ღირსი ზაბულონი და ღირსი სოსანა
წმიდა ნინოს მშობლები

წმიდა ზაბულონი და სოსანა წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ.

წმიდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში. მისი მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს ზაბულონი რომში ჩავიდა და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური. მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს მან ფრანგთა მეფე და მისი მთავრები შეიპყრო და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა ტყვეებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

წმიდა ზაბულონის ქადაგებით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს სთხოვა, შეესრულებინა სიკვდილმისჯილთა ბოლო სურვილი. იმპერატორი დათანხმდა. ნათლობის შემდეგ ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა. იმპერატორმა მათი სიცოცხლეც მიჰმადლა წმიდა ზაბულონს.

წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს. ამიტომ იგი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. ამის შემდეგ წმიდა ზაბულონი იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ღვთისმოშიშ და ბრძენ ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში დაბრუნდნენ, სადაც მათ შეეძინათ ქალიშვილი - ნინო.

როდესაც ნინო თორმეტი წლისა გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა იუბენალ პატრიარქისაგან კურთხევა აიღო და სამოღვაწეოდ უდაბნოში წავიდა, ხოლო წმიდა სოსანა გლახაკებსა და უძლურებს ემსახურებოდა.

1996 წლის 10(23) დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, წმიდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისა და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის წმინდათა დასში შეირაცხნენ და ეწოდათ ღირსი მამა ზაბულონი და ღირსი დედა სოსანა. მათი ხსენების დღედ კი დადგინდა 20 მაისი (ახალი სტილით 2 ივნისი), წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის მეორე დღე.

გამოყენებული წყარო:
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“