ვნების შვიდეული

სააღდგომო მარხვას მოებმის ვნების კვირა (შვიდეული), რომელსაც შემდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოჰყვება. ამ კვირას ვნებისა იმად ეწოდება, რომ ვიხსენებთ, როგორ ეწამა ჩვენთვის იესო ქრისტე. ვნების შვიდეულში ეკლესიაში ყოველდღე განსაკუთრებული მსახურება სრულდება და საგანგებო ლოცვები იგალობება.

თავისი მნიშვნელობის გამო ვნების შვიდეულის თითეულ დღეს ეწოდება „დიდი“. ასე მაგალითად, დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი და ა.შ.

ორშაბათსა და სამშაბათს ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს უკანასკნელ საუბრებს ხალხთან და მოწაფეებთან. ოთხშაბათს კი იუდას ღალატს.


დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობა

დიდი ხუთშაბათი წმინდა ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეა, რადგან ამ დღეს იესო ქრისტემ პირველად აზიარა თავისი მოწაფეები. ამის მოსაგონებლად ქრისტიანები ცდილობენ ყოველ დიდ ხუთშაბათს მიეახლონ წმინდა ზიარებას. დიდი ძალა აქვს ამ დღეს მიღებულ ზიარებას... მიღებულს არა მხოლოდ შესანდობელად ცოდვათა ჩვენთა, არამედ განსამტკიცებელად მომავალი კეთილი, სულიერი ცხოვრებისა ჩვენისა. დიდ ხუთშაბათს ყველა ანთებული სანთლებით დგას ტაძარში და ისმენს თორმეტ ნაწყვეტს სახარებიდან. ეს ნაწყვეტები მოგვითხრობენ იმაზე, თუ როგორ ეწამა და გარდაიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე.

დიდ პარასკევს ლიტურგია (ანუ წირვა) არ სრულდება. შუადღეს (სამ საათზე) ტაძარში გამობრძანებენ „გარდამოხსნას“. ეს არის დიდი ხატი, რომელზეც გამოსახულია ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტე. ცდილობენ, ეს ხატი, რაც შეიძლება უკეთ შეამკონ ყვავილებით, თაყვანს სცემენ მას მიწამდე და ეამბორებიან.


გარდამოხსნის ხატი

ახლოვდება აღდგომა. დიდ შაბათს ღვთისმსახურება უფრო „მხიარულია“. წირვის დასასრულს ყველა შავი შესამკობელი თეთრითა და ოქროსფერით იცვლება. იესო ქრისტე სხეულით ჯერ არ აღმდგარა, მაგრამ მან უკვე დაამარცხა სიკვდილი. ყველა წმინდა ადამიანს, რომელიც მანამდე გარდაიცვალა, მან ახალი ცხოვრება, ანუ სასუფეველი მიანიჭა. 

გამოყენებული ლიტერატურა:
„საბავშვო საეკლესიო კალენდარი“
2002 წელი