „ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით“ ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, და ჩვენი ხსნისთვის გადმოვიდა ზეციდან ქვეყნად. სახელდობრ, რისგან უნდა გამოვეხსენით მას? - ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან. ცოდვა არის სჯულის დარღვევა, რის გამოც ადამიანი დაისაჯა წყევით. ცოდვამ გამოიწვია სიკვდილი. არის სიკვდილი ხორციელი და არის სიკვდილი სულიერი. ხორციელი სიკვდილი ხორცისა და სულის გაყრაა, სულიერი სიკვდილი არის ღმერთის მადლის მოკლება.
სიტყვები - „და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა“ ნიშნავს, რომ ძე ღმრთისამ მარიამ ქალწულისაგან სულიწმიდის გადმოსვლით მიიღო კაცის სხეული. ღმრთის განკაცება ნიშნავს იმას, რომ იგი შეიქმნა სრული კაცი, მიიღო არა მარტო კაცის სხეული, არამედ კაცის სულიც.
ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს უწოდებს ღმრთისმშობელს და, როგორც ღმრთის დედას, ქერაბინებსა და სერაბინებზე მეტ პატივს სცემს.
მეოთხე მუხლში ლაპარაკია იესო ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ, როგორ იტანჯა და მოკვდა სხეულით, ე.ი. კაცობრივი ბუნებით და არა ღმრთაებრივით.
ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს, რომელიც იყო იუდეის რომაელი მმართველი.
სიტყვები - „ივნო და დაეფლა“ ნიშნავს, რომ მან დაითმინა წამება, მოკვდა ჯვარზე და დაასაფლავეს.
მეხუთე მუხლში საუბარია იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. „მსგავსად წერილისა“ ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა, იესო ქრისტე, აღდგა თავისი ღმრთაებრივი ძლიერებით, გაცოცხლდა სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს, როგორც წინასწარმეტყველთა მიერ იყო წინათვე თქმული და დაწერილი საღმრთო წერილში.
მეექვსე მუხლი ლაპარაკობს იესო ქრისტეს ზეცაში ამაღლების შესახებ. რომელი ბუნებით ამაღლდა იესო ქრისტე ზეცაში, ღმრთაებრივით თუ კაცობრივით? - ის კაცობრივი ბუნებით ამაღლდა. ხოლო ღმრთაებრივი ბუნებით ის ყოველთვის იმყოფებოდა ზეცაშიც და ქვეყანაზეც.
ამაღლების შემდეგ ის დაჯდა მამა ღმერთის მარჯვენით, ე.ი. მას აქვს ისეთივე ძალა, დიდება და პატივი, როგორც მამა ღმერთს.
გამოყენებული ლიტერატურა:
დამუშავებულია ნესტორ ყუბანეიშვილის
„პირველდაწყებითი დარიგება საღვთო სჯულის სწავლებაზე“ მიხედვით