ვნების კვირა

შავი ოთხშაბათი

აღდგომას წინ უსწრებს ვნების კვირა. ამ კვირაში ქრისტიანები იგონებენ ყველ იმ დღეს, რომელიც ქრისტეს აღდგომას უსწრებდა წინ. თითოეულ დღეს თავისი სახელი აქვს. შავ ოთხშაბათს ვიგონებთ იუდას გამცემლობას. ეს სწორედ ის დღე იყო, როცა ერთ თორმეტ მოციქულთაგანში - იუდაში შევიდა ეშმაკი,  უსმინა მას იუდამ, წავიდა და გასცა თავისი მოძღვარი. იმჟამად იესოზე გაბოროტებული მღვდელმთავრები და ერის წინამძღვრები ეძებდნენ ქრისტეს, რათა მოეკვლათ, არ კი იცოდნენ ღამეს სად ათევდა. და აი, იუდა შეჰპირდა მათ, რომ თუ ოცდაათ ვერცხლს მისცემდნენ, იგი მიიყვანდა იმ ადგილას, სადაც იესო თავისი მოწაფეებით გაათევდა ღამეს. მღვდელმთავრები და ერის წინამძღვრები სიხარულით აღივსნენ და მაშინვე ჩაუთვალეს ხელში ოცდაათი ვერცხლი. აი, ასე ოცდაათ ვერცხლად გასცა იუდამ თავისი ღვთაებრივი მოძღვარი.

ამ ავბედითი დღის მოსაგონებლად ქრისტეს ეკლესიაში ოთხშაბათ დღეს მარხვა დაწესდა და ყოველი ქრისტიანი ამ დღეს სახსნილო საჭმელს არ იღებს (გარდა განსაკუთრებული დღეებისა, როცა ეკლესიაში დიდი დღესასწაულები ახსნილებს მარხვას. ასეთ დღეებს მსგეფსი ეწოდება), რითიც მაცხოვრის ტკივილებისადმი თანაგრძნობას გამოხატავს.

დიდი ხუთშაბათი

დადგა უფუარობის ანუ პასექის დღესასწაული (ეს იუდეური დღესასწაული იყო). იესომ მოციქულები სერობის (პურის ჭამას ნიშნავს) ტაბლის მოსამზადებლად გაუშვა და უთხრა, ვის სახლში უნდა მოემზადებინათ ის. საღამოს, როცა თავის მოწაფეებთან ერთად სერობდა, უფალმა აიღო პირსახოცი, ჩამოუარა თავის მოწაფეებს და ფეხები დაბანა. შემდეგ გაოცებულ მოწაფეებს აუხსნა, რომ ისინიც ასეთი თავმდაბალნი უნდა ყოფილიყვნენ ყველა ადამიანის წინაშე. მერე აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: ეს ჩემი ხორცია, თქვენთვის განტეხილი, ჭამეთ ამიერიდან ჩემს მოსახსენებელად. შემდეგ აიღო ღვინო, ისიც აკურთხა, მოწაფეებს მისცა და უთხრა: ეს ჩემი სისხლია, თქვენთვის დათხეული, ამიერიდან სვამდეთ მოსახსენებელად ჩემდა.

ასე დააწესა უფალმა ზიარების საიდუმლოება, რომელიც დღემდე აღესრულება ტაძარში. ამ დღეს ეკლესიამ საიდუმლო სერობის დღე უწოდა და მის მოსაგონებლად ყველა ქრისტიანი ამ დღეს აღსარებით განიწმინდება და ეზიარება ხოლმე.

წითელი პარასკევი

ზიარება იუდამაც მიიღო, მაგრამ არ დაელოდა სამადლობელ ლოცვებს, რომლებიც სხვა მოწაფეებმა უფალთან ერთად აღავლინეს, არამედ სწრაფად გასწია მღვდელმთავრებისა და ერის წინამძღვრებისაკენ, რომ ჩანაფიქრი აღესრულებინა. მართლაც, ჯარისკაცებთან ერთად მოიყვანა ისინი იმ ბაღში, სადაც იესო ქრისტე და მისი მოწაფეები შეკრებილიყვნენ.

ჯარისკაცებმა ქრისტე შეიპყრეს, მმართველის - პილატეს წინაშე წარადგინეს, მაგრამ მმართველმა ბრალი ვერ უპოვა. მღვდელმთავრებისა და ერის წინამძღვრებისგან წაქეზებული ხალხი კი ყვიროდა: არა, მოკალი, მოკალი ეგ კაციო. პილატემ შესთავაზა: დღეს თქვენი დღესასწაულია და ჩვეულებისამებრ ერთ პატიმარს მიგიტევებთ, გინდათ, რომ ეს იყოს ქრისტე? ხალხი აყვირდა: არა, მოგვიტევე ბარაბა. ეს ბარაბა კი მკვლელი და ავაზაკი კაცი იყო. ქრისტეს რა ვუყო? იკითხა პილატემ. ჯვარს აცვი! იხუვლა ხალხმა. მაშინ პილატემ ხელები დაიბანა და უთხრა მათ: მე ამ კაცში სასიკვდილოს ვერაფერს ვხედავ, ხალხი აყიჟინდა: ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგისი სისხლი. ამის შემდეგ პილატემ გააროზგინა იესო და გადასცა ჯვარზე საცმელად. აჰკიდეს თავისი ჯვარი და იერუსალიმის მახლობლად, გოლგოთის თხემისაკენ წაიყვანეს. ნაცემ, ნატანჯ მაცხოვარს ჯვრის ტვირთვა უჭირდა, ამიტომ შეიპყრეს ერთი კაცი, სახელად სვიმონ კვირინელი და მას აჰკიდეს მაცხოვრის ჯვარი. გოლგოთაზე კი ჯვარი აღმართეს და ზედ მიალურსმნეს ქრისტე.

იმ დღეს უფლის მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარს აცვეს ავაზაკები, ერთი მათგანი სხვებთან ერთად გმობდა იესოს და ეუბნებოდა: თუ ნამდვილად მაცხოვარი ხარ, რატომ არ გადმოხვალ ჯვრიდან და იხსნი საკუთარ თავსაც და ჩვენცო? მეორე ავაზაკმა გააჩუმა იგი და უთხრა: როგორ არ გეშინია ღვთისა, განა არ იცი, რომ ჩვენ ჩვენი ცოდვებისათვის ვიტანჯებით, ეს კი უდანაშაულოაო? შემდეგ მიუბრუნდა მაცხოვარს და სთხოვა: უფალო, მომიხსენე, როცა დიდებით დაბრუნდები დედამიწაზე. მაშინ ქრისტემ უპასუხა: შენ დღეს ჩემთან ერთად იქნები სასუფეველში.

ამის შემდეგ მაცხოვარმა ილოცა და განუტევა სული. მეყვსეულად იძრა საშინლად მიწა, მზე დაბნელდა, საფლავები გაიხსნა, აღდგენენ მიცვალებულები, რომლებიც შევიდნენ ქალაქში და ადიდებდნენ ღმერთს. ჯვარცმასთან იდგნენ რომაელი მხედრებიც, რომლებიც ჯვარცმულებს დარაჯობდნენ. როდესაც მათ იხილეს ყოველივე, თქვეს: ნამდვილად ძე ღვთისა იყო იგი.

ქრისტეს ჰყავდა ერთი ფარული მოწაფე, დიდგვაროვანთა წრიდან - იოსებ არიმათიელი. იოსებმა არად ჩააგდო მღვდელმთავრებისა და მათგან წაქეზებული ხალხის რისხვა, პილატეს ეახლა და ქრისტეს გვამი გამოსთხოვა. მმართველმა მისი დაფვლის ნება დართო. მაშინ იოსებმა და სხვა მოწაფეებმა გარდამოხსნეს ჯვრიდან უფლის გვამი, სცხეს მური და ნელსაცხებლები, გაახვიეს ტილოებში და იქვე მახლობლად აკლდამაში დაასვენეს.

მღვდელმთავრებმა და ერის წინამძღვრებმა ეს რომ შეიტყვეს, მმართველს უთხრეს: იმ კაცმა ასე თქვა, რომ მესამე დღეს აღვდგებიო. შენ კი დაბეჭდე მისი საფლავი, რომ მოწაფეებმა მისი გვამი არ მოიპარონ და შემდეგ არ თქვან, რომ აღსდგა. პილატემ უპასუხა: თქვენ თვითონ დაიცავით, როგორც გინდათო. მაშინ იუდეველებმა თვითონ დააყენეს ჯარისკაცები საფლავთან, რომელიც უზარმაზარი ლოდით ჩაგმანეს.

ამ დღის მოსაგონებლად ქრისტიანები ოთხშაბათთან ერთად პარასკევსაც მარხულობენ და ამით გამოხატავენ თანალმობას მაცხოვრის მიმართ.