თბილისის მფარველები


ვახტანგ გორგასალი

100 000 ქართველი მოწამე

წმიდა შუშანიკ დედოფალი

წმიდა აბო თბილელი

თბილისობა მოგვიახლოვდა. მალე ჩვენს დედაქალაქში შემოდგომის მადლი შემოაბიჯებს თავისი უზღვავი ბარაქით დატვირთული ხურჯინით; თბილისის ქუჩებში გამოჩნდებიან კახური სიდინჯით, იმერული თავაზიანობით, ქართლური სიდარბაისლით, მესხური სიბრძნით, მეგრული სტუმარ-მასპინძლობით განთქმული ქართველები. სახელდახელოდ გაკეთებულ სცენებზე ვიხილავთ აჭარულ განდაგანას, ხორუმსა თუ მთიულურს. რა იზიდავს თბილისში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ხალხს? რა თქმა უნდა, სიყვარული. თბილისი ხომ საყვარელი დედაქალაქია.


ღირსი დავით გარეჯელი

წმიდა ევდემოზ კათალიკოსი

წმიდა ამბროსი (ხელაია)

წმიდა კირიონ II

თბილისმაც საქართველოს ყველა კუთხის შვილი - კახელი, ქართლელი, მესხი, იმერელი, გურული, აჭარელი, მეგრელი, რაჭველი, საქართველოს მთის მკვიდრნი სიყვარულით უნდა ჩაიკრას გულში იმიტომ, რომ დედაქალაქი ისევე ეკუთვნის თითოეულ მათგანს, როგორც თბილისელებს.

  „საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო
და თბილისი - შიგ ჩასმული ბადაღში...“
 

ასე უმღეროდნენ ქართველი პოეტები ჩვენს საყვარელ ქალაქს. თბილისი ღვთივკურთხეული ქალაქია. მას ხომ უამრავი წმიდანი მფარველობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი დედაქალაქი წმიდა მეფე ვახტანგ დიდმა გორგასალმა დააარსა და სამეფო ტახტი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. ქრისტიანობისათვის აქ ეწამნენ და განისვენებენ წმიდა დედოფალი შუშანიკი და წმიდა აბო თბილელი. ჯალალედინის დროს ასი ათასი თბილისელი შეეწირა ქრისტიანული სარწმუნოების დაცვას, ისინი ზეციურ საქართველოში არიან და იქიდან ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქისათვის.

თბილისს ზემოდან მამადავითის ეკლესია გადმოჰყურებს, რომელიც წმიდა დავით გარეჯელმა ააგო. ქვაშვეთის ტაძარიც მის სახელთანაა დაკავშირებული. წმიდა დავით გარეჯელი დიდხანს მოღვაწეობდა ჩვენს დედაქალაქში და თბილისის მფარველ წმინდანად ითვლება.

თბილისში ბევრი წმიდანი განისვენებს - წმიდა ევდემოზ კათოლიკოსი (ანჩისხატი), წმიდა იოანე მანგლელი, წმიდა ამბროსი აღმსარებელი, წმიდა მღვდელმოწამე კირიონი (სიონი).

ბავშვებო, ხედავთ, რამდენი წმიდანი მფარველობს ჩვენს დედაქალაქს? მის მფარველ წმიდანებს უნდა შევთხოვოთ დაიცვან და მფარველობა არ მოაკლონ თბილისს და ისინი აუცილებლად შეეწევიან ჩვენს საყვარელ ქალაქს.

გილოცავთ თბილისობას.

კახა კაპანაძე

„საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№17(33). 2004წ. 22 ოქტომბერი