![]()
წმინდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III ასული ბალენდუხტი შეირთო ცოლად, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფლები და აგარაკები უბოძა და თავის სარდლად დანიშნა.
ვახტანგ მეფე ეკლესიის გაძლიერებისათვის იღწვოდა, საქართველოში ჩამოაყალიბა საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებლობა მოუპოვა, სამეფოდან გააძევა სპარსელები და მაზდეანთა სამლოცველოები დახურა.
მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსეთის მეფემ პეროზმა დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსაკენ. ვახტანგ გორგასალმა ციხე-ქალაქები გაამაგრა და თვითონ მცხეთაში დადგა ჯარით.
მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.
ომში თავი ისახელა ახოვანმა და გამოცდილმა მებრძოლმა, ვახტანგ მეფის სარდალმა რაჟდენმა. განრისხებულმა პეროზმა ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი. ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს. პეროზმა დიდად განიხარა მისი შეპყრობით და ცდილობდა ისევ ცეცხლთაყვანისმცემლობაზე მოექცია. რაჟდენმა მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ პეროზმა ლიქნა დაუწყო და დიდ პატივსა და სიმდიდრეს შეჰპირდა, მაგრამ წმინდანი ვერ გატეხა.
განრისხდა ურჯულო მეფე და ბრძანა, სასტიკად ეცემათ სარდალი. ჯალათებმა რაჟდენი ცემეს, კბილები ჩაულეწეს, ციცაბო კლდეზე ათრიეს, შემდეგ დასისხლიანებულსა და ძალაგამოცლილს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
დილეგში ჩაგდებული წმინდანი ბევრს ევედრებოდა ღმერთს, მიეცა მისთვის ძალა მოთმინებისა, რომ არ ეღალატა ქრისტიანობისათვის. სპარსელები საპყრობილეშიც ბევრს ეცადნენ მის გადაბირებას, მაგრამ ვერ შეძლეს.
რაჟდენის დატყვევებისა და წამების ამბავი მალევე შეიტყვეს მცხეთაში. პეროზ მეფეს ქართველი დიდებულები ეახლნენ და რაჟდენის მცირე ხნით გათავისუფლება სთხოვეს. პეროზმა რაჟდენს უკან დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და მცხეთაში გაუშვა.
რაჟდენი პირველად მეფეს ეახლა, მეფემ დიდად განიხარა მისი ნახვით. მთელი სახლეული ხარობდა, რადგან რაჟდენის დაბრუნებას არავინ ელოდა. შინ დაბრუნებულ მოწამეს ცოლი შეევედრალ: ობლად ნუ დაგვტოვებ, აასრულე პეროზის ნება, თავიც იხსენი და ჩვენც აგვაშორე განსაცდელსო. ცოლს რაჟდენმა რბილად უსაყვედურა: რატომ ცდილობ ჩემს შეცდენას, როგორც ევა, რად მთავაზობ, მარადიული ნეტარება წარმავალ, განხრწნად სიკეთეებზე გავცვალო.
რამდენიმე ხნის შემდეგ რაჟდენი ყველას გამოეთხოვა და უკან დაბრუნდა. პეროზი კიდევ ერთხელ შეეცადა მის გადაბირებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. განრისხებულმა პეროზმა რაჟდენი წრომში დაბანაკებულ სარდალს გაუგზავნა და შეუთვალა, ისე ეწამებინათ, რომ მისი სხეული დასამარხადაც არ ვარგოდესო.
წრომში მყოფ სარდალს ადრევე გაეგონა რაჟდენის მამაცობის შესახებ და თავიდან მანაც მისი გადაბირება სცადა, მაგრამ ამაოდ. მაშინ თქვა: რადგან ჯცარცმულის იმედი და რწმენა აქვს, სწორედ ასე ვაწამოთო. გამოუტანეს განაჩენი, აღმართეს ჯვარი და გააკრეს ზედ წმინდანი. მოწამის ბოლოს სიტყვები იყო: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“.
ღამით იქაურმა ქრისტიანებმა მოიყვანეს მღვდელი, წმინდანი ჯვრიდან გარდამოხსნეს და მისი გვამი ფარულად მიწას მიაბარეს.
რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში მშვიდობა დამყარდა. ვახტანგ მეფემ წმინდა რაჟდენის სხეული წრომიდან ნიქოზში გადაასვენა და ნიქოზის საკათედრო ტაძარში დაკრძალა, სადაც დღემდე განისვენებს. წმინდა ვახტანგ გორგასალმა მოწამის სახელობის ეკლესიები ააგო უჯარმასა და სამგორში.
წმინდა რაჟდენი იწოდება პირველმოწამედ, რადგან იგი იყო საქართველოში პირველი, ვინც ქრისტიანობისათვის აწამეს. წმინდა რაჟდენი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა და მისი ხსენების დღედ 3(16) აგვისტო დაადგინა.
გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“