![]()
კონსტანტი კახი დაიბადა 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. ზედწოდება კახი კი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა. კონსტანტი კახი ძალიან მდიდარი იყო, მას არამარტო საქართველოსა და საერთოდ, კავკასიაში, საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ. ქართველი დიდებული ღვთისმოშიშებითა და ქველმოქმედებით გამოირჩეოდა.
ერთხელ კონსტანტი კახი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. იქ იგი მრავალ ეკლესია მონასტერს ეწვია, კურთხევა მიიღო მეუდაბნოე მამებისაგან, უამრავი სიმდიდრე შესწირა ტაძრებს და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა სამშობლოში. მას შემდეგ ყოველ წელს იქაური წმინდა ადგილებისათვის ოცდაათიათას ვერცხლს აგზავნიდა.
853-854 წლებში ქართლს არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი შემოესია ბუღა-თურქის წინამძღოლობით. კონსტანტი კახი თავის ვაჟთან ერთად ქართლის კარს ჩაუდგა სათავეში. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბებსა და ქართველებს შორის. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტერმა კონსტანტი და მისი ძე ტყვედ ჩაიგდეს.
ბუღა-თურქმა კონსტანტი საპყრობილეში ჩააგდებინა, მოგვიანებით კი სამარაში გაგზავნა ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, რომ კონსტანტი მეტად გავლენიანი პიროვნება იყო, ამიტომ თავაზიანად მოიკითხა და შემდეგ ქრისტიანობის უარყოფა მოთხოვა. ხოლო თუ არ დამემორჩილები, - უთხრა ხალიფამ, - სიკვდილს მიგცემ. კონსტანტი კახმა მხნედ მიუგო: ამას არასოდეს ვიზამ, რადგან წმიდა სამებაა ჭეშმარიტი ღმერთი. მისი უარყოფა კი სულიერ, სამუდამო სიკვდილს მიმაახლებსო. განრისხებულმა ჯაფარმა წმინდანი დილეგში ჩააგდებინა. ცოტა ხნის შემდეგ კი გამაჰმადიანებული სომხები მიუგზავნა, იქნებ გადმოიბიროთო. მაგრამ კონსტანტიმ მათაც უარი განუცხადა. მაშინ ხალიფამ გამოაყვანინა ქართველი დიდებული და საშინლად აწამებინა. კონსტანტი კი მთელი ამ ხნის მანძილზე მხურვალედ ლოცულობდა უფლისადმი. განრისხებულმა ჯაფარმა ჯალათებს მისთვის თავის მოკვეთა უბრძანა. ეს მოხდა 10 (23) ნოემბერს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს.
ხალხის დასაშინებლად წმინდანის გვამი მაღალ ძელზე დაკიდეს, მერე კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.
ამ დიდი მოწამის ხსნებების დღე 10(23) ნოემბერს აღესრულება.
გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“