ჩვენი
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ღვთისმშობლის შობა უდიდესი დღესასწაულია, რადგან,
რომ არა ღვთისმშობლის თანხმობა, გამხდარიყო ღვთის დედა, არ განკაცდებოდა ღმერთი, არ
აღსრულდებოდა უდიდესი სასწაული: ადამიანთა გამოხსნა და გათავისუფლება უცოდინრობისა
და უსიყვარულობისაგან, ცოდვისა და სიკვდილისაგან.
მრავალი წელი ელოდნენ ღვთისაგან შვილის მიცემას მარიამის მშობლები იოაკიმე და ანა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოხუცებულები იყვნენ, მათ არ დაუკარგავთ ღვთის იმედი.
იოაკიმე დავითის სამეფო გვარის შთამომავალი იყო, ანა ლევიტელთა ტომს ეკუთვნოდა. ლევიტელებს ტაძარში მსახურება ევალებოდათ.
იოაკიმე და ანა მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი არცთუ მცირე შემოსავლიდან ნაწილს ტაძარს სწირავდნენ, ნაწილს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, ხოლო დანარჩენს თავისთვის იტოვებდნენ. ერთადერთი, რაც მათ ბედნიერებას აკლდა, იყო უშვილობა.
ერთხელ
იოაკიმე იერუსალიმში დღესასწაულზე იყო წასული მსხვერპლის შესაწირად. მღვდელმთავარმა
არ მიიღო მისი მსხვერპლი: ალბათ შვილი იმიტომ არ გეძლევა, რომ რაღაც გაუმხელელი
ცოდვა გაქვს, ამიტომ შენ არა ხარ ღირსი, სხვებთან ერთად შესწიროო მსხვერპლი.
იოაკიმემ ძალიან განიცადა ეს, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე და ღამე ტირილსა და ლოცვაში გაატარა. იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს შვილის მიცემას.
ქმრის ამბავი ანამაც შეიტყო. იგი კიდევ უფრო განიცდიდა უშვილობას, რადგან ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ბაღში სალოცავად გასულმა ანამ ხის ტოტებში ჩიტის ბუდე დაინახა, რომელშიც ბარტყები ისხდნენ და ტირილით აღმოხდა: „ყველა სულდგმული საკუთარი შვილებით ხარობს. ერთადერთი მე ვარ უნაყოფო და უსიცოცხლო, შეისმინე ჩემი ლოცვები, უფალო, მომეცი შვილი“.
ღმერთმა ისმინა მართალი ცოლ-ქმრის ლოცვა. მათ ანგელოზი გამოეცხადათ და ახარა, რომ ღმერთი მათ გამოუგზავნიდა შვილს, რომლისთვისაც მარიამი უნდა დაექმიათ, და რომ ყველა ადამიანი გადარჩენას მისგან მიიღებდა. გახარებული ანა სასწრაფოდ გაეშურა იერუსალიმისაკენ, ოქროს კარიბჭესთან მას გახარებული იოაკიმე შეეგება. მათ მსხვერპლი შესწირეს ტაძარში და ღმერთს აღთქმა დაუდეს, რომ ქალიშვილს მას შესწირავდნენ.
|
|
21 სექტემბერს პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა გოგონა, რომელიც შემდეგ მთელი კაცობრიობის დედა, ღვთისმშობელი უნდა გამხდარიყო. |
გამოყენებული წყარო:
საყმაწვილო-ლიტერატურული ჟურნალი „დილა“
„ჩვენი სარწმუნოება“, წიგნი II
თბილისი, 2004