ღირსი იოანე ჭიმჭიმელი (იგივე პეტრიწი), ფილოსოფოსი

(XIII საუკუნე)

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ ცნობები ძალიან მწირია. ცნობილია, რომ იგი მოღვაწეობდა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე, იყო დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი მოიხსენიებს ფილოსოფოს იოანე ჭიმჭიმელს, როგორც წმინდა დემეტრე მეფის შესახებ მოთხრობისა და შესხმის ავტორს.

იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. პეტრიწონის მონასტერში მან ოცი წელი იღვაწა. მაგრამ, როგორც თვითონ აღნიშნავს, თავისუფალი ფილოსოფიური აზროვნების გამო, რაც არ იყო მისაღები მონასტრისათვის, იგი იძულებული გამხდარა, მონასტერი დაეტოვებინა და თავშესაფარი სხვაგან ეძებნა. პეტრიწონში ყოფნისას მან თარგმნა რამოდენიმე თხზულება, მათ შორის, თეოფილაქტე ბულგარელის მიერ განმარტებული მარკოზისა და ლუკას სახარებები.

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას - იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.

მოსე ჯანაშვილი „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ წმინდათა ცხოვრებანი“,
„პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში“, თბილისი, 2001