ქრისტეს ჯვარი - რომაელთა მიერ მოგონილი, ყველაზე სასტიკი და დამამცირებელი სასჯელის იარაღი - ჩვენი უმთავრესი და უდიდესი სიწმიდეა, რადგან ღმერთის ძალით ის იქცა თავმდაბლობის, თავგანწირვისა და სიყვარულის, უკვდავების იარაღად.
მაგრამ მაცხოვრის ჯვარი სამი საუკუნე დაფარული იყო კაცთათვის, მისი თაყვანისცემა, მისგან მაცოცხლებელი ძალის მიღება არავის შეეძლო. ის მიწით იყო დაფარული, აღარავის ახსოვდა მისი ადგილსამყოფელი, რადგან იერუსალიმი დაინგრა, დამარხული ჯვრის თავზე კი წარმართული ტაძარი აშენდა.
IV საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილებს წარმართი თანამმართველი იმპერატორები განაგებდნენ, მათ შორის იყო კონსტანტინე, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა ქრისტიანთა დევნაში. დიოკლეტიანე იმპერატორის კარზე კონსტანტინეს ხშირად უნახავს ქრისტიანთა წამება, იგი დარწმუნდა მათ სიმართლეში, კეთილშობილებასა და უშიშრობაში.
312 წელს კონსტანტინეს წინააღმდეგ გალაშქრება მოინდობა მაქსენციუსმა, რომელიც სიხარბის, უზნეობისა და ავხორცობის გამო, ხალხს სძულდა. მაქსენციუსის ლაშქარი ბევრად აღემატებოდა კონსტანტინესას. კონსტანტინე საგონებელში იყო ჩავარდნილი. ბრძოლის წინ მან და მისმა ჯარმა საოცარი ჩვენება იხილეს: ზეცაზე გამოისახა ნათლის ჯვარი წარწერით - „ამით სძლიე“. ყველა შეშინდა, რადგან რომაელებისათვის ჯვარი სასიკვდილო ნიშანი იყო. ღამით იმპერატორს სიზმარში იესო ქრისტე ეჩვენა ჯვრით ხელში. მან კონსტანტინეს უთხრა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად მებრძოლებისათვის წინ ჯვარი უნდა წარემძღვარებინა.
კონსტანტინემ ქრისტიანი ეპისკოპოსები იხმო და დაწვრილებით შეიტყო ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. შემდეგ ბრძანა დაემზადებინათ ოქროს ჯვარი და ძვირფასი ქვებით შეემკოთ. ამასთან, ყველა მეომრის შუბსა და მუზარადზე ჯვარი გამოასახვინა. მოხდა სასწაული: უთანასწორო ბრძოლაში კონსტანტინემ გაიმარჯვა.
იმპერატორმა გადაწყვიტა, თავისი მეფობა და ძალაუფლება ქრისტეს განსადიდებლად გამოეყენებინა. 313 წელს ქალაქ მედიოლანში (დღევანდელი მილანი, იტალია) მან გამოსცა ედიქტი (ბრძანება), რომლის მიხედვითაც ყველა რელიგიის მიმდევარს, მათ შორის ქრისტინებს, უფლება ჰქონდა თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი ღვთისმსახურება. ქრისტიანებისათვის უნდა დაებრუნებინათ წართმეული ქონება და გაეთავისუფლებინათ ისინი ყოველგვარი გადასახადისაგან.
კონსტანტინემ განიზრახა, მაცხოვრის ჯვარცმის ადგილზე, გოლგოთის მთაზე ტაძარი აეგო და მოეძებნა მაცხოვრის ჯვარი. ამ მიზნით მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, დედოფალი ელენე. იერუსალიმში დარჩენილ 3000 ებრაელში დედოფალმა სჯულის მცოდნენი გამოარჩია და ჯვრის ადგილი გამოჰკითხა. მათ შორის აღმოჩნდა კაცი, სახელად იუდა, რომელიც თავიდან დიდ უარზე იდგა, მაგრამ ბოლოს გამოტყდა, რომ იცოდა, სად იყო დაფლული ქრისტეს ჯვარი.
გათხარეს ეს ადგილი, მაგრამ იქ სამი ჯვარი ნახეს. იერუსალიმის პატრიარქსა და დედოფალს სწამდათ, რომ მაცხოვრის ჯვარი სასწაულებრივ ძალას გამოაჩენდა. ამიტომ სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესამე ჯვრის შეხებით გარდაცვლილი აღდგა მკვდრეთით და უფლის დიდება იწყო, ამავე ჯვრით განიკურნა ავადმყოფი ქალი. ასე იპოვეს მაცხოვრის ჯვარი. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო, იმ ადგილას უამრავმა ქრისტიანმა მოიყარა თავი. ყველას სურდა მაცხოვრის ჯვრის თაყვანისცემა, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო, ეს შეუძლებელი გახდა. ამიტომ პატრიარქმა აღამაღლა ჯვარი, რომ ყველა მორწმუნეს შესძლებოდა მისი დანახვა. მომხდარმა ძალიან იმოქმედა იუდაზე, რომელიც თავიდან მტრულად იყო განწყობილი ქრისტიანობისადმი, იგი მოინათლა და შემდგომში ეპისკოპოსიც კი გახდა.
გოლგოთასთან ახლოს მდებარეობს აკლდამა, სადაც მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა. ამ ადგილას კონსტანტინეს ბრძანებით აიგო ტაძარი, რომლის კურთხევის მეორე დღეს, 326 წლის 14(27) სექტემბერს ჯვართამაღლების, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული დაწესდა. მას შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ჯვართამაღლების სახელზე ტაძრებიცაა აშენებული.
გამოყენებული წყარო:
საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალი „დილა“
„ჩვენი სარწმუნოება“, წიგნი II
თბილისი, 2004