ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა მოხუცებული მშობლებისაგან - იოაკემესა და ანასაგან, ქალაქ ნაზარეთში.
ქალწული მარიამი მამით დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, დედით კი მღვდელმთავართა მოდგმისა.
იოაკიმე და ანა გამოირჩეოდნენ ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით. შემოსავლის ნაწილს მოწყალებაში გასცემდნენ, ნაწილს ტაძარს სწირავდნენ, ხოლო დანარჩენს საკუთარი საჭიროებისათვის იყენებდნენ. მაგრამ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ, რაც მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა სასჯელად ითვლებოდა.
დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში ადიოდნენნ. ერთხელაც, როცა იოაკიმი ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალიჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: „ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო“.
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა“.
ანგელოსი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ.
მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა მარიამი. ეს დიდი დღესასწაული 8 სექტემბერს აღესრულება.
გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მარიამის გონიერებით. იგი თავისი ასაკის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა. აი, გავიდა სამი წელი და დადგა მარიამის ტაძრად მიყვანების დრო. ნაზარეთში ამ დღესასწაულზე იოაკიმესა და ანნას მრავალი ნათესავი და ახლობელი შეიკრიბა, აქვე იყვნენ მარიამის თანატოლები, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველა გაემართა იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალზე იყო.
აი, გალობითა და ანთებული სანთლებით, მიაღწიეს ტაძრამდეც. კიბე, რომელიც ტაძარში შედიოდა, 15 საფეხურისაგან შედგებოდა. მართალმა მშობლებმა ქალწული მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს. დამსწრეთა განსაცვიფრებლად სამი წლის მარიამმა სხვათა დაუხმარებლად სწრაფად აიარა კიბე და ბოლო საფეხურამდე ავიდა. აქ მას მღველთმთავარი ზაქარია დახვდა, რომელმაც წმინდა ქალწული ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილას, ე.წ. „წმიდათა წმიდაში“ შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა შესვლის უფლება. მაგრამ ეს ღვთის შთაგონებით მოხდა.
მღვდელმთავარმა მარიამს წმიდათა წმიდაში სალოცავად ადგილი მიუჩინა. მოხუცებული მშობლები კი სახლში დაბრუნდნენ.
სამი წლის მარიამი ტაძრად მიყვანების შემდეგ მოათავსეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. უფროსი ქალწულები, მღვდელთმთავრის კურთხევის მიხედვით, მას წმიდა წერილის კითხვასა და ქალის ხელსაქმეს ასწავლიდნენ. მას კითხვის, საქმის და დასვენებისათვის განკუთვნილი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა.
დადგენილი კანონისამებრ ის ალიონზე დგებოდა და დღეში სამჯერ ლოცულობდა: დილას, შუადღისას და საღამოს, დანარჩენ დრის კი წმინდა წიგნების კითხვით და ხელსაქმით იყო დაკავებული. გადმოცემის თანახმად, წმინდა ანგელოზებიყოველდღიურად ეცხადებოდნენ მარიამს, ზეციურ საკვებს აძლევდნენ და ესაუბრებოდნენ მას. ქალწული ართავდა სელსა და მატყლს, ქარგავდა საღვთისმსახურო შესამოსელს. ასე ცხოვრობდა ქალწული მარიამი დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში. ამ დროს გარდაიცვალა იოაკიმე, რომელიც 80 წლისა იყო, შემდეგ კი ანაც მიიცვალა.
მათი დაკრძალვის ადგილს დღემდე მიანიშნებენ იმ კიბესთან, რომელიც გეთსიმანიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამარხ გამოქვაბულში ჩადის.
საყვარელ მშობლებთან განშორებისას მარიამმა მწარედ იგრძნო ობლობა და მიხვდა, რომ ამ ქვეყანასთან უკვე აღარაფერი აკავშირებდა. მან გადაწყვიტა, სიცოცხლის ბოლომდე ღვთის მხევლად დარჩენილიყო და უფლის წინაშე აღთქმა დადო, რომ სამუდამოდ ქალწულებას დაიცავდა.
ებრაული ტრადიციით, ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო.
როდესაც ქალწულ მარიამს 14 წელი შეუსრულდა, მღვდელმთავარმა განუცხადა, რომ წესის მიხედვით, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, გათხოვილიყო და საკუთარ სახლში დასახლებულიყო. ყოვლადწმიდა ქალწულმა მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, რომ იგი მშობლებმა ღმერთს შესწირეს და თვითონაც აღთქმა დადო, რომ ქალწულებას დაიცავდა. მღვდელმთავარი საგონებელში ჩავარდა. ღვთის ნების შესატყობად, იგი წმინდათა წმინდაში შევიდა, სადაც უფლის ანგელოზი იხილა, რომელმაც აუწყა: „ზაქარია, შეკრიბე იუდას ტომის, დავითის სახლის უცოლო მამაკაცები და უბრძანე, რომ ყველამ თავისი კვერთხი მოგიტანოს, ვისზედაც უფალი გარდამოავლენს ნიშანს, მიეცი მას ქალწული, რათა დაიცვას ქალწულება მისი“. ზაქარია მართლაც ასე მოიქცა, მან თორმეტი ღვთისმოსავი და მოხუცებული კაცი აირჩია დავითის ტომიდან, ყველას გამოართვა კვერთხი, ტაძარში შევიდა და ლოცვა დაიწყო. კვერთხები მთელი ღამით დატოვეს ტაძარში. როდესაც მეორე დღეს მღვდელთმთავარი ეკლესიის მსახურებთან და თორმეტ მოხუცებულთან ერთად ტაძარში შევიდა, ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლებულიყო, ხოლო, როცა მღვდელთმთავარმა ყველას დაუბრუნა კვერთხი და უკანასკნელი იოსებს გაუწოდა, დაინახეს, რომ ზეციდან მტრედი ჩამოფრინდა და კვერთხზე ჩამოჯდა. იოსები, რომელიც ქალწულ მარიამს ნათესავად ერგებოდა, ის ამ დროს 80 წელზე მეტისა იყო, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, - თავისი ცოლის სალომეას სიკვდილის შემდეგ, ქვრივად ცხოვრობდა და ექვსი მოზრდილი შვილი ჰყავდა.
იოსები ღვთის ნებას დამორჩილდა და ქალწული მარიამი მასზედ დაიწინდა, ე.ი. გადაეცა მას არა ქორწინებისათვის, არამედ მისი ქალწულების დასაცავად, რათა ეს საიდუმლო ხალხის თვალისაგან დაფარული ყოფილიყო. დაწინდვის შემდეგ იოსები მარიამთან ერთად თავის ქალაქში - ნაზარეთში გაემგზავრა.
იოსები მართალია სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, მაგრამ წინაპრების დიდება და სიმდიდრე განქარდა და ახლა ხუროობით ირჩენდა თავს. მარიამი ხედავდა, რომ მართალი იოსები სახით ღმერთმა მამა და მფარველი მისცა.
დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის დროს შრომაში, ლოცვაში, წმინდა წიგნების კითხვაში, ხელსაქმესა და საშინაო საქმეებზე ზრუნვაში ატარებდა.
ბოლოს მოაღწია დღემ, რომელსაც ადამიანთა მოდგმა 5000-ზე მეტ წელს ელოდა. სახარებაში ნათქვამია, რომ მთავარანგელოსი გაბრიელი ქალწულ მარიამს მაშინ გამოუჩნდა, როდესაც ის წმინდა წერილს კითხულობდა და ფიქრობდა წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვებზე - „ქალწულმან მუცლად იღოს“ - თანაც მხურვალედ ლოცულობდა, ღირსი გაეხადა უფალს, რომ ჩქარა ეხილა მესია. უცებ მის წინაშე მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოსდგა და თითქოს მისი აზრების პასუხად, წარმოსთქვა ღვთაებრივი მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“.
მთავარანგელოსის გამოცხადებამ არ შეაშინა ყოვლადწმინდა ქალწული. ტაძარში ყოფნისას ის ანგელოსების გამოცხადებას და მათთან საუბარს მიჩვეული იყო, მაგრამ უჩვეულო მისალმებამ იგი განაცვიფრა.
მადლიერებით აღვსილმა ქალწულმა მარიამმა ანგელოზის მოკითხვას უპასუხა სიტყვებით: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ამის შემდეგ ანგელოზი უჩინო შეიქმნა.
მარიამი ზეციური მაუწყებლის ხარებულზე დიდხანს ფიქრობდა, მის სულში იმედი და ბედნიერება ჩასახლდა. ძლიერ ხარობდა ასევე თავისი ნათესავის - ელისაბედის გამო, რომელიც უშვილო იყო და რომელიც ანგელოზისვე სიტყვით ყრმას ელოდებოდა. მარიამმა ელისაბედის მონახულება გადაწყვიტა. შეხვედრისას მოხდა სასწაული, ელისაბედი სულიწმიდის მადლით აღივსო და იწინასწარმეტყველა, რომ მარიამი გახდებოდა დედა ღვთისა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“, ასე მიმართა მან მარიამს.
ქალწული ელისაბედის სახლში სამი თვე დარჩა, შემდეგ კი ნაზარეთში დაბრუნდა.
წმინდა ქალწულის მიერ მუცლადღებიდან უკვე მეექვსე თვე იწუდებოდა და მისი მდგომარეობა მართალი მოხუცებული იოსებისთვის შეუმჩნეველი ვეღარ დარჩებოდა. იოსებმა არ იცოდა, თუ რა საიდუმლო ხდებოდა, ამიტომ ძლიერ დაღონდა, რადგან იუდაური წესით, შემცოდე დედაკაცი ქვით იქოლებოდა. იოსებს კი ენანებოდა წმინდა ქალწული, ამიტომ გადაწყვიტა, ფარულად გაეშვა. სწორედ ამ დროს მას ანგელოსი გამოეცხადა და აუწყა, რომ ის, ვინც მარიამისაგან იშვებოდა, იყოს ძე ღვთისა, მხსნელი კაცთა მოდგმისა. ის, ვისაც კაცობრიობა ასე დიდხანს ელოდა. ძლიერ გაიხარა ამ უწყებით მართალმა იოსებმა და ამიერიდან ღვთისმშობელს, როგორც ღვთის დედას, ისე ემსახურებოდა.
და აი, დადგა ქრისტეს შობის დრო. სწორედ იმხანად გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც იმპერიაში ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავის მშობლიურ ქალაქში უნდა აღწერილიყო. წმინდა ოჯახიც ბეთლემისაკენ დაიძრა. ამ გზის გასავლელად სამ დღე-ღამეზე მეტი მაინც იყო საჭირო. დავითი ბეთლემში დაიბადა და მისი მეფედ ცხებაც აქ აღსრულდა. ბეთლემში იყო დავითის მთელი მოდგმა და ამიტომ ის დავით მეფის საგვარეულო ქალაქად სამართლიანად იწოდებოდა.
ბოლოს მათ მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. პატარა ქალაქი მომსვლელებით იყო სავსე. წმინდა მწირები ამაოდ ეძებდნენ თავშესაფარს. არავინ მიიღო ისინი. მაშინ ადამიანთა საცხოვრებელს უდრტვინველად გაშორდნენ და სადგომს ქალაქის შემოგარენში, ჭიშკართან ახლოს ეძებდნენ. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. აი, სწორედ ამ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები. ამ გამოქვაბულში იშვა ქრისტე.
ყოვლადწმინდა მარიამმა ღვთაებრივ ყრმასთან და იოსებთან ერთად ბეთლემის გამოქვაბულში 40 დღე გაატარა, პირველი წუთებიდანვე დაიწყო ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთისა მსახურება.
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.
მოსეს სჯულის მიხედვით ქალი, რომელსაც ბიჭი შეეძინებოდა, პირმშოს შობიდან მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა წასულიყო და მსხვერპლლად კრავი უნდა შეეწირა, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილი გვრიტი ან მტრედი.
ქალწული მარიამი უფლის დედა გახდა, მაგრამ ქალწულად დარჩა, ამიტომ მას განწმენდა არ სჭირდებოდა, მაგრამ მორჩილების გამო დადგენილ წესს არ გადაუხვია. მან ტაძარში მიიტანა მსხვერპლი - წყვილი მტრედი.
ამ დროს სულიწმინდის შთაგონებით ტაძარში მოვიდა მოხუცებული სვიმეონი, მარიამს მიუახლოვდა, გამოართვა ახლადშობილი და გულზე მიირქვა. ამიტომაც ვუწოდებთ მას სვიმეონ ღვთისმიმრქმელს. როდესაც ახალშობილი კვლავ მარიამს დაუბრუნა, სვიმეონმა დალოცა ის და იოსები და იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ჯვარცმა, მისი დედის ცრემლი და მწუხარება.
განწმენდის ყოველგვარი წესის აღსრულების შემდეგ წმინდა ოჯახი ნაზარეთში დაბრუნდა.
ქვემო გალილეაში დაბრუნების შემდეგ ყოვლადწმინდა მარიამმა და მართალმა იოსებ დამწინდველმა მალევე იგრძნეს, რომ ყრმა იესოს სიცოცხლეს საფრთხე ელოდა. ჰეროდემ, შეშინებულმა იმით, რომ იუდეაში კანონიერი მეუფე იშვა, ბრძანა ორ წლამდე ასაკის ყველა ჩვილი მოეკლათ, იმედოვნებდა რა, რომ მათ შორის იქნებოდა ქრისტეც.
მაშინ უფლის ანგელოზი კვლავ ერთხელ ეჩვენა მართლა იოსებს და აუწყა, გასცლოდა ნაზარეთს ღვთისმშობელთან და ყრმა იესოსთან ერთად.
იოსები დაუყოვნებლივ დამორჩილდა, იმავე ღამეს წმინდა ოჯახი ეგვიპტეში გაიქცა. მათ იაკობი, იოსების უფროსი ვაჟი აცილებდა.
არც წმინდა წერილში და არც გადმოცემაში არ არის ცნობები იმის შესახებ, თუ ეგვიპტისაკენ მიმავალი რომელი გზა აირჩია წმინდა იოსებმა. მაგრამ ზოგიერთი მინიშნებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დაადგა უფრო უსაფრთხო გზას, რომელიც იუდეის მთებზე გადის და გაზისკენ, აქედან კი, ვაკე უდაბნოს სანაპირო გზით, ეგვიპტისაკენ მიდის. დიდი შრომისა და განსაცდელის გადატანა მოუხდა წმინდა ოჯახს, მაგრამ სიცივისა და უამინდობის თავშესაფარს ყოველთვის პოულობდნენ.
ცნობილია, რომ ეგვიპტეში შესვლისას წმინდა ოჯახის პირველი განსასვენებელი ადგილი იყო დასახლებაში, რომელსაც მატარიე ერქვა. იოსები იაკობთან ერთად თავშესაფრის საძებრად წავიდა დასახლებაში, ხოლო ღვთისმშობელი ყრმითურთ შესასვლელთან დატოვა - უზარმაზარი ხის ძირას, რომელმაც კენწერო მიწამდე მოდრიკა და ამგვარად სცა თაყვანი თავის შემოქმედს, მის ყოვლადწმინდა დედას და თავისი ჩრდილით მზის სხივებისაგან დაიფარა ისინი. ქვემოთ, ხის ფესვებთან გაჩნდა ნაპრალი, რომელშიც ღვთისმშობელი დაიმალა. ნაპრალში დღემდე ანთია კანდელი, რათა პატივი მიაგონ ყოვლადწმინდა ქალწულს და ყრმა იესოს.
ყრმათა მოწყვეტიდან მცირე ხნის შემდეგ აღესრულა ჰეროდე.
ანგელოსი კვლავ გამოეცხადა იოსებს და უთხრა: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქვეყანად ისრაილისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა“.
იოსებმა წამოიყვანა ყრმა და მისი დედა და კვლავ ისრაელში დაუბრუნდა და დასახლდნენ ნაზარეთში.
წმინდა ოჯახის ცხოვრება ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ
ეგვიპტიდან დარბუნების შემდეგ წმინდა ქალწული ჩვეული საქმით - ლოცვით, კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. ის დაუღალავად შრომობდა. სხვა ნამუშევართა შორის იშვიათი ხელოვნებით მოქსოვა კვართი, რომელიც შემდეგ იესოს მუდმივი სამოსელი გახდა. ეს კვართი იყო მთლიანი, ნაკერების გარეშე და წითელი ფერის.
როდესაც იესო 12 წლისა იყო, ღვთისმშობელი და მართალი იოსები, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში გაემგზავრნენ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად. უკან მობრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ იესო მათთან ერთად არ იყო. შეწუხებულები დაბრუნდნენ ქალაქში და დაუწყეს ძებნა ყრმას. სამი დღის შემდეგ იგი ტაძარში იპოვეს, მღვდელმსახურთა შორის, რომლებიც განცვიფრებულნი იყვნენ მისი გონივრული კითხვებით. ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა წაიყვანეს იესო შინ, ნაზარეთში.
გადმოცემა არაფერს გვიამბობს მათ შემდგომ ცხოვრებაზე. მხოლოდ ეს ვიცით, რომ ნაზარეთში დარბუნებული იესო მარიამის და იოსების სრულ მორჩილებაში იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ მიიცვალა მოხუცებული იოსები. ის ამ დროს ას ათი წლისა იყო. მისი ნეშტი გეთსიმანიის გამოქვაბულში დაკრძალეს.
უფალმა პირველი სასწაული ღვთისმშობლის თხოვნით მოახდინა. ეს კი იყო კანას გალილეაში, სვიმონ კანანელის ქორწილში. სვიმონის ოჯახი ღარიბი იყო, მას ღვინო აღარ ეყო სტუმრებისათვის. ღვთისმშობელს შეებრალა სიძე და თავის ძეს მოკრძალებით თხოვა, შესწეოდა სვიმონს. მართლაც, იესომ წყლით აღავსებინა სარწყულნი, რომლებიც წყალი ღვინით შეიცვალა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველგან თან დაყვებოდა თავის ძეს მისი ამქვეყნიური მქადაგებლობის ჟამს.
მოახლოვდა ჯვარცმის დრო. როდესაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, მისთვის ყველაზე თავდადებული ადამიანები შორს იდგნენ, რადგან გამძვინვარებული ხალხის ბრბო ჯვარს გარს შემორტყმოდა და ახლოს არ უშვებდა. მაგრამ, როცა შუადღისას ცა წყვდიადმა დაჰფარა და ხალხი წავიდა, უფლის თაყვანისმცემლები მის დედას ჯვრისკენ გაჰყვნენ.
მაცხოვარმა იხილა დედის მწუხარება. დედისა, რომელიც ამქვეყნიური მფარველის გარეშე დარჩა და ძედ უკურთხა იოანე მოციქული, რომელმაც წაიყვანა დედა ღვთისა საკუთარ სახლში და როგორც შვილი ზრუნავდა მასზე.
საეკლესიო გადმოცემა მოწმობს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემეგ, უწინარეს ყოვლისა ყოვლადწმინდა დედას მოევლინა. გადმოცემავე გვამცნობს, რომ საფლავად დადების შემდეგ ღვთისმშობელმა მთელი შაბათი და შაბათის წინა დღე საფლავის სიახლოვეს არიმათიელის სახლში გაატარა და აქ აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ყველაზე უწინ მას გამოეცხადა. აღდგომილი მაცხოვარი ყველაზე უწინ იხილა და იცნო ღვთისმშობელმა და იგი მისი მოციქულების მოციქული გახდა.
სახარებაში ნათქვამია, რომ, როდესაც იოსებმა ნიკოდიმოსთან ერთად მისი გვამი საფლავში დადო და შესასვლელი ქვით დაფარა, იქ იმყოფებოდა მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი (მათ. 27, 61). წმიდა მამათა განმარტებით მახარებელი „სხვა მარიამში“ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გულისხმობს.
იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები მარიამთან და სხვა წმინდა დედებთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდნენ. აქ ისინი სიონში, ერთ ქოხში შეიკრიბნენ. ეს სწორედ იქ ქოხია, სადაც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა აღასრულა. აქვე გაჩნდა პირველი ქრისტიანული ტაძარი. ამ ქოხის წინ არის იოანე ღვთისმეტყველის სახლი, რომელშიც უფლის განწესებისამებრ იმყოფებოდა მისი ყოვლადწმინდა.
დიდი დღესასწაულის - ერგასის დღეს ღვთისმშობელი ყველა მოციქულთან ერთად სიონის ქოხში იმყოფებოდა და ნუგეშინისმცემელი სულის მისაღებად ლოცვით ემზადებოდნენ. დღის სამ საათზე ზეციდან მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა - ისეთი, ქარიშხლის დროს რომ იცის და სახლი მთლიანად აივსო, სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით გამოჩნდა და თითოეულ იქ მყოფში დაემკვიდრა. ეს იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებიდან მეათე დღეს მოხდა.
მოციქულები სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე არ მოსდებიან ქვეყნიერებას, იერუსალიმში დარჩნენ მანამ, სანამ ჰეროდე აგრიპამ (44 წ.) ქრისტიანთა დევნა არ დაიწყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე ღვთისმეტყველის სახლს არ სტოვებდა, მოციქულები, რომლებიც იუდეველთა გადარჩენისთვის იღვწოდნენ, დროდადრო ქალაქებსა და სოფლებში მიმოდიოდნენ, მაგრამ ყოველთვის ჩქარობდნენ დაბრუნებას, რათა ღვთისმშობელი ენახათ და მისგან ღვთივსულიერი სიტყვა ესმინათ. იოანე ღვთისმეტყველი გვერდიდან არ სცილდებოდა და თავდადებით ემსახურებოდა. ის პეტრე მოციქულთან ერთად მხოლოდ ერთხელ გაემგზავრა სამარიაში, რათა ახლადმოქცეული ქრისტიანები მოენათლა და იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწულს მის ნეტარ აღსასრულამდე აღარ მოშორებია.
ახლადმოქცეული ქრისტიანები შორეული მხარეებიდან ჩამოდიოდნენ იერუსალიმში, რათა დედა ღვთისა ენახათ და მისთვის მოესმინათ.
როდესაც ქრისტეშობიდან 44-ე წელს ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოციქულებმა ღვთისმშობლის თანხმობით, არჩიეს იერუსალიმს განშორებოდნენ და გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ, თუ ვინ რომელ ქვეყანას აირჩევდა წასვლას სახარების საქადაგებლად. ყოვლადწმინდა ქალწულმაც ისურვა, ამ კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო და წილად ხვდა ივერიის ქვეყანა (საქართველო). ის ივერიაში წამოსასვლელად ემზადებოდა კიდეც, მაგრამ უფლის ანგელოსმა აცნობა, რომ იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რადგან მოახლოებული იყო მისი ამქვეყნიდან გასვლის დრო.
იერუსალიმში ყოფნა ყველაზე დიდი ნუგეში იყო ღვთისმშობლისათვის, ყოველი ადგილი მისი ძისა და უფლის იქ ყოფნით, სწავლებით, ტანჯვითა და სიკვდილით ნაკურთხი, იმდენად მრავლისმეტყველი იყო მისი სულისათვის! ხშირად მიდიოდა ცხოველმყოფელ საფლავთან და მისი გული გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა: აქ დაიფლა იგი, ვითარცა კაცი, აქვე აღსდგა ვითარცა ღმერთი - ყოვლადძლიერი - „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“.
გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანთა მოძულე იუდეველებმა მღველმთავარს აუწყეს, რომ მარიამი, იესოს დედა, ყოველდღიურად გოლგოთაზე დადიოდა, მისი საფლავის წინაშე მუხლს იდრეკდა, ტიროდა და საკმეველს აკმევდა. საფლავის მცველებმა მიიღეს ბრძანება, რომ მარიამისთვის ფხიზლად ედარაჯათ და დაუყოვნებლივ მოეკლათ იგი. უფლის ძალამ დაიცვა ღვთისმშობელი: ის ყოველდღიურად აგრძელებდა საფლავთან სიარულს, თუმცა, ღვთის მადლით, იგი დაფარული იყო მცველების თვალთაგან. ყოვლადწმინდა ქალწულმა არ იცოდა მტრის წინაშე შიში. იგი თან გაჰყვა პირველმოწამე სტეფანეს, როდესაც ის მოსაკლავად წაიყვანეს, გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს, მოწამე მოთმინებაში განემტკიცებინა და სასუფეველში მიეღო.
ქრისტიანთა ძლიერი დევნის დროს, როდესაც იაკობ მოციქული მოკლეს, ღვთისმშობელი ჩავიდა ეფესოში - იმ მხარეში, რომელიც საქადაგებლად იოანე ღვთისმეტყველს ხვდა წილად. გადმოცემაში მოთხრობილია ღვთისმშობლის კვიპროსზე მოგზაურობა, სადაც იგი უფლის მეგობრის, ლაზარეს თხოვნით გაემგზავრა, რომელსაც ბარნაბა მოციქულმა კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ლაზარე წუხდა, რომ დიდი ხნით მოაკლდა უფლის დედის ხილვის სიხარულს. თვითონ გაბოროტებულ იუდეველთა დევნის გამო იერუსალიმში ჩასვლას ვერ ბედავდა. ღვთისმშობელმა წერილი მისწერა ლაზარეს, ანუგეშა, დაჰპირდა, რომ მოინახულებდა და გემის გამოგზავნა სთხოვა. სიხარულით აღვსილმა ლაზარემ გემი დაუყოვნებლივ გაგზავნა. ღვთისმშობელმა და იოანე ღვთისმეტყველმა მორწმუნეთა თანხლებით კვიპროსისაკენ გასცურეს. მცირე სავალიღა იყო დარჩენილი, როდესაც პირქარი გაძლიერდა, გემი საჭეს აღარ დაემორჩილა და სხვა მხარეს გაიტაცა. არქიპელაგის კუნძულებს შორის ქროლვის შემდეგ ის მოულოდნელად სრულიად უვნებელად გაჩერდა ათონის მთასთან.
ელინელები ათონის მთას განსაკუთრებულ სიწმინდედ მიიჩნევდნენ, კერპებითა და ბომონებით იყო იგი სავსე, ყოველივეს აპოლონის მთავარი ტაძარი აგვირგვინებდა. ელინელები აქ ღმერთების თაყვანისსაცემად და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ.
როგორც კი გემი ათონის მთას მიუახლოვდა, კერპებში დამალული ბოროტი სულები ამეტყველდნენ. „აპოლონის მიერ შეცდომილო ადამიანებო, იჩქარეთ კლემენტეს ნავსაყუდელისკენ, რათა მიეგებოთ და შეხვდეთ მარიამს. დიდი ღმერთის - იესოს დედას“. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ წარმართები, როდესაც ღვთივბრწყინვალე ქალწული იხილეს, თაყვანისცეს და დაუწყეს გამოკითხვა, თუ რომელი ღმერთი შვა მან, სად არის იგი და რა ჰქვია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახარებისეული სწავლების ძალა აჩვენა მათ. მისი სიტყვა იმდენად მადლმოსილი იყო, რომ წარმართებმა იქვე განადიდეს ღმერთი და დაუყოვნებლივ ნათლისღება ითხოვეს. ახლადმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად თავისი ერთ-ერთი მხლებელთაგანი დაუდგინა. ახალი ქრისტიანების განსამტკიცებლად ათონზე მან მრავალი სასწაული მოიმოქმედა, როცა გამოთხოვებისას ახლადმოქცეულები უკანასკნელად დალოცა, უთხრა: „დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისაგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი“. ამის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავის მოწაფეებთან ერთად კვიპროსისაკენ გასცურა.
ქალწული მარიამისაგან არანაირი ცნობა რომ არ მიიღო, ლაზარე მეტად წუხდა, მაგრამ სულ მალე უდიდესი სიხარული ეწვია. ბოლოს და ბოლოს მას მიმადლებული სტუმარი იხილა, რომელმაც თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები ჩამოუტანა. ყოვლადწმინდამ ლაზარე ანუგეშა, მორწმუნეები დალოცა და იერუსალიმში დაბრუნდა.
ყოვლადწმინდა ქალწული ისწრაფოდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის დიდებით. იგი კიდევ უფრო მხურვალედ ევედრებოდა თავის ძეს, რაც შეიძლება მალე წაეყვანა მისი სული ზეცაში.
ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ.
ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. ის მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს. ბრძანა, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისათვის აუცილებელი იყო. იოანემ ყველაფერი დაუყოვნებვლივ აცნობა იაკობ მოციქულს - იოსებ დამწინდველის ძეს, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, რომელმაც ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში - ოთხივე მხარეს გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ. როდესაც თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყობდნენ, რომ იგი ზეცაში უნდა გადასახლებულიყო, მწარედ ტიროდნენ, ევედრებოდნენ ყოველთა ნუგეშინისმცემელს, რომ ობლად და უპატრონოდ არ დაეყარა ისინი. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.
ყველაფერი, რაც გააჩნდა, ღვთისმშობელმა ღატაკებს დაურიგა. თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის გამოქვაბულში ისურვა, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ.
როდესაც იგი თავის სურვილებს იოანესა დ იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზედ შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმინდა დედის სურვილი აღასრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა წმინდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადსხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც იგი იმყოფებოდა. უფლის მხილველებსა და მოწაფეებს ებოძათ მადლი, რომ ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას დასწრებოდნენ. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ხარობდნენ და ვერაფრით გაეგოთ, რატომ მოხდა ეს სასწაული. იოანე ღვთისმეტყველი მათ მიეგება და აუწყა, რომ დადგა ღვთისმშობლის უფალთან წასვლის დღე.
ყოვლადწმინდა ქალწული ყველას თავისთან უხმობდა, ეალერსებოდა და აკურთხებდა რწმენისა და იმ შრომისათვის, ქრისტეს ქადაგებისას რომ გასწიეს. ანუგეშებდა და აიმედებდა, რომ ობლად არ მიატოვებდა ქვეყანას და შეისმენდა ყველას ლოცვას - ვინც კი მას მიმართავდა.
ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა - თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას. ღვთისმსობელმა სული თვისი ძის ხელს გადასცა. მაშინ გაისმა ანგელოსთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში.
მოციქულები, რომლებიც ღირს იქმნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცად აღსვლა ეხილათ, თრთოლვით იდგნენ და ცას შესცქეროდნენ, როგორც ოდესღაც უმზერდნენ ამაღლებულ უფალს. ყოველივე მიწიერი დავიწყებოდათ - საკუთარი თავიც კი. როდესაც გონს მოეგნენ, შეხედეს ყოვლადწმინდა სხეულს და დაინახეს, რომ მისი სახე ზეციური ნათლით ბრწყინავდა, მისგან საოცარი კეთილსურნელება გამოდიოდა.
ყველა იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლადწმინდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა.
წმინდა მოციქულები მისი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ამქვეყნიურ განშორებას გლოვობდნენ, მაგრამ ნუგეშს სცემდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი სხეული. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი - წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხი მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ - სიონიდან გეთსიმანიამდე გალობით მიდიოდნენ; მსვლელობის პროცესში - თვით დაკრძალვამდე სხივმფენი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს. ციდან ანგელოსთა გალობა ისმოდა.
ბევრმა ურწმუნო იუდეველმა მოისმინა არაჩვეულებრივი ხმები, ნახა საზეიმო მსვლელობა და ეს ამბავი მღვდელმთავრებსა და მოხუცებულებს აცნობა. ისინი ბრაზითა და შურით აღივსნენ, როდესაც ნახეს, როგორი პატივით მიაცილებდნენ მათ მიერ ჯვარცმული იესოს დედას. იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის გასაფანტად მეომართა რაზმი გაგზავნეს. უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ღვთისმშობლის სხეული კი დაეწვათ. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტმოქმედება. ნათელი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით გარს შემოერტყა. მდევარს გალობისა და ნაბიჯის ხმა ესმოდა, მაგრამ სიბრმავით მოცული ვერაფერს ხედავდა. სიმჭიდროვისაგან ბევრმა მათგანმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებს გზა აებნათ. განსაკუთრებული კადნიერებით ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია იქცეოდა. ძველი შურითა და მტრობით გაგულისებული, იგი სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმინდა ცხედარი ძირს გადმოეგდო, მაგრამ როგორც კი ოდნავ შეეხო, ღვთის უფლის ანგელოსმა ორივე ხელი წარჰკვეთა. მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაცვივდა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა იგი. ძლიერ შეინანა და მოციქულებს პატიებას და შეწევნას თხოვდა. პეტრე მოციქულმა ათონიას უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისათვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გამთელდა და ათონია გამოჯანსაღდა. იდაყვების გასწვრივ მხოლოდ ძაფივით წვრილი წითელი ზოლები შერჩა. ათონია სარეცელის წინაშე დაემხო და თაყვანი სცა უფალ იესოს და მის ყოვლადწმინდა დედას, აქო და ადიდა იგი და მოციქულებს თან გაჰყვა. ბევრმა იუდეველმა, როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, შეინანა და ღვთისმშობლის სარეცელს მიემთხვია, ისინი განიკურნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ. ადამიანთა მოდგმის გულმოწყალე დედამ, როგორც შობით მიანიჭა სიხარული მთელ ქვეყანას, არ ისურვა, რომ თავისი მიძინებით ვინმე დაემწუხრებინა, იგი ყველას შეიწყნარებდა და მტერსაც კი სასოებას აძლევდა.
როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს და მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.
მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ისევე, როგორც ოდესღაც თავისი ეჭვით ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება დაამოწმა. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი.
უძველესი გადმოცემის მიხედვით ქრისტეს აღდგომის შემდეგ ქრისტიანთა ტრაპეზზე უპირველესი ადგილი თავისუფალი რჩებოდა, ამ ადგილას ყოველთვის იყო პურის ნაჭერი, როგორც „წილი უფლისა“ - ქრისტეს პატივსაცემად და მოსახსენებლად. ტრაპეზის შემდეგ ყველა სათითაოდ აიღებდა ამ პურს, ყოვლადწმინდა სამების სახელს მოიხმობდა და ლოცვას ამგვარად ამთავრებდა: „უფალო, იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ“. ამის შემდეგ „ქრისტეს წილს“ დაანაწილებდნენ და იხმევდნენ მას, როგორც უფლისმიერ კურთხევას.
მოციქულები ამ წესს ყოველთვის ასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, მარტო ტრაპეზობდნენ ისინი თუ - სხვებთან ერთად.
ამგვარადვე მოიქცნენ საღამოს ტრაპეზზე - გეთსიმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი სულ ღვთისმშობელზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ და ვერ გაეგოთ, თუ რა დაემართა მის პატიოსან გვამს. ტრაპეზის ბოლოს, როდესაც „ქრისტეს წილი“ აიღეს და ყოვლადწმინდა სამებას განადიდებდნენ, უცებ ანგელოსთა გალობა გაისმა და ცის სივრცეში ყოვლადწმინდა ქალწული იხილეს, მან ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა და გამოუთქმელი დიდებით გაბრწყინებულმა, მიმართა მოციქულებს: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“. გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა ერთად შესძახეს: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ“. ამგვარად წმინდა მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს ურყევი რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.
მოციქულებმა მწუხარეთა ნუგეშინისსაცემად და იქ არმყოფთა დასარწმუნებლად საფლავში დარჩენილი მანტია აიღეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და ძალიან მალე სახარების საქადაგებლად ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში კვლავ გამოჩნდნენ.
ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა.
ღვთისშმობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15(28) აგვისტოა დადგენილი. ის თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი.
გამოყენებული ლიტერატურა:
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“
თბილისი, 2001