![]()
![]()
![]()
ნანა ჩარკვიანი
სულთმოფენობის დღეს ტაძრები მწვანედ მორთული გვხვდება ხოლმე. ბალახითაა მოფენილი იატაკი, მინდვრის ყვავილებითაა გამშვენებული ხატები. ჩვენც ყვავილების თაიგული გვიჭირავს ხელში.
თითქოსდა გაზაფხულმა ბაღებიდან და მინდვრებიდან ტაძარში შემოაბიჯაო. სინამდვილეში, გაზაფხული ეკლესიიდან ეფინება დედამიწას, თითოეულ ჩვენგანს. როგორ? - იკითხავთ თქვენ. აი, როგორ: ყოველი გაზაფხულის მოსვლა დიდი სასწაულია. ასე არ არის? ზამთრის უსიცოცხლო მიწიდან ბალახი ამოიწვერება, ან გაშეშებულ ხეებს პატარა კვირტები გამოეზრდებათ, მერე კი ყვავილებით იფარებიან, ისეთი გრძნობა გვიჩნდება, თითქოს დიდ საიდუმლოს ვესწრებით. გვიკვირს, საიდან ჩნდება ასეთი სილამაზე?
ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერს სიცოცხლე ღმერთმა მიანიჭა და ბუნება თითქოს ყოველ წელს გვახსენებს ამას. რასაც ღვთის სული ეხება, ყველაფერს აცოცხლებს და ამშვენებს. უსულოდ ყველაფერი კვდება, ადამიანიც, სამყაროც.
სულთმოფენობას, ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ღმერთმა სულიწმიდა მოუვლინა მოციქულებს. და ისინიც, მართლაც, ხელახლა დაიბადნენ. ისეთი ძალით, ისეთი სიხარულით აღივსნენ, რომ გალობა დაიწყეს და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ამ სიხარულს ვეღარ იტევდნენ, ქალაქიდან ქალაქში დაიწყეს სიარული და ქადაგება. ისინი ყველას ახარებდნენ ქრისტეს მოძღვრებას. სულთმოფენობა ეკლესიის დაბადების დღეა. ეკლესია სულიწმიდის მადლს ყველას, ვისაც სურვილი აქვს, უნაწილებს.
ბევრი ადამიანი სიცოცხლეს მხოლოდ სიმდიდრის, ძალაუფლების მოპოვებაში, სხვებთან შეჯიბრებაში ხარჯავს. ჩვენ, ქრისტიანები კი ეკლესიაში ვსწავლობთ რწმენის მოპოვებას და მის განაწილებას სხვებისთვის. ეს ყველაზე მთავარია, რადგან სწორედ ღვთის სულს მოაქვს ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ბედნიერება, ნამდვილი სიხარული; და ეს სიხარული ერთმანეთის დახმარებით და სიყვარულით მრავლდება.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№11(27). 2004წ.
28 მაისი