![]()
ეს ამბავი მოხდა მეექვსე საუკუნეში, სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში. მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა სოფელი კოლა, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. მათი შვილები მთელი დღეები ერთად თამაშობდნენ. საღამოს კი, როცა ეკლესიის ზარები ჩამოჰკრავდნენ, ქრისტიანთა ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. მათ აედევნებოდნენ ხოლმე წარმართთა შვილებიც, მაგრამ წარმართ ბავშვებს ეკლესიაში არ უშვებდნენ, რადგან ქრისტიანულად მონათლულები არ იყვნენ. წარმართთა ბავშვებს ძალიან აინტერესებდათ, რა იყო ქრისტიანობა. ამიტომ მათ ქრისტიანმა მეგობრებმა უქადაგეს სახარება. წარმართმა ყრმებმა გადაწყვიტეს ქრისტიანულად მონათლულიყვნენ, რადგან ძალიან მოეწონათ ეს სარწმუნოება და თავიანთი მეგობრების ცხოვრების წესიც ხიბლავდათ.
ქრისტიანმა ბავშვებმა წარმართი მეგობრები მღველთან მიიყვანეს მოსანათლად. მღვდელი წარმართთა რისხვას არ შეუშინდა, ბავშვები ღამით მდინარეზე ჩაიყვანა, ჩააყენა ცივ წყალში და ნათელი სცა. მოხდა სასწაული: როდესაც ბავშვები წყალში ჩადგნენ, წყალი გათბა და ყრმებმა უფლის ანგელოზები იხილეს. ახლადმონათლულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების გაქრისტიანების ამბავი, მიცვივდნენ ეკლესიაში, ბავშვები ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით გამოათრიეს ტაძრიდან და სახლებში წაიყვანეს.
მშობლები შვილებს აიძულებდნენ, კერპებისათვის შენაწირი მსხვერპლიდან ეჭამათ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და ასე შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსმელ-უჭმელნი იყვნენ. როდესაც ვერც მუქარამ და ვერც მოფერებამ ვერ გაჭრა, განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყველაფერი უამბეს. მთავარმა უპასუხა: ეგენი თქვენი შვილები არიან და როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო. მაშინ გაბოროტებულმა მშობლებმა შვილებს ქვებით ჩაქოლვა გადაუწყვიტეს. იქ, სადაც ბავშვები მოინათლნენ, დიდი ორმო ამოთხარეს და შვილები შიგ ჩაყარეს. ბავშვები ამ დროს სულ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და მზად ვართ, დავიხოცოთ ქრისტესთვისო“. მშობლებმა ქვები აიღეს და პირველებმა დაუშინეს ორმოში ჩაყრილ ბავშვებს, შემდეგ სხვა წარმართებმაც დააყარეს ქვები, რომლებიც მშობლებთან ერთად მოსულიყვნენ ყრმების ჩასაქოლად. მათ ორმო მთლიანად ამოავსეს ქვებით. არ დაინდეს არც მღვდელი: ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს, გაძარცვეს და ნაძრცვი თვითონ დაინაწილეს.
მაგრამ უფალმა, ჩვენმა ზეციურმა მშობელმა, არ დაუკარგა ღვაწლი ყრმებს. მათ საუკუნოდ დაუმკვიდრა ადგილი ცათა სასუფეველში, ხოლო დედამიწაზე კი, მის ეკლესიაში, დადგინდა 9 კოლაელი ყრმის ხსენება, რომელიც აღესრულება ძველი სტილით 22 თებერვალს / ახალი სტილით 6 მარტს.