
ოდესღაც სოფელ ბეთანიაში ცხოვრობდნენ და-ძმანი: ლაზარე, მართა და მარიამი. იესო ქრისტეს ძალიან უყვარდა ისინი.
ერთხელ ლაზარე ავად გახდა. დებმა კაცი გაუგზავნეს უფალს და დააბარეს: ჩვენი ძმა ავად არის, მობრძანდი და განკურნეო. უფალმა ანუგეშა იგი და უკან გაუშვა, თვითონ კი თავის მოწაფეებთან დარჩა.
გავიდა ორი დღე. უფალმა ყველაფერი იცის და ისიც იცოდა, რომ ლაზარე გარდაიცვალა და გადაწყვიტა, მის გასაცოცხლებლად წასულიყო.
მოწაფეებმა დაუშალეს: ნუ წახვალ იქ, რადგან მტრებს შენი მოკვლა უნდათო. იესომ გაამხნევა ისინი: ნუ გეშინიათ, ვინც სიმართლის გზით ივლის, არაფერი დაუშავდებაო და მათთან ერთად გაეშურა კეთილისაქმის აღსასრულებლად ბეთანიაში. იქამდე ორი დღის სავალი გზა იყო.
ლაზარეს სახლში მისი დების სანუგეშებლად მრავალ ადამიანს მოეყარა თავი.
ერთ-ერთმა დამ, მართამ, როცა გაიგო, იესო მოდისო, სირბილით გამოეგება მას და შესჩივლა: აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო.
ქრისტემ პასუხად მიუგო: ვისაც ჩემი სწამს, არასოდეს მოკვდებაო.
ცოტა ხნის შემდეგ მეორე და, მარიამი გამოჩნდა, ფეხებში ჩაუვარდა უფალს და ტირილი დაიწყო.
იესოს გული აუჩვილდა და თვითონაც აცრემლდა. შემდეგ საფლავთან მივიდა. ლაზარე გამოქვებულში ესვენა და გარედან დიდი ქვა ჰქონდა მიფარებული.
უფალმა ბრძანა: ლოდი გადააგორეთო.
მიცვალებულის დამ უპასუხა: უფალო, უკვე ყარს, რადგან ოთხი დღეა, რაც გარდაიცვალა. ქრისტემ გაამხნევა, თუ გწამს ღმერთი, სასწაულს იხილავ.
შემდეგ კი ილოცა და ხმამაღლა შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“
უფლის ბრძანებაზე მიცვალებული მართლაც გაცოცხლდა, თითქოს ეძინა და გაიღვიძაო და საფლავიდან დღის სინათლეზე გამოვიდა. მისი სხეული სახვევებით იყო შეკრული, უფალმა ბრძანა, გაეხსნათ იგი. როცა გახსნეს, ლაზარემ დაინახა გაოცებული დები და ახლობლები, რომლებიც გახარებულები მორბოდნენ მისკენ. მათ ზურს უკან უფალი იდგა, ლაზარეს მხსნელი და აღმდგენელი.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№3 2003წ.
18 აპრილი