მამა გაბრიელი (1929-1995)
ბავშვობაში მამა გაბრიელი (ურგებაძე) დაჯდებოდა ხოლმე და კენჭებით „ეკლესიებს“ აგებდა. ერთხელ გაიგო, რომ არსებობს წიგნი ჯვარცმულ ქრისტეს ცხოვრებაზე. შეაგროვა ფული და ნავთლუღის ბაზარში წიგნის საყიდლად წავიდა. ბაზარში ერთ წიგნით მოვაჭრე მოხუცს გადააწყდა. ქრისტეს ცხოვრებაზე მინდა წიგნიო, - უთხრა ბიჭმა. „ეს არის შენი სასურველი წიგნი“, - უპასუხა მოხუცმა და წიგნი მიაწოდა. მიდის ვასიკო (ასე ერქვა მამა გაბრიელს ერისკაცობაში) შინ. წიგნს დახედა - „სახარება“ აწერია. იფიქრა, ნეტავ ხომ არ მომატყუა იმ კაცმა და „ქრისტეს ცხოვრების“ მაგივრად „სახარება“ ხომ არ მომცაო. მიბრუნდა ბაზარში, მაგრამ მოხუცი იქ აღარ დახვდა. იქვე მდგომმა სხვა მოვაჭრეებმა კი უთხრეს, ასეთი აქ არც არავინ გვინახავსო.
![]()
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი (1846-1920)
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, როცა ლუკმა-პურის საშოვნელად ქალაქში წასვლა და მუშაობა მოუწია. ძალზე უჭირდა. ერთხელ ბავშვური გულწრფელობით გადაწყვიტა, უფლისთვის წერილი მიეწერა, რომელშიც წერდა: „ჩემო ქრისტე, მე არც წინსაფარი მაქვს, არც ფეხსაცმელი, გთხოვ, გამომიგზავნო. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ!“ წერილი კონვერტში ჩადო და წააწერა: „უფალ იესო ქრისტეს ზეცაში“ და ფოსტისაკენ გასწია. გზად მეზობელი შემოხვდა. როცა გაიგო, რომ ბიჭი წერილის გაგზავნას აპირებდა, შესთავაზა, მაინც იქით მივდივარ და მაგ წერილს მე გაგიგზავნიო. გახარებული ბიჭი შინ დაბრუნდა. ის იყო წერილი საფოსტო ყუთში უნდა ჩაეგდო, რომ მოულოდნელად მეზობელმა უცნაურ მისამართს მოჰკრა თვალი - „უფალ იესო ქრისტეს ზეცაში“ - ცდუნებას ვეღარ გაუძლო და წერილი გახსნა. მისმა შინაარსმა კაცი ძლიერ შეძრა. გადაწყვიტა, ბიჭისთვის მაშინვე წერილი მიეწერა. კონვერტში ფულიც ჩადო და ბიჭს გაუგზავნა. „უფლის პასუხი“ რომ მიიღო, ანასტასიმ (ასე ერქვა ერისკაცობაში წმინდა ნექტარიოსს) მაშინვე ახალი წინსაფარი, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი შეიძინა.
წმინდა ონოფრე დიდი (IVს.) სპარსეთის მეფისწული იყო. უფლის ბრძანებით, ის ბავშვობიდანვე მონასტერში მიაბარეს. შვიდი წლის რომ შესრულდა ონოფრე, მონასტრის ბერები ერთი სასწაულის მოწმენი გახდნენ. მონასტრის მნე ბავშვს დღეში ერთხელ თითო ნაჭერ პურს აძლევდა. ერთხელ ერთმა ბერმა შემთხვევით დაინახა, რომ ონოფრე ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა და ფეხისწვერებზე შემდგარი ღვთისმშობლის კალთაში მჯდომ ყრმა იესოს პურს უწვდიდა, თან ეუბნებოდა: „აიღე ჩემი პური და შეჭამე, შენც ჩემსავით პატარა ხარ, მაგრამ მნე პურს არ გაძლევს, გეშიებაო“. ყრმა იესომაც გამოუწოდა ხელი და პური აიღო.
გაოგნებულმა ბერმა ნანახი სხვა ბერებს უამბო, მაგრამ არავინ დაუჯერა. არც მნემ დაიჯერა და წინამძღვარს შეატყობინა. წინამძღვარმა უბრძანა, აღარ მიეცა მეორე დღეს ონოფრესათვის პური.
- დღეს შენთვის პური აღარ დამრჩა... წადი და იესოს გამოართვი, აი, იქ, ხატზე რომ არის... - უთხრა მნემ ბავშვს მეორე დღეს.
ონოფრე მორჩილად მიტრიალდა და ხატთან მიირბინა. ბერები ჩუმად გაჰყვნენ და სუნთქვაშეკრულნი დაელოდნენ, რა მოხდებოდა. პატარა ონოფრე ხატს მიუახლოვდა, პირჯვარი გადაიწერა და მიმართა:
- მნემ დღეს პური არ მომცა, აღარ დარჩაო... ასე მითხრა, იესოსთან მიდი და ის მოგცემსო... გთხოვ, პაწია ნატეხი მაინც მომეცი, თორემ უკვე ძალიან მომშივდა.
მაშინ ხატიდან იესომ ხელი გამოუწოდა და საუცხოო პური გადასცა, პატარა ნატეხი კი არა - იმხელა იყო, რომ ბავშვმა ძლივს მიიტანა წინამძღვართან. მთელი მონასტერი ერთხმად ადიდებდა უფალს.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „კარიბჭე“, №7, 2005
„საკვირველი ამბები წმინდანთა ცხოვრებიდან“, 2005