მადლმოსილი ცეცხლი

ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად ხარობს ცა და დედამიწა.

იერუსალიმში აღდგომის ტაძარში ღამის ლიტანიობაზე ზეციდან წმიდა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, როგორც ქრისტეს აღდგომის ნიშანი და მახარობელი. იერუსალიმის ამ წმიდა ტაძარში შიგნით არის მოქცეული სწორედ ის გამოქვებული, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი დაასვენეს. გამოქვაბულის ადგილზე მცირე ზომის ეკლესიაა აგებული. აღდგომა ღამეს იერუსალიმის პატრიარქი მარტო შედის ამ პატარა ტაძარში და ლოცულობს. სამღვდელოება და მორწმუნეები კი გარეთ დგანან და ცეცხლის გადმოსვლას ელიან.

რამდენიმე წუთში იელვებს ცისფერი ნაპერწკლები და საფლავის ქვაზე წინასწარ მომზადებული კანდელი თავისით ინთება. პატრიარქს ხელში უჭირავს საგანგებოდ მომზადებული, ერთად შეკრული 33 კელაპტარი (იესო ქრისტე 33 წლისა აცვეს ჯვარს). პატრიარქი ანთებს კელაპტრებს და ზეციური ცეცხლი მორწმუნეებთან გამოაქვს.

პირველი 10 წუთის განმავლობაში ცეცხლი არავის წვავს. იგი შეგიძლია მიიტანო სახესთან, მიადო ხელი და არ დაგწვავს, რადგან ის ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, 10-15 წუთის შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებებს იძენს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ზეციური წარმოშობისაა.

იერუსალიმიდან ზეციური მადლმოსილი ცეცხლი ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ჩააქვთ. საქართველოშიც, ყოველწლიურად იერუსალიმიდან კანდელით ჩამოაბრძანებენ ხოლმე ღვთაებრივ ცეცხლს. ეს კანდელი საპატრიარქოში ინახება. მისგან ანთებული კანდელი სიონის ტაძრის საკურთხეველშიც ანთია.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№4. 2003წ. 25 აპრილი