წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი)

(+1609)

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი მოღვაწეობდა XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისში. ამ დროს მძიმე დღეში იყო საქართველო. ოსმალეთი და ირანი ერთამენეთს ეცილებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებს. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.

ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს, უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.

ოსმალებმა სწაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მიადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დანგრევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ რომელ გზას დასდგომოდნენ.

მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისაგან. თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. მან კი, ნეტარმა ხუცესმა, აირჩია სიკვდილი, ვიდრე  გაცემა მეფისა და გაწირვა საქართველოსი. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა ძნელად სავალ, ვიწრო დაკლდოვან გზაზე მრავალი ცხენი და კაცი გადაიჩეხა და მოწყდა, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. შეიპყრეს ხუცესი და აკუწეს. წმიდა თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.