წმიდა პეტრე კათალიკოსი (V)

წმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათალიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI საუკუნის დასაწყისამდე განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო კათალიკოსთა დინასტიას საქართველოში.

წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწაფეთაგან “ და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას.

ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში გაგზავნა მოციქული თავისი საცოლის, პეტრესა და სამოელის ჩამოსაყვანად და თან შეუთვალა, რომ მომავალი კათალიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი სასწრაფოდ გამოეგზავნათ. კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათალიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათალიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმიდა პეტრე კათალიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმიდა კათოლიკოსი და წმიდა მეფე ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებით მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად, რამაც საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის სიყვარული და ერთგულება წარმოშვა.

წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათალიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმიდა პეტრემ მიიღო წმიდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“
თბილისი, 2004 წ.