ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის მშობლებმა იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ
გასჩენიათ. ისინი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, რომ შვილი მიეცა, თან აღთქმა
დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა
მათი ლოცვა და ასული უბოძა.
როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება მღვდლებთან ერთად. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მასზე ყრმა თავისით ვერ ავიდოდა, რადგან საფეხურები ძალიან მაღალი იყო, მაგრამ როცა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან დანარჩენი თოთხმეტი საფეხურიც სწრაფად აირბინა და ტაძარში შევიდა. ღვთის შთაგონებით, მღვდელმთავარმა ქალწული წმიდათა წმიდათაში შეიყვანა, იქ, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა ხოლმე, ისიც წელიწადში ერთხელ.
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, ხელსაქმობდა, უვლიდა სნეულებს, გაჭირვებულებს თავის ულუფას უზიარებდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ხელითა ანგელოზისათა“.
მარიამი იყო პირველი დედათა შორის, ვინც თავი უფალს მიუძღვნა და, ღვთის მადლით, მაცხოვრის დედად შეიქმნა.
გამოყენებული ლიტერატურა:
„წმინდანთა ცხოვრება“, ტ. IV