![]()
ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცაში ამაღლების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა, რათა ქრისტეს მოწაფეები გასაჭირში გაემხნევებინა, რწმენაში განემტკიცებინა. ის ორმოცდაოთხი წლისა გარდაიცვალა. მიძინების დღესასწაული, როგორც ჩვენში ამბობენ, სწორედ ღვთისმშობლის გარდაცვალების დღეა.
ღვთისმშობლის გარდაცვალება იმდენად უჩვეულო იყო, რომ მას სიკვდილს ვერც კი უწოდებენ, მას მიძინება ჰქვია.
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, როგორც ჯვარზე გაკრულმა იესომ დაუბარა, იოანე მოციქულის სახლში ცხოვრობდა. ღვთისმშობელს ჩვეულებად ჰქონდა იმ ადგილების მონახულება და მოლოცვა, სადაც იესო ჯვარს აცვეს, იმ საფლავისა, საიდანაც ის მკვდრეთით აღსდგა, საიდანაც ზეცად ამაღლდა.
და აი, ზეთისხილის მთასთან, იერუსალიმის მახლობლად, ღვთისმშობელს ლოცვის დროს გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა, სამოთხის პალმის რტო მიართვა და ამცნო, რომ სამ დღეში ის მარადიულ სამყოფელში, ზეცაში უნდა გადასახლებულიყო. სამოთხის მარადმწვანე რტო - ესაა მარადახალგაზრდა, დაუბერებელი სიცოცხლის ნიშანი. და მარიამიც არამიწიერი სიხარულით აღივსო. ის სთხოვს იესოს, შეუსრულოს სურვილი და უკანასკნელად ანახოს უფლის თორმეტივე მოციქული. მათგან ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იყო წასული საქადაგებლად, ნაწილი კი უკვე გარდაცვლილიყო.
იოანეს სახლში, რომელიც იერუსალიმში სიონის მთაზე იდგა, უამრავი ხალხი შეიკრიბა. ყველა ტიროდა, რადგან ძალიან უჭირდათ ღვთისმშობელთან განშორება. ის ყველას ლოცავდა, აკურთხევდა და აიმედებდა, რომ არასოდეს მიატოვებდა და ქრისტეს წინაშე იქნებოდა მათი შუამდგომელი, მათი ზეციული მფარველი და შემწე.
აქვე მოიყარეს თავი მოციქულებმა. პეტრე რომიდან, განთიადისას, პავლე არიმათიიდან, იოანე ეფესოდან, როცა წირვისათვის ემზადებოდა, მარკოზი ალექსანდრიიდან, ზიარების შემდეგ, იაკობი იერუსალიმიდან, როცა დავითნს კითხულობდა, მათე აბობოქრებული ზღვიდან, ნავში მჯდომარე, ბართლომე თებედან, როცა ხალხს ქრისტეს მცნებებს უქადაგებდა, ხოლო ანდრია, იაკობი, ფილიპე, ლუკა და სვიმონი სამოთხიდან სასწაულებრივმა ძალამ აიტაცა და მოიყვანა ღვთისმშობლის მიძინების დასასწრებად.
ღვთისმშობელმა მოციქულები დალოცა და სთხოვა, რაც კი ებადა - ორი კაბა და რამდენიმე ნივთი გადაეცათ იმ ქვრივებისა და ქალწულებისათვის, რომლებიც სიყვარულით და მოწიწებით ემსახურებოდნენ მას. ახლოვდებოდა სამი საათი, როცა დედა ღვთისა მარადიულ საუფლოში უნდა გადასულიყო. მან ისურვა სანთლები აენთოთ და საკმეველი ეკმიათ, იაკობ მოციქულის ხელით უკანასკნელად ეზიარა და მიწვა მისთვის განმზადებულ სარეცელზე. ყველა იქ მყოფი ქებისა და დიდების საგალობლებს უგალობდნენ ღვთისმშობელს და მისგან ამქვეყნად შობილ ღმერთს. მის მისაგებებლად ზეციდან ჩამოვიდნენ გაბრიელ მთავარანგელოზი, დავით მეფე, აბრაამი, ისააკი და იაკობი, მართალი სვიმეონის და იოანე ნათლისმცემელი.
ამ დროს სახლი აავსო არაჩვეულებრივმა ნათელმა, რომელმაც ყველაფერი დაჩრდილა. მაცხოვარი, გარშემორტყმული ანგელოზთა გუნდებით, თავისი ღვთაებრივი დიდებით ზეციდან გარდამოვიდა, რათა საკუთარი დედის სული პატივითა და სიყვარულით სასუფეველში მიეცილებინა.
ღვთისმშობელმა სთხოვა უფალს, ისე გაეტარებინა სიკვდილის კარიბჭე, რომ ბნელეთის მთავარნი, ანუ ბოროტი ანგელოზები, ჯოჯოხეთის საშინელება არ ენახა. ასევე შეევედრა, რომ მოციქულები და ყოველი, ვინც უფლის სახელს მოიხსენებდა, შეეწყალებინა და ეკურთხებინა.
„აჰა, დედაო ჩემო, - უპასუხა უფალმა, - ყოველი მადლი, რაც გამაჩნია, შენი არს, ყოველი დაბადებული შენი მადიდებელი იქნება, და რასაც ითხოვ, ყოველივე შეგისრულდება“.
ანგელოზთა გალობაში მიიძინა დედაღვთისამ. თავისი ხელით აიყვანა უფალმა ღვთისმშობლის სული და მარადიულ ნათელში აამაღლა.
როცა საოცარი სანახაობა თვალს მიეფარა, მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა სხეულს , რომელიც უმშვენიერეს სურნელებას აფრქვევდა, ნელსაცხებლები აპკურეს, ტილოში გაახვიეს და ანთებული სანთლებით, საკმევლის კმევითა და გალობით, გეთსიმანიის ბაღის სიახლოვეს, გამოქვაბულში გადაასვენეს. იქვე იყვნენ დაკრძალული მისი მშობლები იოაკიმე და ანა, ასევე იოსებ დამწინდველი. მსვლელობას ნათელი ღრუბელი ედგა თავს, წინ იოანე მიუძღოდა, რომელსაც სამოთხის რტო ეჭირა. ღვთისმშობელს უამრავი მორწმუნე მიაცილებდა.
შურით აღვსილმა იუდეველთა მღვდელმსახურებმა მეომრები გაგზავნეს, რათა ქრისტეს მიმდევარნი დაერბიათ და წმიდა ნეშტი დაეწვათ. ერთი ყველაზე გაბოროტებული ურწმუნო იუდეველი, სახელად იოფანე, ისე გათავხედდა, რომ სარეცლისაკენ გაიქცა, რომელზეც ღვთისმშობელი განისვენებდა და მისი გადმოგდება დააპირა. იმავე წამს უგუნურს ხელები მოეკვეთა.
იუდეველებმა იხილეს სასწაული და შეშინდნენ. თუკი ხელები ისევ გაუმრთელდება, თქვენს ღმერთს ვიწამებთო, უთხრეს მოციქულებს. მოციქულებმა ილოცეს ღვთისმშობლისა და ღვთის მიმართ და მოკვეთილი ხელები იოფანეს ისევ გაუმრთელდა.
|
|
ურწმუნონი გონს მოეგნენ, მოინანიეს და ქრისტეს მიმდევარნი გახდნენ, მათ შორის იყო იოფანეც. ყველა, ვინც რწმენითა და კრძალვით თაყვანს სცემდა ღვთისმშობლის სხეულს, იკურნებოდა.
ღვთისმშობლის სხეული მოციქულებმა აკლდამაში დაკრძალეს, დიდი ლოდით დაგმანეს და სამი დღე არ მოშორებიან. ისინი საგალობლებითა და ლოცვით გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულსა და მადლიერებას ღვთისა და მისი დედისადმი.
მესამე დღეს გამოჩნდა თომა მოციქული, რომელიც ვერ დაესწრო ღვთისმშობლის მიძინების სასწაულს. იქ მყოფმა მოციქულებმა გადააგორეს საფლავის ლოდი, რათა თომასაც ეცა თაყვანი ღვთისმშობლის ცხედრისათვის, მაგრამ სამარხი ცარიელი დაუხვდათ. აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო.
იმავე საღამოს, ტრაპეზზე, პურობისას, მკვდრეთით აღმდგარი ღვთისმშობელი გამოეცხადა მოციქულებს და ახარა: „გიხაროდენ, მე თქვენთან ვიქნები ყოველთვის“.
ღვთისმშობლის მიძინების დღეა 28 აგვისტო (ახალი სტილით). ეს დღე მოციქულებმა დღესასწაულად დააწესეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალი
„დილა“
„ჩვენი სარწმუნოება“, წიგნი II
თბილისი, 2004