თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა
წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი

უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა, იროდ ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას ამხელდა უსჯულოებაში: იროდიმ დატოვა საკუთარი მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი -ჰეროდიადა შეირთო ცოლად.

ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, იროდიმ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა იროდი. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ იროდისაგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. იროდი დიდად დამწუხრდა, მას ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისათვის ღვთისაგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელთაც ძალიან უყვარდათ იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.

უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მოართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა იროდი: შენ არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ იროდის ეზოსმოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.

წმინდა წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ იროდი ერთხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას, მაგრამ ღვთის რისხვა იროდის, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე როკვა მოინდომა, შუა როკვისას ყინული ჩატყდა და სალომეა მდინარეში ჩავარდა, თავი კი ზემოთ დარჩა. აჩქარებულმა მდინარემ სალომეას ტანი თავს მოწყვიტა. მისი გვამი ვეღარ იპოვეს, თავი კი, როგორც ერთ დროს წმინდა წინასწარმეტყველ იოანესი, დედას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისათვის იროდის წინააღმდეგ გაილაშქრა. იროდი დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და იროდი ჰეროდიადასთან ერთად უფსკრულში დანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები მარხულობენ, რათა ერთგვარი თანალმობა გამოხატონ უფლის წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემელისადმი.

გამოყენებული ლიტერატურა:
„წმინდანთა ცხოვრება“, ტ. III