რატომ ეწოდება ამ ლოცვას საუფლო? იმიტომ, რომ თვითონ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ასწავლა იგი თავის მოწაფეებს, რომლებმაც შემდეგ გადასცეს იგი ყველა ქრისტიანს.
საუფლო ლოცვა შეიძლება დავყოთ მოწოდებად, შვიდ თხოვნად და დიდებისმეტყველებად.
თავდაპირველად ჩვენ მოვუწოდებთ ღმერთს - ჩვენს ზეციურ მამას. ჩვენ მას „მამად“ იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ უფალს ყოველი ჩვენთაგანი უყვარს, ვითარცა შვილი. ამიტომ ლოცვის დროს სიყვარულითა და იმედით უნდა წარვდგეთ ჩვენი მამის წინაშე. ამასთან, ჩვენ ყოველთვის ასე უნდა მივმართოთ: „მამაო ჩვენო“ და არა „მამაო ჩემო“. ეს იმიტომ, რომ გვმართებს ყველასათვის ვილოცოთ და არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის.
ჩვენ ვამბობთ: „რომელი ხარ ცათა შინა“. მაგრამ ღმერთი ხომ ყველგანმყოფია? მაშინ რას ნიშნავს ეს სიტყვები? - იმას, რომ, მართალია, ღმერთი ყველგან არის, მაგრამ მისი განსაკუთრებული საუფლო ზეცაა. ჩვენც, როდესაც ღმერთთან საუბარი გვსურს, უნდა დავივიწყოთ ყოველივე მიწიერი და ზეციურზე ვიფიქროთ, იქ გადავსახლდეთ სულითა და გულით.
ამის შემდეგ ჩვენ თხოვნებზე გადავდივართ. პირველად ვითხოვთ, ერთი შეხედვით, უცნაურ რამეს: წმინდა იყავნ სახელი შენი. რას ნიშნავს ეს? განა ღმერთის სახელი ისედაც წმინდა არ არის? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ თხოვნით ჩვენ ღმერთს ვევედრებით, რომ შეგვეწიოს, ვიცხოვროთ წმინდად და ჩვენი კეთილი საქმეებით მისი წმიდა სახელის დიდება განვავრცოთ ადამიანთა შორის, რომ მათაც, ნახავენ რა ჩვენს კეთილ საქმეებს, ადიდონ ჩვენი ზეციერი მამა. ამდენად, ამ თხოვნით ჩვენ ღმერთს სიწმინდით ცხოვრების ძალას ვევედრებით.
„მოვედინ სუფევა შენი“, - ვითხოვთ შემდგომ ამისა. ამ სიტყვებით ვევედრებით, რომ უფალი, რომელმაც ქვეყანაზე დააფუძვნა თავისი მადლის სუფევა, ე.ი. ღმრთის ეკლესია, და რომელმაც ჩვენ, ქრისტიანები, ამ თავის სუფევაში მიგვიღო, შეგვეწიოს, რომ ვიყოთ მისი სუფევის ჭეშმარიტი შვილები ქვეყანაზე; ესე იგი, არა მარტო გვერქვას ქრისტიანები, არამედ ვცხოვრობდეთ კიდეც ქრისტიანულად.
შემდეგ ჩვენ ვითხოვთ: „იყავ ნება შენი“, ანუ ყოველივე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რაც შეგვემთხვევა, მოხდეს ისე კი არა, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ როგორც ღმერთს ნებავს, რადგან ღმერთმა უკეთ იცის, რა არის სასარგებლო და საჭირო.
ამ სიტყვებს ჩვენ ვუმატებთ: „ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ იმიტომ, რომ ზეცაში ანგელოზები და წმინდანები ყოველთვის ასრულებენ ღვთის ნებას. დაე, ასე იყოს მიწაზეც.
მეოთხე თხოვნაში ვითხოვთ, რომ „პური ჩვენი არსობისა“ მოგვცეს ჩვენ დღეს. აქ იგულისხმება როგორც ხორციელი საჭიროებანი, მაგალითად, საზრდელი, ტანსაცმელი, ბინა და ა.შ. ასევე სულიერი საზრდოც: მადლი, რომელსაც ვიღებთ წმინდა საიდუმლოებებით (ნათლისღებით, აღსარებით, ზიარებით და ა.შ.), რაც აუცილებელია სულიერი არსებობისათვის.
მეხუთე თხოვნა ასე გამოითქმის: „და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ჩვენ ვითხოვთ, რომ ღმერთმა გვაპატიოს ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ადამიანებს, რომელთაც გვაწყენინეს და შეგვაწუხეს. მაგრამ თუ ჩვენ არ ვაპატიებთ სხვებს, მაშინ რა მოგველის? - მაშინ არც ჩვენ გვაპატიებს ღმერთი ჩვენს ცოდვებს და გარდაცვალების შემდეგ საუკუნო სატანჯველში წარვიგზავნებით.
ამის შემდეგ ვითხოვთ, აგვაშოროს განსაცდელნი: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“. განსაცდელი არის ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, რომლის დროსაც შეიძლება ადვილად დავკარგოთ სარწმუნოება, ან ჩავვარდეთ მძიმე ცოდვებში. ასეთი განსაცდელები მოდის ჩვენი ხორციდან, საწუთროსაგან, კაცთაგან და ეშმაკებისაგან. ამიტომ ჩვენ ვევედრებით უფალს, განსაცდელში მოგვცეს სიმტკიცე, ანუ ძალა ყოველივეს დაძლევისა.
ბოლო, მეშვიდე თხოვნაში ვითხოვთ: „არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“, ანუ ღმერთს ვევედრებით გამოგვიხსნას ყოველი ბოროტისა და გასაჭირისაგან, აგრეთვე ცოდვისა და ეშმაკისაგან.
საუფლო ლოცვას ვასრულებთ ღვთის დიდებისმეტყველებით (თუმცა ამ სიტყვებს მხოლოდ სასულიერო პირები ამბობენ): „რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. დიდებისმეტყველებით ქრისტიანები გამოვხატავთ იმედს, რომ მივიღებთ, რაც ვითხოვეთ, რამეთუ ღმერთს ეკუთვნის სუფევა და შეუძლია ყოველივე, რასაც ვთხოვთ, მას ეკუთვნის ძალა და შეუძლია მოგვცეს, რასაც ვთხოვთ; მას ეკუთვნის დიდება, ვინაიდან არის კეთილი და მრავალმოწყალე.
გამოყენებული ლიტერატურა:
არქ. ნესტორ ყუბანეიშვილი
„მოკლე კატეხიზმო“