წმინდა დედოფალი შუშანიკი

(+475)

წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. ისინი ქრისტიანები არ იყვნენ, ღმერთად ცეცხლს აღიარებდნენ, ამიტომ მათ სარწმუნოებას ცეცხლთაყვანისმცემლობა ეწოდებოდა.

ვარსქენმა განიზრახა, უფრო დაახლოებოდა სპარსეთის სამეფო კარს და პეროზ სპარსთა მეფეს ეახლა, უარყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, თანაც მეფეს შეჰპირდა, რომ ქართლში დაბრუნებული საკუთარ ცოლ-შვილსა და მთელ ქართლსაც მათ რჯულზე მოაქცევდა.

ქართლს მოახლოებულმა ვარსქენმა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში მოციქულები გაგზავნა, რათა ქვეშევრდომები შესაფერისი პატივით მიგებებოდნენ პიტიახშს. დედოფალი შუშანიკი ადრევე ხედავდა მეუღლის გულგრილობას და გამოგზავნილებს დაეკითხა, ჭეშმარიტი ღმერთი ხომ არ უარყვიაო ჩემს ქმარს. როდესაც ვარსქენის განდგომა შეიტყო, მწარედ ატირდა. ამის შემდეგ შუშანიკმა სასახლე დატოვა, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და თავი ეკლესიას შეაფარა. იქ გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს და თავის შვილებს ავედრებდა. საღამოხანს კი ეკლესიის მახლობლად მდებარე სახლისაკენ გასწია.

გულდამწვარი დედოფალი მისმა სულიერმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა და გააფრთხილა: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, სჯობს მასთან შეჯახებას მოერიდოო. ამაზე წმიდა შუშანიკმა მიუგო, რომ ურჯულო და მოღალატე ვარსქენთან ცხოვრებას სიკვდილი ერჩია.

სამი დღის შემდეგ პიტიახში ცურტავში ჩავიდა. იგი მეუღლის გადაბირებას შეეცადა, მაგრამ შუშანიკმა მტკიცე უარი შემოუთვალა. განრისხებულმა ვარსქენმა შუშანიკს თავისი ძმა ჯოჯიკი და ეპისკოპოსი აფოცი გაუგზავნა, რომ დედოფალი სასახლეში დაებრუნებინათ. მაგრამ შუშანიკს სასახლეში დაბრუნება არ სურდა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა ნებით დაბრუნებულიყო. დედოფალმა აიღო წმიდა სახარება, წმინდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და ერთ სენაკში ჩაიკეტა.

ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს მოღალატე ვარსქენთან ერთად ჭამა არ სურდა, მან ჯოჯიკის ცოლს მოწოდებულ ჭიქაზე ხელი აუკრა და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესათვის წამების სურვილი. გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად სცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოგლიჯა ხელიდან. ვარსქენის ბრძანებით შებორკილი დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯები დაუყენეს.

დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურებს უბრძანა, არავინ შეეშვათ მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა.

შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა ნაგვემი შუშანიკი იხილა, მწარედ ატირდა. ხუცესს სურდა, ჭრილობებიდან სისხლი ჩამოებანა მისთვის, მაგრამ დედოფალმა არ დაანება: ამ სისხლმა ხომ ჩემი ცოდვებისაგან უნდა გამწმინდოსო.

ვარსქენმა შუშანიკს თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა და ამით დედოფლობის პატივი აჰყარა... ამასობაში დადგა დიდმარხვა. წმიდა შუშანიკი კვლავ ეკლესიასთან მდებარე პატარა სენაკში გადასახლდა და მთელი ორმეოცი მარხვა-ლოცვაში გაატარა.

მარხვის შემდეგ ვარსქენმა დედოფალი კვლავ ცემით წაიყვანა სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვი დაადებინა და საპყრობილეში ჩააგდო.

ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა საპყრობილეში. ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ ლოცულობდა, მარხულობდა და კეთილ საქმეებს აღასრულებდა. უფალმა მის ლოცვას მაკურნებელი ძალა მიანიჭა, დედოფლის ლოცვით იკურნებოდნენ სნეულნი, უშვილონი. წმიდა შუშანიკმა კეთროვანი სპარსიც კი განკურნა და მართალ სარწმუნოებაზეც მოაქცია. წმიდა დედოფალს უდიდეს ტკივილს აყენებდა შვილების გაურჯულოება, რადგან მრისხანე და დაუნდობელმა მამამ მუქარით აღიარებინა მათ ცეცხლთაყვანისმცემლობა.

წმიდა შუშანიკი დღითი დღე სუსტდებოდა, ჭრილობებისაგან განვითარებული სნეულება უმძაფრდებოდა, ბოლოს, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ყველა დალოცა და ითხოვა, იმ ადგილას დაესაფლავებინათ, სადაც ურჯულო ვარსქენმა პირველად გამოათრია. შემდეგ ილოცა და სული უფალს შეჰვედრა.

VI საუკუნეში წმიდა შუშანიკ დედოფლის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს, სადაც დღემდე განისვენებს.

იაკობ ხუცესმა, წმიდა შუშანიკის სულიერმა მოძღვარმა, „შუშანიკის წამებაში“ ზედმიწევნით აღწერა თავისი სულიერი შვილის მოწამეობა და ღვაწლი. ეს ნაწარმოები იმითაცაა აღსანიშნავი, რომ ის უძველესია ქართული ლიტერატურის შემორჩენილ ძეგლთა შორის.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“