მირქმა, მიგებება

იესო ორმოცი დღისა გახდა. ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ის იერუსალიმის ტაძარში, უფლის წინაშე წარსადგენად წაიყვანეს. მოსეს რჯულის - ძველი აღთქმის თანახმად, მშობლებს თავიანთი პირველი ვაჟი ღმერთისათვის უნდა მიეძღვნათ, და ტაძრისთვის შესაწირავი შეეწირათ - ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. ამ დროს მშობელი მადლობდა ღმერთს მიცემისათვის და აღიარებდა, რომ ბავშვს მხოლოდ თავისთვის კი არ გაზრდიდა, არამედ ღვთის კეთილი საქმეების აღსასრულებლად.

ყრმა იესო თავად ღმერთია. ეს ღვთისმშობელმაც იცის, ამას იოსებიც გრძნობს, მაგრამ ემორჩილება და აღასრულებს ადამიანებისთვის დადგენილ წესებს, სჯულს. ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო ძველი აღთქმის კანონების ბოლომდე შესრულება. ერთადერთი, ვინც ყოველივე აღასრულა, იესო ქრისტეა, ამიტომ იესო მეტს გვასწავლის, ვიდრე ძველი კანონები. ის ჯერ ემორჩილება რჯულს, ასრულებს მას, რათა შემდეგ უფრო მაღალი მცნებები მოგვცეს, რაც მანამდე ვერც კი წარმოედგინა კაცობრიობას, რისი გამოგონებაც არავის შეეძლო.

და აი, ჩვილ იესოს ტაძარში შეეგება ღრმად მოხუცებული სვიმეონი, „კაცი მართალი და მოშიში უფლისა“, რომელიც მოელოდა მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას. ცნობილია, რომ სვიმეონი ძალიან განსწავლული ადამიანი იყო. იგი ბიბლიის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნიდა. როცა მაცხოვრის სასწაულებრივი შობის შესახებ წინასწარმეტყველებაზე უნდა დაეწერა, სვიმეონმა მოინდომა წმიდა წერილის ტექსტის შეცვლა. ამის უფლება, ცხადია, არავის აქვს. თუმცა ეს რჯულის მცოდნე მოხუცს თავხედობით ან თავდაჯერებულობით არ მოსვლია. ეს იმიტომ მოხდა, რომ მის ადამიანურ გონებას არ შეეძლო წარმოედგინა ღვთის განკაცების ასეთი დიდი სასწაული, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა სვიმეონი და აუწყა, რომ იგი მანამდე არ მოკვდებოდა, ვიდრე არ იხილავდა სასწაულებრივად განკაცებულ ღმერთს.

იმ დღიდან სვიმეონის ცხოვრება იქცა ღმერთკაცის მოლოდინად. მან ძალიან დიდხანს იცოცხლა და ბოლოს მოხუცის მოლოდინი გამართლდა.

იერუსალიმის ტაძართან, სადაც უამრავი ხალხი ირევა, სადაც უამრავ დედას მოუყვანია თავისი პირმშო, პირველი ვაჟი ღვთის წინაშე წარსადგენად, მირბის მოხუცი წინასწარმეტყველი სვიმეონი, რათა შეეგებოს მას, ვისაც ამდენ ხანს ელოდა. და ის ერთ-ერთ ყრმაში ცნობს ღმერთს, დედამისში კი - ღვთისმშობელს. მოხუცს ხელში აჰყავს ჩვილი იესო (მირქმა სწორედ მიგებებას, ხელში აყვანას ნიშნავს). მოხუცი ჩვილს მეუფედ აღიარებს, ხოლო საკუთარ თავს - მის მონად. ცხოვრების მიზანი მიღწეულია - სვიმეონი შეხვდა ღმერთს, მეტიც, ღირსი გახდა ხელში აეყვანა ის, ვის წინაშეც ძრწიან „ძალნი ცათანი“, ანგელოზები.

ამ დღეს ტაძარში მოვიდა წინასწარმეტყველი ანაც. ეს იყო მოხუცებული ქალი, რომელიც დღედაღამ იერუსალიმის სიახლოვეს მარხვითა და ლოცვით გულწრფელად ემსახურებოდა ღმერთს. ისიც ღირსი გახდა, მიჰგებებოდა უფალს, პატარა ბავშვში მაცხოვარი დაენახა, ყველასთან ელაპარაკა მასზე. ამიტომაც სახარება მას წინასწარმეტყველს უწოდებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ჩვენი სარწმუნოება“
გამომცემლობა „დილა“
თბილისი, 2004