ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გარეგნობა და დამახასიათებელი თვისებები

ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმინდა თეოფანესა და წმინდა ნიკოფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა - ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი - საშუალო, ბაგეები - ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო. მასში არ იყო არავითარი სიამაყე, ყველაფერში უბრალოება, ოდნავი მოჩვენებითობის გარეშეც კი. არავითარი განებივრება-გააზიზება, ყველაფერში სრული მორჩილება. ტანსაცმელს ატარებდა უბრალოს, უპირატესობას ანიჭებდა ბუნებრივ ფერებს, ყოველ მის საქმეში ანათებდა ღვთიური მადლი. ასეთი იყო გარეგნობით დედა ღვთისა. საოცარია წმინდა დიონისე არეოპაგელის სიტყვები, რომლებიც მან მისწერა თავის მოძღვარს - წმინდა პავლე მოციქულს: „შენ რომ ჩემთვის არ გექადაგა ქრისტე, მე ყოვლადწმიდა ქალწულს მივიჩნევდი ღმერთად“.

გონება მისი, ღვთიურ საქმეებში, ფლობდა ისეთ სიბრძნეს, როგორიც არავის კაცთაგან არ გააჩნდა. იგი ბავშვობიდან აღიზრდებოდა იერუსალიმის ტაძარში, სადაც განსწავლიდნენ საღმრთო წერილში. ყოვლადწმიდა ქალწულს იმდენად ცხადად და სწორად ესმოდა წმინდა წიგნები, რომ გაოცებაში მოჰყავდა თვით გამოცდილი სჯულისმოძღვარნიც კი. იგი სიბრძნით ბევრად უსწრებდა თავის ასაკს. ყველაფერს, რაც მართებდა ძველი სჯულის მიხედვით და სახარებისეული სჯულით, იგი აღასრულებდა ყოველგვარი სიზუსტით.

ასევე, რა შეიძლება მის უპოვარებაზე უფრო სრულყოფილი იყოს? ასულმა მდიდარი მშობლებისა, უგულვებელყო ყოველივე, რაშიც ნუგეშს ხედავენ ასულნი კაცთანი: მას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ცხოვრობდა იოსებ დურგლის უბადრუკ ქოხში. შემდგომად ჯვარცმისა ძისა თვისისა, არ ჰქონდა თავის მისაყრდენიც კი და იყო ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფის - იოანეს სახლში.

ღვთისმშობლის უბიწოებაზე ასე საუბრობს წმინდა ამბროსი მედიოლანელი: „იგი იყო ქალწული არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც; გულით შემუსვრილი, საუბარში ღვთივგანბრძნობილი, ცოტას ლაპარაკობდა და საუბარშიც იყო უმანკო“.

ყოვლადწმიდა არასოდეს ივიწყებდა ახლობლებს, უყვარდა უცხონიც. წმინდა ამბროსი ამბობს: არავინ გაუნაწყენებია არასდროს, არ იცოდა შეზიზღება, ყველაზე უბადრუკი ადამიანიც კი არ სძაგდა. არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნდა და მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა. უყვარდა თავისი მამული და მისი გული გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა, რადგან უფალმა მოხედა მის ერს - ისრაელს. უყვარდა მტერნიც: როცა მის ძეს ჯვარს აცვამდნენ, მისი ბაგეებიდან არავის არათუ შეურაცხმყოფელი, არამედ მოუთმენელი სიტყვებიც არ  სმენია. წმინდა ეპიფანე და წმინდა ნიკიფორე ამბობენ: ნებისმიერ შემთხვევაში იგი ინარჩუნებდა დარბაისლობას, ძალზედ ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოზე; სიტყვების მისი იყო ტკბილი; სიამოვნებით უსმენდა სხვებს და თითოეულს შესაბამის პატივს მიაგებდა, საუბრისას ყოველთვის კეთილსახიერებას ინარჩუნებდა, არ იცოდა შეცბუნება, ურთიერთობებში იყო მშვიდი და ურისხველი.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. 1. 1990