ყოვლად ძლიერი ღმერთი

ბავშვებო! შეგიძლიათ ისე იცხოვროთ, რომ სხვისი შემწეობა არასოდეს დაგჭირდეთ? არა. რა გჭირდებათ თქვენ სხვისგან? საჭმელი, სასმელი, გამოზრდა. ზრდასრულ კაცს კი ყველას შეუძლია იცხოვროს სხვის დაუხმარებლად? არა. რა სჭირდება მას სხვისგან? ავადმყოფობის დროს მოვლა, გაჭირვებაში დახმარება, იმედი. როდესაც თქვენ დაგჭირდებათ რამე და თვითონ არა გაქვთ, მაშინ ვის სთხოვთ მას? მამას, დედას. თუ დედ-მამა არა გყავთ, მაშინ? ნათესავს, მეგობარს. განა ისეთი არა დასჭირდება რა ადამიანს, რომ ვერც დედ-მამამ, ვერც ვინმე სხვა ნათესავმა ვერ უშოვოს და უშველოს? კი, დასჭირდება. რა? დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება. კარგი! თქვენს დედ-მამას შეუძლია, რომ თქვენ არასოდეს მოკვდეთ, არ არაფერი უბედურება არ შეგემთხვეთ? არა. აბა, ვის შეუძლია მოგვანიჭოს ჩვენ ყოველგვარი ბედნიერება, ან აგვისრულოს ყოველგვარი სათხოვარი? ღმერთს.

კარგი! ამ მთის, ან ამ ქვეყნის დაქცევა შეგიძლიათ თუ არა? არა. მზე რომ ვეღარ ჩავიდეს ხვალ, შესძლებთ? ვერა. მკვდარს გააცოცხლებს კაცი თავისი ძალით? ვერა. როგორი ყოფილა კაცი თავისი ძალით? სუსტი, უძლური, პატარა. თუ ღმერთს ეს ყველაფერი შეუძლია, ღმერთი როგორი ყოფილა? დიდი, ძლიერი, ყველაფრის, ანუ ყოვლისშემძლებელი.

ადამიანი არის სუსტი არსება. მას არ შეუძლია მიანიჭოს კაცს ყოველგვარი ბედნიერება. ამიტომ ადამიანი უძლურია, ღმერთი კი ყოვლადძლიერი არსებაა.

ღმერთი ყველაფრის შემქმნელი და პატრონი

ვინ გვშველის ჩვენ გაჭირვებაში? მშობლები და ნათესავები. ისეთ გაჭირვებაში ვინღა გვშველის, სადაც მათ არ შეუძლიათ დახმარება თუ შველა? ღმერთი. თქვენი მშობლები სხვის ბავშვებზედაც ისე ზრუნავენ, როგორც სხვებზე? არა. მაშასადამე, ადამიანი თავისიანებზე უფრო ზრუნავს, თუ ყველაზე ერთნაირად? თავისიანებზე.

ვინ გაგვაჩინა ჩვენ? ღმერთმა. ღმერთმა გააჩინა ქვეყნად ყველაფერი. მაშ, ვისი გამჩენი ყოფილა ღმერთი? ყველასი და ყველაფრისა. როდესაც გაგვაჩენს ღმერთი, მიგვატოვებს უპატრონოდ? არა, მუდამ გვფარავს, გვივლის. ცივ ზამთარში მზე რომ ამოვა, ვინ გვაძლევს მას? ღმერთი. მზე მარტო ზოგიერთებს ათბობს თუ ყველას ერთნაირად: კარგსაც და ავსაც, დიდსაც და პატარასაც? ყველას. მაშასადამე, როგორი ყოფილა ღმერთი? ყოვლის მოწყალე და პატრონი.

ადამიანი ზრუნავს მხოლოდ თავისიანებზე, ან რამდენიმე პიროვნებაზე, ღმერთმა კი გააჩინა ყველაფერი, იფარავს და შველის ყველას და ყველაფერს. ამიტომ ღმერთი ყველას გამჩენი, პატრონი და მოწყალეა.

ღმერთი ერთი, მაგრამ სამსახოვანი

ბავშვებო! ეკლესიაში წირვაზე ხშირად კითხულობენ და გალობენ: „მრწამს ერთი ღმერთი“. რადგან ღმერთი ერთია, ამიტომ ეკლესიაში კიდევ გალობენ: „ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი“.

მაგრამ ერთი ღმერთი არის სამსახოვანი. პირველი სახეა მამა ღმერთი, მეორე - ძე ღმერთი, მესამე - სული წმიდა ღმერთი. ამიტომ ღმერთს კიდევ ეწოდება ყოვლადწმიდა სამება.

მზე ერთია? დიახ. მაგრამ რა აქვს მას? სითბო. კიდევ? სინათლე. ასევე, მამა ღმერთისგან იშვება, იბადება ძე ღმერთი და გამოდის სული წმიდა ღმერთი. მამა, ძე და სულიწმიდა თანასწორნი არიან და მათ ერთნაირი პატივისცემა, ერთნაირი დიდება ეკუთვნის. ამისთვის ჩვენ ვგალობთ ეკლესიაში: „სამებასა ერთსარსებასა და განუყოფელსა“; „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

დაწყებითი ლოცვა, პირჯვრის წერა და ლოცვა-კურთხევის აღება

ვინმე რომ მუდამ ზრუნავდეს ჩვენზე: კარგად გვაცმევდეს, გვასაზრდოებდეს, გვშველოდეს ავადმყოფობის, უბედურების დროს, ერთი სიტყვით, კეთილის მეტს არაფერს ფიქრობდეს ჩვენზე, რა ეკუთვნის ასეთ კაცს ჩვენგან? რისი ღირსი იქნებოდა იგი? ეკუთვნის, რომ ჩვენ მუდამ გვახსოვდეს იგი, გვიყვარდეს და მის დაუკითხავად არაფერს ვაკეთებდეთ. ღმერთი ჩვენზე მუდამ ზრუნავს, მას როგორღა უნდა ვექცეოდეთ? მუდამ უნდა გვახსოვდეს მისი სიკეთე, მოწყალება და ყველა საქმეს ვიწყებდეთ მისი სახელით. ამიტომ, ბავშვებო, ყოველივე საქმეს: მუშაობას, ლოცვას, სწავლას და სხვას უნდა ვიწყებდეთ ამ სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ“. „ამინ“ ნიშნავს: ასე იყოს, ჭეშმარიტად ასეა.

როდესაც ვკითხულობთ ამ ლოცვას, ვიღებთ მარჯვენა ხელს, ვაერთებთ სამ თითს, ვხრით ორს და შეერთებულ თითებს ვიდებთ ჯერ შუბლზე, მერე გულზე, შემდეგ მარჯვენა მხარზე და ბოლოს მარცხენაზე. შუბლზე ვამბობთ: „სახელითა მამისათა“, გულზე: „და ძისათა“, მარჯვენა მხარზე: „და სულისა წმიდისათა“, მარცხენაზე: „ამინ“. ე.ი. სახეზე ჩვენ ვიხატავთ ჯვარს. ამიტომ ამ მოქმედებას პირჯვრის წერა, ან პირჯვრის გამოსახვა ეწოდება.

როდესაც მიდიხართ მღვდელთან და სთხოვთ რაიმეს, ჯერ რას შვრებით? ვკოცნით ხელზე (ლოცვა-კურთხევას ვთხოვთ). რას ვეუბნებით ამ დროს? „გვაკურთხე, მამაო!“

გამოყენებული ლიტერატურა:
მელიტონ კელენჯერიძე „ილოცე, ბავშვო!“
რაეო, 2005